ბრიტანული შტამი საქართველოშია
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
„ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა, ახალი შტამის მიმართაც მდგრადი იქნება“
კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენამ პანიკაში ჩააგდო პანდემიით ისედაც დაძაბული კაცობრიობა. დიდი ბრიტანეთის მიერ საზღვრების ჩაკეტვამ განსაკუთრებით შეაშფოთა ყველა. ამ ფონზე, საქართველოში ბრიტანული შტამის დაფიქსირებამ მოსახლეობაში შიში გააჩინა, რაც ძირითადად მასზე მწირმა ინფორმაციამ განაპირობა.
ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ რუსუდან შავიშვილთან.
– ქალბატონო რუსუდან, ახალი კორონავირუსის ბრიტანული შტამის საქართველოში დაფიქსირებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. . .
– დავიწყოთ იქიდან, რომ პანიკა და შფოთვა, ზოგადად, არცერთ სიტუაციას არ უხდება. ყველა ვარიანტში, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან პოპულარული გახდა ე.წ. ბრიტანული შტამის შესახებ ინფორმაციული ნაკადი. არადა, ეს შტამი ბრიტანეთის გარდა სამხრეთ აფრიკაში და კიდევ 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.
– რითი განსხვავდება იგი ახლა უკვე ძველი ვირუსისგან?
– ამ ვირუსს აქვს უფრო სწრაფად და იოლად გავრცელების უნარი, სადღაც 70%-ით მეტი, ვიდრე ძველს, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე ის გავლენას არ ახდენს.
-ისიც ჰაერწვეთოვანი გზით ხომ გადაეცემა?
-კი, თითქმის იდენტური ვირუსია, მაგრამ აღმოჩენილია გენეტიკური ანალიზის გზით და გავრცელების გაცილებით მეტი სისწრაფე აქვს.
– საქართველოში რა ვითარება გვაქვს ამ შტამის მიმართულებით?
– გამოიკვლიეს სამი ადამიანი. ერთს დაუდგინდა, ორს – არა. დადასტურდა, რომ მესამე პირს აღმოაჩნდა ბრიტანული შტამის ვირუსისთვის დამახასიათებელი მუტაცია.
– როგორ გრძნობს თავს ეს პაციენტი, რა ასაკისაა?
– ეს შტამი აღმოაჩნდა 50 წლის მამაკაცს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს ნორმალურად გრძნობს, იმყოფება იზოლაციაში, ყველა მისი კონტაქტი მოძიებული და შესწავლილია. აქედან მხოლოდ ერთს ჰქონდა დადებითი ნიმუში იმათგან, ვინც შემოვიდა საქართველოში და დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ახლა ამ ნიმუშს სწავლობენ საზოგადოების ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.
– ეს პაციენტი ბათუმშია?
– არა, აქ არ არის.
– გამოდის, ის ადამიანი, ვინც ეს შტამი შემოიტანა, გასულია ქვეყნიდან, ვისაც გადასდო ის – იზოლირებული. მასთან კონტაქტში მყოფთ არაფერი გადასდებიათ?
– დიახ, ასეა.
– დიდ ბრიტანეთში საიდან აღმოჩნდა ეს შტამი?
– იგი დადგინდა გენეტიკური კვლევის ანალიზის შედეგად. ახლა მეცნიერები სწავლობენ საკითხს და იმედია, კონკრეტულ პასუხს გასცემენ ყველა კითხვას. მოკლედ რომ ვთქვათ, ვირუსის სწრაფი გავრცელება რომ დაიწყო, დიდმა ბრიტანეთმა შეისწავლა მიზეზი და აღმოაჩინა მუტაციის შედეგი.
– სწრაფად გავრცელება ნიშნავს, რომ ჩვენთანაც სწრაფად შემოვა?
– დიდმა ბრიტანეთმა ჩაკეტა საზღვრები და რბილი ლოქდაუნიდან მძიმეზე გადავიდა, გაამკაცრა შეზღუდვები, რითაც შეძლებს ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტას და შეჩერებას. პარალელურად, ვაქცინაციაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით.
– ვინც უკვე გადაიტანა კოვიდ-19, ახალი შტამის მიმართ იმუნიტეტი თუ ექნება?
– მეცნიერებში გავრცელებულია აზრი, რომ ვინც გადაიტანა კოვიდინფექცია, ახალი შტამის მიმართაც მდგრადი იქნება, რადგან ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები ვირუსს შეებრძოლება. აქედან გამომდინარე, შეიძლება განვაცხადოთ, რომ შიშის და პანიკის საფუძველი არ გაგვაჩნია.
– თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ გამოარჩიეს ძველი ვირუსისგან ახალი შტამი და რამ გამოიწვია ასეთი შეშფოთება მოსახლეობის ფართო წრეებში?
– ეს ასეა, ამას მეცნიერები ადასტურებენ. ვირუსს ახასიათებს მუტაცია, რაც ბიოლოგიურ ახსნას ექვემდებარება, მაგრამ ითხოვს ფრთხილ მიდგომას და შესწავლას. ბრიტანული შტამის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი, როგორც უკვე აღვნიშნე, არის სწრაფი გავრცელება. აქედან გამომდინარე, სასურველია შეზღუდვების გამკაცრება. ამ შტამში აღმოჩენილი არ არის კორონავირუსისგან განსხვავებული დამაზარალებელი გავლენა ორგანიზმზე.
– როგორც ვიცი, საქართველოში შემოდის ფართო ტესტირება, რას გულისხმობს ეს?
– ფართო ტესტირების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ნაბიჯებით სვლა გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვიტანს. უკვე დეკემბერში აქტიურ ფაზაში შევიდა სწრაფი ანტიდონ ტესტირება. აჭარის ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება აქტიურად მუშაობდა. კვლევა უტარდებოდათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ანუ რაც ახასიათებს ამ კოვიდინფექციას. ამ დროს, თუკი სწრაფი ანტიდონკვლევა იძლეოდა დადებით პასუხს, ითვლებოდა, რომ საქმე გვქონდა კოვიდის დადასტურებულ შემთხვევასთან. კვლევის გაღრმავება ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ სწრაფი ტესტი არ აჩვენებდა დადებით პასუხს. ასევე, ნებისმიერ სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებაში, თუნდაც კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური მიზნით მიმართულ პაციენტსაც უტარდებოდა ტესტირება იმის მიუხედავად, მას ჰქონდა კოვიდის სიმპტომი თუ – არა, ანუ ვირუსის ძებნის და გამოვლენის არეალი თანდათან ფართოვდებოდა. გუშინ დავაანონსეთ, რომ ტესტირებას უკვე დაექვემდებარება უსიმპტომო ხალხიც, ვისაც, უბრალოდ, აინტერესებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სტატუსის დადგენა.
– პრინციპში, ეს ინტერესი ყველას აქვს.
– ყველა არ ცდილობს ინფიცირების დადგენას, მაინც ერიდებიან ზედმეტად სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას. ინტერესდებიან იმ შემთხვევაში, თუ ჰქონდათ შეხება ან კვეთა კორონავირუსით ინფიცირებულთან.
– ანუ ახლა უკვე იმ ადამიანებსაც შეუძლიათ უფასო ტესტირების ჩატარება, რომლებსაც მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილება სურთ?
– რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ვირუსის გამოვლენის არეალს. თავისთავად გრძელდება სიმპტომებიანების კვლევაც. ასევე, ბაზრისა და ბაზრობების მოვაჭრეები, ტაქსის მძღოლებიც დაექვემდებარებიან ფართო ტესტირებას, რომელიც მოიცავს იმ კონტინგენტს, მეტი შეხება რომ ჰქონდა მოსახლეობის ფართო მასებთან. მოგეხსენებათ, არც ტაქსებს და არც ბაზრებს არ შეუჩერებიათ მუშაობა ლოქდაუნის პერიოდებში. ახლა ამ ადამიანების ტესტირებას ორგანიზებული სახე მიეცემა. ბათუმელ ტაქსისტებს და მოვაჭრეებს შეუძლიათ მიმართონ თამარის დასახლების პოლიკლინიკას, სადაც ჩაუტარდებათ სწრაფი ანტიდონ ტესტირება. პირველადი ჯანდაცვის პოლიკლინიკები კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ტესტირებას.
– დღეს შობის ღამე თენდება, რამდენად უსაფრთხოა ეკლესიებში შესვლა მრევლისთვის?
-ამ მიმართულებითაც დაიწყო ფართო ტესტირების პროცესი. რელიგიის მსახურთა კვლევა იქნება ცოტა განსხვავებული. ეს ადამიანები უკვე ვალდებულები არიან, გაიარონ ტესტირება, ოღონდ მათ ჩაუტარდებათ პისიარტესტი, ე.წ. ოქროს სტანდარტით.
– თუკი რელიგიის მსახური გეოგრაფიულად მოშორებულია ცენტრს და უჭირს ზამთრის პირობებში ჩამოსვლა პოლიკლინიკაში ტესტირებისთვის?
– ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ. ამ შემთხვევაში დასაშვებია 7-დღიანი ანტიდოტის ჩატარება, ხოლო ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი ციკლით, როგორც დაშვებულია გეგმურად. რაც შეეხება ტაძრებში საშობაო ლიტურგიაზე დასწრებას, როგორც მთავრობამ დააანონსა, შეზღუდვები არ იქნება. ამასთან, გუშინ ჩავატარეთ ბათუმი-ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირების, სტიქაროსნების, მგალობლების და მესანთლეების (ვისაც მრევლთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ) გაფართოებული ტესტირება. არცერთი დადებითი პასუხი მათ შორის არ ამოვიდა. ასე რომ, ყველას თამამად შეუძლია ტაძრებში მისვლა პირბადეებით და თუკი დისტანციას დაიცავენ, დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.
– ფართო ტესტირება გაზრდის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას, ეს უფრო მეტ პანიკას ხომ არ გამოიწვევს მოსახლეობაში?
– არა, სწორედ ამიტომ მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ფართო ტესტირება კი გაზრდის შემთხვევების რაოდენობას, მაგრამ აუცილებელია, რათა აღმოვაჩინოთ და ამით შევაჩეროთ ვირუსის უკონტროლო ცირკულაცია ქვეყანაში.
– თითქოს იკლო ინფიცირებულთა სტატისტიკამ ამ საახალწლოდ.
– სამწუხაროდ, ამას ვერ მივიჩნევთ გამარჯვებად, რადგან მოსახლეობა არ დადის ტესტირებისთვის შაბათ-კვირაობით ან უქმე დღეებში. არადა, ყველა სამედიცინო დაწესებულება მუშაობს, არცერთი დღით არცერთი პოლიკლინიკა არ დაკეტილა, რათა არ შეფერხდეს პაციენტისთვის აუცილებელი მკურნალობის აღმოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ შაბათ-კვირას ნაკლებმიმართვიანობის გამო მაინც კლებულობს ინფიცირებულების სტატისტიკა. არც 1-2 იანვარს ყოფილა დიდი მიმართვიანობა. ამიტომ დაფიქსირდა დაბალი მაჩვენებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ტესტის გაკეთება, მეტი ინფიცირებულის გამოვლენა, რათა გავწყვიტოთ გავრცელების ჯაჭვი. მეტი ტესტის პირობებში მაინც რომ მოიკლებს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, მაშინ ჩავთვლით ვირუსთან ბრძოლას შედეგიანად და შევაფასებთ დადებითად.
– როდის დაიწყება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში?
-ახლახან დავასრულე კოვიდპლატფორმასთან ჩართვა, სადაც ინტენსიურად მოქმედებს გაფართოებული ჯგუფი. იგი აერთიანებს ყველა სამედიცინო დონის და უწყების სპეციალისტს, ვისაც კვეთა აქვს ამ საკითხთან.ვგულისხმობ, ვაქცინაციის დგეგმარება-განაწილებასა და ჯგუფების მობილიზაციას. აქ მართლაც სერიოზული, რუტინული მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. უკვე გაზაფხულზე ველოდებით ვაქცინაციის დაწყებას.
– ბევრს ეშინია ამ აცრების. რამდენად უსაფრთხო იქნება საქართველოში შემოსული ვაქცინა?
– ვაქცინა არ შემოვა ჯანმოს პრეკვალიფიკაციის გარეშე. მისი დამზადება ურთულესი პროცესია, რომელიც, სანამ მომხმარებლამდე მივა, გადის უამრავ სტადიას და საფეხურს. ნაჩქარევად და სპონტანურად არაფერი კეთდება. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ გაზაფხულამდე დაგვიგროვდება იმ ქვეყნების გამოცდილების ზღვა მასალა, რომლებიც უკვე შეუდგნენ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციას. ახლა განიხილავენ ვაქცინის რამდენიმე ვარიანტს და ვნახოთ, რომელზე შეჩერდება ქართველი სპეციალისტების არჩევანი.