რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი სამუდამოდ დაიხურება
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადის გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. „დელივერი“ და „დრაივი“.
საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები.
რესტორატორთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტ შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შედეგად მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩება.
რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარც გაიხსნება ანუ სამუდამოდ დაიხურება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის, 40 პროცენტი − თბილისში, 60 პროცენტი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე და დასძენს, რომ „ლოქდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა, რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ, ფაქტობრივად, განადგურების პირას მყოფი ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.
„მესმის, ამ „ლოქდაუნებით“ რომ შედეგი მიგვეღო, მაგრამ არა მარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ მივიღეთ. ამჯერად, საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი kovid-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას არ წარმოადგენს. მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად, ალბათ, ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორნებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი. დაბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის მთავარი სიცოცხლის უფლებაა. სხვა ყველაფერი მოიცდის!. .
რა ხდება აჭარაში სარესტორნო ბიზნესის მიმართულებით და შეზღუდვების გამო რა მდგომარეობაშია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში აჭარის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე.
– პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები რამდენად დააზიანებს სარესტორნო ბიზნესს?
– სარესტორნო ბიზნესი მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ–ერთი განუყოფელი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებდა და დარწმუნებული ვარ, ისევ შეასრულებს როგორც უცხოელი, ისე შიდა ტურისტების საერთო შთაბეჭდილების ფორმირებაში. ამასთან, კვების ობიექტების მომსახურება ბათუმის მცხოვრებთა გარეთ კვების მოთხოვნებზეც არის ორიენტირებული.
– რამდენად აღსდგება ეს სფერო ასეთი დარტყმის შემდეგ?
-საერთაშორიო გამოცდილებიდან გამომდინარე, კრიზისების (ვირუსული გრიპები, ტერაქტები) შემდეგ, ტურისტულ ბიზნესს ახასიათებს სწრაფი აღდგენის უნარი, ტურისტების მხრიდან მოთხოვნის გაჩენასთან ერთად, იწყება მათთვის სერვისის მიწოდების პროცესიც. ამასთან, თანამედროვე ადამიანის სურვილი და მოთხოვნილება მოგზაურობისადმი და დასვენებისადმი შეუცვლელია.
– ამდენთვიანი შეჩერება ჩვენს ახალფეხადგმულ რესტორატორებს კი არა, დიდი ისტორიის მქონე ბიზნესსაც დააზიანებდა. . .
– როგორც ჩემთვის ცნობილია, kovid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის მზარდ მატებამდე, კვების ობიექტები საღამოს 22:00 საათამდე მუშაობდნენ. ასევე, მათ ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ ზაფხულის პერიოდში და ბათუმის შემთხვევაში დიდი იყო შიდა ტურისტთა რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, არ ითვლება, რომ ეს ბიზნესი რამდენიმე თვე, ზედიზედ, გაჩერებული იყო.
– ექსპერტ–ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი Dkovid-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – რატომ შეაჩერეს მათი ფუნქციონირება ახალი წლის დღეებში, მაშინ, როდესაც ეს ბიზნესი ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს?
– ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფმა ზრდამ განაპირობა აღნიშნული სექტორის დახურვა და იძულებითი შეჩერება. ფაქტია, კვების ობიექტის დახურულ სივრცეში მომსახურების გაწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის (მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ზოგიერთ კვების ობიექტში არ არის საკმარისი სივრცე ადამიანებს შორის დადგენილი ორმეტრიანი დისტანციის დასაცავად), ასე რომ, კვების ობიექტების საქმიანობის შეჩერება, ვფიქრობ, სრულიადაც არ იყო იმით განპირობებული, რომ მომუშავე პერსონალი kovid-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას წარმოადგენს. გასაგებია, რომ ბათუმის სამომხმარებლო ბაზარი არ იქნება საკმარისი კვების ობიექტების სრული დატვირთვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა რესტორანმა შეძლო ადაპტაცია არსებულ გამოწვევებთან და გადავიდა მომსახურების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა შეკვეთის გატანა ან ადგილზე მიტანა და დღევანდელ პირობებშიც არ წყვეტს მუშაობას.
– ამ მძიმე სიტუაციისგან თავის დასაღწევად რას აკეთებს მთავრობა?
– kovidD-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა რიგი ნაბიჯები:
2021 წელს ტურიზმის სექტორი განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან;
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლდებიან 2021 წლის მაისამდე პერიოდში;
მოხდება 2020 წელს 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა;
სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა მიეცემათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდათ საქმიანობა დეკემბერ–იანვრის პერიოდში
ფუნქციონირებს საკრედიტო–საგარანტიო ფონდი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორს, როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში.
მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპების დაფინანსებას.
– რაც შეეხება აჭარაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს?
– ეს პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება. აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის დადგენილების ფარგლებში „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად, 100-მდე საინვესტიციო პროექტი უკვე განახლდა, რომელთა განსახორციელებელი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 1,5 მლრდ ლარია.
– რამდენმა ისარგებლა გადავადების შესაძლებლობით?
– ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებით ისარგებლა 100–მდე ფიზიკურ/იურდიულმა პირმა, რომლებთანაც სამინისტროს გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხოლო ამავე დადგენილებით გათვალისწინებული იყო საიჯარო ქირის გადახდისაგან გათავისუფლება/საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადავადება. კომპანიები იჯარისგან გათავისუფლდნენ ჯამში 6 თვით და გადახდები 2021 წლის 1 ივლისამდე გადავადდა, კომპანიებს შორის არიან ასევე რესტორნებიც.
– ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თუ მიიღეს სარგებელი?
– როგორ არა, ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად, აჭარაში მოქმედმა 338-მდე სუბიექტმა ჯამურად 7 მილიონ ლარამდე სარგებელი მიიღო.
– სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვის კლებაზე და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზეცაა საუბარი რესტორატორთა ასოციაციის განცხადებაში.
– რაც შეეხება კვების ობიექტებში დასაქმებულთა რაოდენობას, ზოგადად, აჭარაში, ტურიზმს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს, რაც იწვევს დასაქმებულთა რიცხვის მერყეობას წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღევანდელმა პანდემიამ იმოქმედა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაზე. 2020 წლის 11 თვის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენდა 209.9 მლნ ლარს, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ია.
– უმუშევრად დარჩენილებისთვის თუ გადაიდგა მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები?
– ციფრებით გიპასუხებთ – ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. გადასახადის გადავადება დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს, შეინარჩუნონ თანამშრომლები.
სსიპ-იდან – „აწარმოე საქართველოში“ მიღებული ინფორმაციით, სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ე.წ. პირველი-მეორე ქოლით, აჭარაში ისარგებლა 400–მდე ბიზნესსუბიექტმა და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს პროცესი გრძელდება და აღნიშნული მხარდაჭერით სარესტორნო ბიზნესიც ისარგებლებს.
ამასთან, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობამ, ბოლო 2 წელში, არაერთი პროექტი დაიწყო. შემუშავებული მათემატიკური მოდელირების საფუძველზე მიმდინარე და დაგეგმილმა ღონისძიებებმა, მომდევნო 4 წელიწადში, აჭარის მშპ-ის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, 6.5%-ით უნდა უზრუნველყოს.
***
პანდემია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ყველა დარგს შეეხო. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა პირველი დღიდანვე ტურიზმს მიაყენა. ეკონომიკური კოლაფსი ნიშნავს, რომ დარგის აღდგენას ჩვეულებრივზე შედარებით მეტი დრო დასჭირდება. დღეს სიტუაცია შოკის- მომგვრელია: 3 მლრდ ადამიანი მთელ მსოფლიოში ვირუსის შიშით სახლში ზის, შეჩერებულია თვითმფრინავების მიმოსვლა (სპეცრეისების გარდა), ოტელები დაკეტილია, უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება, ჩაკეტილია საზღვრები, მოიშალა ბაზრები, გაუფასურდა ვალუტა. შეიძლება ითქვას, საერთაშორისო ტურიზმი, ფაქტობრივად, გაჩერდა და ახლო პერსპექტივაში ასეც დარჩება. ერთი რამ ნამდვილად ნათელია, რომ შექმნილი სიტუაციის დანაკარგების შეფასება შეუძლებელია, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ არ ჩანს ბოლო.