ღირსეული მეცნიერი, ქვეყნისა და კუთხის პატრიოტი
ქართულმა ენათმეცნიერებამ, თანამედროვე ქართველოლოგიამ, უახლესმა ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, ფუტკარაძეთა საგვარეულომ ტარიელ ფუტკარაძის სახით ღირსეული მეცნიერი, ქვეყნისა და კუთხის პატრიოტი დაკარგა.
ერთობ რთულია, რამდენიმე წინადადებით გადმოსცე იმ ადამიანის მრავალმხრივი მოღვაწეობა, რომელთან ერთადაც სტუდენტური წლებიდან მოყოლებული მოდიხარ, პრესით ეხმაურები იმ საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას, მეცნიერულ მოღვაწეობას, პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც ის მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა.
შარშან, მაისში დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. წლის დასაწყისში ტელეფონით შემომეხმიანა და საიუბილეო ღონისძიებაზე მიმიპატიჟა. მუხთალია წუთისოფელი – კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ქვეყანა, მშობლიური კუთხე, მეგობართა და ახლობელთა დიდი წრე საჯარო ღონისძიებით ვერ მოვეფერეთ.
მთელი ზაფხული აჭარის მთიანეთში დაჰყო. თამარ მეფის გზებით მთელი ღელე-ღურდანი შემოიარა. ფირზე და ფურცელზე გადაიტანა დღემდე გაუხმაურებელი და გამოუკვლეველი ტოპონიმები, მათი მნიშვნელობა. მისი ინიციატივით „კუტის-ჯვარზე“ ჯვარი აღიმართა. ამ ცერემონიაზე ქუთაისისა და გორის უნივერსიტეტების ლექტორებიც მიიპატიჟა. ეს ღონისძიება სრულიად საქართველოს ზეიმად აქცია.
მისი დაბადების 60 წლისთავს თუ მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს გაზეთებით, „აჭარითა“ და „შუახევით“, გამოვეხმაურე და მადლობაც დავიმსახურე. საქმიანი და შინაარსიანი იყო ჩვენი შეხვედრა ფრიდონის (ტარიელის ძმის) 44 წლის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ტარიელის ინიციატივით, მამისეულ კერიაზე – საფუტკრეთში (ტომაშეთის უბანი) გაიმართა. ამის შემდეგ კუთხის, ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო საუბარი გვქონდა ოქტომბერში, როცა ტარიელი შუახევში იყო ჩამოსული.
დავკარგეთ პიროვნება, რომელიც ქართულ სიტყვას, სამეგობრო და სანათესაო წრეს ფუტკარივით თავს ევლებოდა, წერდა, ამბობდა იმას, რაც დღეს ჩვენი უდიდესი შენაძენია. ეს სტრიქონები ექსტრემალურ სიტუაციაში იწერება. ტარიელი ჩემგან და თითოეული მისი მეგობრისგან მეტს იმსახურებს. ამჯერად, მისმა სულმა მომიტევოს, თუ დამცალდა, მომავალში კიდევ ვიტყვი სიტყვას, ფურცელზე გადავიტან მისი ცხოვრების იმ ეპიზოდებს, წუთისოფელში რომ ერთად გამოვიარეთ.
ოთარ ცინარიძე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი