2021 – შესაძლებლობების და გამოწვევების წელი…
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
2021 წელი საქართველოსთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება -გაირკვევა არა მარტო ისეთი ძირეული საკითხი, როგორიცაა ნატოსთან დაახლოება, არამედ, რაც მთავარია, გაუმჯობესდება თუ არა ეკონომიკური მდგომარეობა და რას მოიმოქმედებს ოპოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით? სწორედ ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს რეალური დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. განვიხილოთ ეს საკითხები. დავიწყოთ უმთავრესით – ეკონომიკა რომ ქვეყნის პოლიტიკის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიდა მისი განმსაზღვრელია, ამას მტკიცება არ სჭირდება. გამართული ეკონომიკის გარეშე ვერც დემოკრატიულ ქვეყანას ავაშენებთ და ვერც ცივილიზებულ სამყაროში დავიმკვიდრებთ ადგილს. უკვე სამი ათეული წელია, საქართველო ეკონომიკური სიდუხჭირის ზღვარზე იმყოფება. რა არის ამის მიზეზი? საქმე ის არის, რომ ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა. ჩვენ მოუმზადებელი შევხვდით სისტემურ გარდაქმნებს, ამას დაემატა ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომი და შიდა აშლილობა. ყოველივე ამან დაანგრია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა, არამედ ქვეყნის ყველა სფერო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სახელმწიფოს ბედს კრიმინალები განაგებდნენ. . . თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. . . მიუხედავად უამრავი შიდა თუ გარე პრობლემისა, ქვეყანა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ვითარდებოდა და ვითარდება. ცნობილია, რომ დანგრევა ადვილია, შექმნა – რთული და დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, საქართველოს ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი სიღარიბისთვის, მაგრამ წინსვლა მაინც გვაქვს. თუმცა ისიც ფაქტია, ჩვენი ხელისუფლებები უფრო პროფესიონალურად რომ მოკიდებოდნენ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანა არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში არ იქნებოდა. პანდემიამაც უარყოფითად იმოქმედა არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, თუ ქვეყანაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეკონომიკური დარგების განვითარება, წარმოების პოტენციალის და ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება, ბუნებრივია, გაუჭირდება სერიოზული სოციალურ- ეკონომიკური გამოწვევებისთვის თავის გართმევა. ამიტომ საკმაოდ რთული და შრომატევადი წელი ელოდება წინ ხელისუფლებას. სწორედ ამ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული, ადგილობრივ არჩევნებში რა შედეგს აჩვენებს მმართველი პარტია. არანაკლები მნიშვნელობის საკითხია ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. სავარაუდოდ, გაზაფხულამდე გაირკვევა, რა ტაქტიკას და სტრატეგიას აირჩევენ ოპოზიციონერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ, პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობაა, რაც, ცხადია, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა მასაც მოუწევს ოპოზიციასთან გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, პროცესები არასახარბიელოდ განვითარდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. საგანგაშო იქნება თუ დასავლეთი იმედგაცრუებული დარჩება ჩვენით, ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დასავლეთის გარეშე გაგვიჭირდება არსებული მიღწევების შენარჩუნება და დასახული მიზნების (ეკონომიკური კეთილდღეობა, ნატოში გაერთიანება, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება) მიღწევა-განმტკიცება. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ, ევროპა და ზოგადად, დასავლეთი საქართველოსადმი კეთილადაა განწყობილი. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ის, რომ დასავლეთმა ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა, არამედ ეკონომიკური და ფინანსური დახმარებაც გაუწია. ამ მხრივ აშშ-ის ცალკეული კონგრესმენების და ევროპარლამენტარების გზავნილები სწორედ საქართველოს დემოკრატიულობის განმტკიცებისთვისაა გამიზნული, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას ავითარებენ ამ გზავნილების ადრესატები. ასე თუ ისე, უდავოა, გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ ქვეყნის წარმატების საწინდარია და თუ ამ გზით ვივლით, არც პროგრესულ ქვეყანათა მხარდაჭერა და თანადგომა მოგვაკლდება.
შეესაბამება თუ არა ჩვენი დემოკრატიის ხარისხი დასავლურს? საერთოდ, დემოკრატიის ხარისხის აბსოლუტური საზომი არ არსებობს, ის თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. ჩვენი დასავლელი მეგობრების და მოკავშირეების აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ინდექსი, გარკვეულწილად, დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა ქვეყანაში არის სფეროები, სადაც იკვეთება კითხვის ნიშნები. ექსპერტთა აზრით, ეს სფეროებია სასამართლო ხელისუფლება, არაგამჭვირვალობა თვითმმართველობაში, ცესკოს დაკომპლექტების წესი და შერჩევითი სამართალი სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. საქართველოში ვერ მოხერხდა სტაბილური, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული პარტიული სისტემის ჩამოყალიბება, რაც ქართული სახელმწიფოს განვითარების ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორია. სწორედ ამ და სხვა საკითხების მოუგვარებლობა აფერხებს საქართველოს დაახლოებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. არადა, ამ ბოლო დროს ნატოსა და ამერიკული სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები აქტიურად საუბრობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე. . . ცხადზე უცხადესია, რომ წელს გაირკვევა, რა სტადიაში გადავა საქართველო-ნატოს ურთიერთობა. ისმის კითხვა, რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფლოთ ალიანსის წევრობისთვის, რა გვიშლის ხელს ამაში და როგორ დავძლიოთ პრობლემები? ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ნატოს მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს პრეტენდენტ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ასეთი ქვეყანა მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს დემოკრატიული, ეკონომიკური თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, მისი სამხედრო პოტენციალი უნდა პასუხობდეს ნატოს სტანდარტებს. რატომ არ არის საქართველო ალიანსის წევრი? საქმე ის გახლავთ, რომ ალიანსის მოთხოვნები და რეკომენდაციები ჯერჯერობით არ არის ბოლომდე შესრულებული. მიუხედავად ამისა, 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. . . ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები რეგიონში. გვერდს ვერ ავუვლით იმ პროცესებს, რაც რეალობაში ვითარდება. აქედან გამომდინარე, ალბათ, ალიანსის წევრობამდე, გონივრული ვადა მოგვცეს, რათა ის რეფორმები, რომლებიც ტარდება თავდაცვის სამინისტროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ სარბიელზე, კიდევ უფრო სიღრმისეულად გატარდეს, რათა დავუახლოვდეთ ნატოს მოთხოვნებს.
ცხადია, რომ ნატოში საქართველოს შესვლის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთია. იგი, შესაძლოა, ზოგადად, ალიანსზე ვერ ახდენდეს გავლენას, თუმცა ნატოში გაწევრიანებული სახელმწიფოების წარმომადგენლობაზე, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე – კი. ეს განპირობებულია ეკონომიკური, პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა ფაქტორებით. ამ საკითხებს სჭირდება სერიოზული დაფიქრება და სწორედ, ამ დაფიქრების პროცესშია დღეს ნატო. რუსეთიდან ნატოს წევრი სუბიექტებისკენ მიმავალი საფრთხეები განსხვავებულია. იმ ქვეყნებზე, რომლებიც პოლიტიკურად და გეოგრაფიულად უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცესთან, ცხადია, მეტია კრემლის გავლენა. ამიტომ, ჩვენი მხრივ, ვალდებულებები თანმიმდევრულად უნდა შევასრულოთ – ესაა რეფორმების გატარება თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სახელმწიფო მართვის სფეროებში. სახელმწიფო თავისი დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, უნდა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. სამწუხაროდ, ამ მიმართებით დღეს საქართველო მოიკოჭლებს, ამიტომ გვაქვს ამ რეალობის შესაბამისი სურათი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ არც მაკედონია და მით უმეტეს, არც ალბანეთია დემოკრატიის ოაზისი, ანუ მთავარი მაინც, ნატოს ნებაა ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით. ცხადია, შიდა დემოკრატიული პროცესები მნიშვნელოვანია დასავლეთთან დაახლოებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ღირებულებები, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, განვითარება. ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი თამასის აწევა. უამისოდ შეუძლებელია ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ცხადია, გამოწვევა ბევრია და მათთან გასამკლავებლად თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია უფრო დაჩქარდეს. ამ მხრივ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, მაგალითად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს დემოკრატიულ ქვეყანაში – აქვს თავისუფალი გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და რომ ის არის ჩართული სახელმწიფოს მშენებლობაში. რა თქმა უნდა, ამისთვის ძირეული რეფორმები ტარდება და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს სახელმწიფოში არსებული მწვავე სიტუაციები განიმუხტოს და საქართველო რეგიონში იყოს მოწინავე, დემოკრატიული ქვეყანა. ამაში თვით საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. ასევე, მნიშვნელოვანია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების მზაობა. სწორედ ეს საკითხები ნებისმიერ მოქალაქეს აღელვებს, რადგან მათ დადებითად გადაწყვეტაზე დიდადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის პროგრესი და მომავალი.

