„საპატიო შუახეველები“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქართული ფარმაკოლოგიის თვალსაჩინო მკვლევარს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შარშან დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. 9 მაისს 60 წლის გახდა ცნობილი ქართველოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, მალე 80 წელს უკან მოიტოვებს ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი შოთა ზოიძე. ბატონი ალიოშა სოფელ შუბნიდანაა, ტარიელი – ტომაშეთიდან, შოთა – ახალდაბიდან.
თანარაიონელების მიმართ ისინი ყოველთვის გულისხმიერ დამოკიდებულებას იჩენენ. ეს ყველაზე უკეთ მაშინ წარმოჩნდა, როცა ალიოშა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ქალაქ ბათუმის პრეფექტი იყო ტარიელ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო შოთა ზოიძე. თანარაიონელებმა ალიოშას და ტარიელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო იუბილეები ვერ გადაუხადეს. შოთა ზოიძეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო 70 წლის ასაკში ვერ მოეფერნენ. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათდამი პატივისცემა იმით გამოხატა, რომ გასული და მომავალი წლების გასაყარზე „საპატიო შუახეველის“ წოდებები მიანიჭა.
თანარაიონელებისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ამაგი დაუფასეს, ასევე, ბარათაულის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ გურამ ქარცივაძეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძეს, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ ბადრი დარჩიძეს, ამავე კულტურის ცენტრის ავთენტური ანსამბლ „ჭვანას“ ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს, „შუახევის კომუნალური სერვისის“ წყლის გამანაწილებელ სულიკო დიმიტრაძეს, მეეზოვე თემურ ხიმშიაშვილს.
ახლად არჩეულ „საპატიო შუახეველებს“ დიპლომები გადასცეს და 2021 წლის დადგომა მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლებმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონს დავუბრუნდი. ვიმუშავე დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად, განათლების განყოფილების მეთოდისტად. სამ ათეულ წელზე მეტია, პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ. „საპატიო შუახეველად“ არჩევა ჩემთვის უდიდესი პატივი და თანარაიონელთათვის გაწეული შრომის დაფასებაა. მადლობა მათ, ვინც ეს ამაგი დამიფასა, – გვითხრა ლევან ნატარიძემ.

