“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
„სახლში მეხუმრებიან, ხურჯინი და ძაღლი გაკლია სრული იმიჯისთვისო.. .“
კოვიდ-პანდემიამ ყველაზე მეტად ქართული სტუმართ-მასპინძლობა დააზარალა. ამაში, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში დავრწმუნდით. ვეღარც ვოცნებობთ სტუმრების მიღებასა და 31 დეკემბრის ღამის 10 საათიდან დილამდე ქეიფზე. ვერც დილით შეაჩერდებით კარებს, აბა, ვინ შემოაღებს, ვინ გახდება მეკვლე, შემდეგი წლის განმავლობაში რომ გადავაბრალოთ ჩვენი წინსვლა თუ უიღბლობა.
მეკვლეობის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომელს თამილა ლომთათიძეს ვთხოვეთ განმარტება, რაზეც წინასაახალწლო სამზადისის მიუხედავად, ადვილად დაგვთანხმდა. ამასთან, შევეხმიანეთ მეკვლედ ცნობილ ადამიანებს, რომელთა საუბრის ჩანაწერსაც ამავე წერილში შემოგთავაზებთ.
-ქალბატონო თამილა, ახალი წლის წინ ყველა ითხოვს რაღაც რიტუალის შესრულებას. . .
-დიახ, ახალ წელს მთელ მსოფლიოში ასრულებდნენ გარკვეულ რიტუალს, რომლის დანიშნულება მომავალი წლის იღბლიანობის უზრუნველყოფა იყო. ჩვენთან, ამ რიგის ტრადიციას განეკუთვნება „მეკვლეობა“, რომელიც მთელ საქართველოში და რა თქმა უნდა, აჭარაშიც ახალი წლის დღესასწაულის აუცილებელი ნაწილი იყო.
-მაინც რა ევალებოდა მეკვლეს?
-ითვლებოდა, რომ მეკვლის `ფეხზე” იყო დამოკიდებული ოჯახის წევრების ჯანიერება, ბედნიერება, მომავალ წელს მოსავლის სიუხვე და მიწის ბარაქიანობა. ამიტომაც, დღესასწაულის პირველ მომლოცველად ირჩევდნენ `კაი ფეხის”“ადამიანს, რომლის „ფეხიც“ წინა წელს „კარგად დაცადეს“. მას უნდა „ეფერხვა“ ანუ დილით ადრე ტკბილეულით მისულიყო მათთან. ოჯახის უფროსსა და მეკვლეს შორის იმართებოდა დიალოგი, რომლის დროსაც მეკვლე ოჯახს ხვავს, ბარაქას, სითბოს, სიტკბოს, სიხარულსა და ბედნიერებას დაუბედებდა და ოთახში შევიდოდა ლოცვით „ოჯახში ქუდიანი, ახორში კუდიანიო“. შემოსასვლელში იდგა პატარა სკამი (ჯორკო), რომელზეც იდო თასი ბრინჯით. მფერხავი აიღებდა თასს, დაჯდებოდა ჯორკოზე და სამჯერ წაინაცვლებდა წინ, ოჯახის საქმე წინ წავიდესო. მერე ხორბალს, ბრინჯს და კანფეტს მიმოყრიდა ოთახებში. მფერხავს დიდი პატივით ექცეოდნენ. მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლებოდა სახლიდან მისი სხვაგან წასვლა, ასევე, ოთახის დაგვა, ხვავი და ბარაქა ოჯახიდან რომ არ გასულიყო. სხვა მონაცემით, ოჯახში შესული მეკვლე ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, `ჯოხით შეუჩიჩხინებდა”, ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: `რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო, იმდენი საქონელი, ქათამი, ხვავი და ბარაქაო”. მსგავსი ჩვეულება საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყო გავრცელებული.
-მოკლედ, მაგიური რიტუალი გამოდიოდა. . .
-დიახ, მეკვლეობის ინსტიტუტში კარგად ჩანს პირველი დღის მაგიის რწმენა. ძველად, კალენდარული ახალი წლის დასაწყისი ემთხვეოდა ახალი სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის – ახალი წლის პირველი მომლოცველის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი რიტუალური კვალის გავლება. მერე, როცა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს დაიწყეს, ამ მოვალეობიდან მხოლოდ „სიმბოლური თესვა“ ანუ მეკვლის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის ჩვეულება შემორჩა. დროთა განმავლობაში მეკვლემ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეკვლის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. მეკვლეობის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაშია ცნობილი.
-აჭარაში რამე განსხვავებული კეთდებოდა საახალწლოდ?
-სხვათა შორის, ძალზე საინტერესო მოვლენაა აჭარაში მეკვლედ პირუტყვის გამოყენება. აქ იცოდნენ ახალ წელიწადს სახლის ფერხვა ახალმოზარდი ხბოს, ცხვრის, ბატკნის კარის ზღურბლზე გადატარებით. ხალხური რწმენით, ამ ჩვეულებას იმიტომ მიმართავდნენ, რომ `ოთხფეხი კარგი ფეხისაა”. ჩვილი ან ახალმოზარდი ხბო საქონლის გამრავლების, მომავლიანობის სიმბოლოა. რაც შეეხება ცხვარს, იგი ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში სიუხვის, ბარაქიანობის, ოჯახის სიმდიდრის საწინდრადაა მიჩნეული. სლავი ხალხის და ბერძნების ყოფაშიცაა დაფიქსირებული მეკვლედ შინაური ფრინველის ან ცხოველის გამოყენების ჩვეულება. მსოფლიოში ყველგან მეკვლის რიტუალურ მოქმედებებში, მის დალოცვასა და მიღების წესებში ნათლად იკვეთება ამ ინსტიტუტის მაგიურ-რელიგიური შეფერილობა. ეს არის `პირველი დღის” მაგიის გამოხატულება, რომლის დანიშნულებაც იყო წლის პირველი დღიდანვე ოჯახისათვის სიკეთის, სიუხვისა და ბარაქის დაბედება.
***
სხვათა შორის, ბევრი ერიდება ახალი წლის პირველ დღეს ვინმესთან სტუმრობას, რადგან „ფეხი არა აქვს დაცდილი“ და თუკი შემთხვევით შემოვიდა, ნერვიულობს, მასპინძლებზე მეტად აკვირდება, იმ ოჯახს რა წელი დაუდგა.
არიან გამოცდილი მეკვლეებიც, რომელთა „ფეხს“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარშემომყოფნი. მათ განსაკუთრებული პატივით ექცევიან და გულდაგულ უმასპინძლდებიან.
ერთ-ერთ ასეთ ადამიანს ტელეფონით დავეკონტაქტეთ. ვინაობის გამჟღავნებაზე სასტიკი უარი თქვა, გულდაწყვეტილი ჩანდა, რადგან იზოლაციაში იმყოფებოდა კორონა-ვირუსის გამო. მისი თქმით: „ასეა, დამემართა ეს საშინელება და გამომკეტეს სასტუმროში. იყო ახლა ამის დრო? კარგი ფეხი მაქვს მეთქი ადმინისტრატორს რომ ვუთხარი, გულზე შემოეყარა, დავირუსებულების მატება გვინდა კიდევო? არადა, ჯერ კიდევ შარშან 10 ოჯახი მოვიარე, მგონი მეთერთმეტეშიც ვიყავი, აღარ მახსოვს. . . ისე კმაყოფილი დამირჩა ყველა, ვერ წარმოიდგენთ, არც ერთს კოვიდი არ დამართნია, გადარჩნენ. წამოგორებული ვარ ახლა უსაქმურად, ვყლაპავ წამლებს და ის ჩემი ყაბალახი მენატრება, კარადაში რომ მიკიდია. კიდევ ერთ წელიწადს დავრჩები უქმად. ისე, ტელეფონით მეკვლეობა ივარგებს? მოვსინჯავდი, მაგრამ მეშინია, არ თქვან მერე, კორონიანმა კორონა დაგვაბედაო. ასეა თუ ისე, ახალ წელს გილოცავთ ხალხნო, ჯანრთელობა, მშვიდობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ მთელი წელი. იხარეთ, იმრავლეთ და დოვლათით აივსეთ! პანდემია დაგვემარცხებინოს და მშვიდობა გვქონოდეს მთელ კაცობრიობას!“
***
როგორც წესი, მეკვლეობას მამაკაცს ანდობდნენ, თუმცა დღეს, მეკვლის სქესსა და ასაკს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მთავარია მან მასპინძელ ოჯახს სიხარული დააბედოს. მეკვლის სტუმრობა მთელი რიტუალია, რომელსაც ძველად ზედმიწევნით ზუსტად იცავდნენ. შუაღამის დადგომის შემდეგ სახლიდან არავინ გადიოდა, სანამ მეკვლე არ ესტუმრებოდათ. ეს უკანასკნელი ტკბილეულითა და ხილით ხელდამშვენებული მოდიოდა. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია – ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება. საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”- ასეთია მეკვლის დალოცვა. სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ “ყოჩ ვაზთან” დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე ფანტავდა..
***
მეორე მეკვლე ჩვენდა გასაკვირად, ქალბატონი აღმოჩნდა. ირინა გადახაბაძე ძლივს დავიყოლიეთ მოკლე კომენტარზე, მაინც და მაინც არ ვუკეთებ აფიშირებას ჩემს მეკვლეობას, უბრალოდ, სადაქალო ძალიან მთხოვს ახალი წლის პირველივე წუთებში მისვლას, ამბობენ, რომ კარგად აქვთ დაცდილი. კითხვაზე რა დააბედა ასეთი ახლობლებს, ირინა ხასიათზე მოვიდა და სიცილნარევი ხმით ჩამომითვალა: „ეკამ მანქანა იყიდა, თანაც ის მოდელი, ძალიან რომ უნდოდა. ამერიკიდან გამოუგზავნა კარგა ხნის წინ წასულმა ნათესავმა, აღარც ახსოვდა, ცოცხალი თუ იყო. ნინი გათხოვდა თავის პრინცზე, არადა, დარწმუნებული იყო ზედ არ მიყურებსო. შემდეგ ფეხებს მიკოცნიდა, შენ გამაბედნიერეო. ლალის ბაბუამ ბინა გადაუფორმა თბილისში. ის ხომ სულ გაგიჟდა, მეხვეწება, ერთხელ კიდევ მოდი ახალ წელს, ბარემ იმ ბინას გავარემონტებო (იცინის). თეასთან ვიყავი და ისეთ სამსახურში მოეწყო, რომ ვერც წარმოიდგენდა. ნაცნობმა „ჩაუწყო“ სრულიად შემთხვევით. ვისთან როდის უნდა მივიდე, წუთობრივად მაქვს ჩამოწერილი. კიდევ კარგი, კომენდატის საათი გააუქმეს 31-ში, თორემ ჩემები გადაირეოდნენ. სახლში მეხუმრებიან, ხურჯინი და ძაღლი გაკლია სრული იმიჯისთვისო. . . თქვენ უნდა გენახათ, მთელი დეკემბერი როგორ მიფრთხილდებოდნენ მეგობრები, კორონა რომ არ დამმართნოდა. სიმართლე გითხრათ, სადღაც მეშინია, რომ ვერ გავამართლო მათი იმედები. თავს უხერხულად ვიგრძნობ, აღარ ვიცი რა ვქნა. . . ისევ იღბალს უნდა მოვუხმო და შევუღო კარები ჩემს მეგობრებს ზუსტად ახალი წლის პირველ საათებში. ახალ წელს გილოცავ, საქართველო!“.
***
ძველად მეკვლის მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულით დახუნძლული აღებდა.
თავდაპირველად, როცა კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალი სამეურნეო წლის ანუ აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა რიტუალური ხვნა-თესვა, რიტუალური კვალის გავლება იყო. ამ ჩვეულებიდან ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში, ან ოჯახში მარცვლეულის მობნევა. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი” მომლოცველის, ანუ „მეფეხის” მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.
დღესაც ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.
დასავლეთ საქართველოში, წესით, მეკვლეს თან ჩიჩილაკი უნდა მიეტანა, რომელსაც თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებდნენ. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკი ან “ბასილას წვერი“ ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომლის ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს. იმერეთში სცოდნიათ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო. კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა. ჩიჩილაკის მსგავსად, ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, “ბატონებისათვის” მისართმევი ხე. საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, “მაშხალას,” მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს. ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან.