„პარტიებს მართებთ გონიერება, კომპრომისზე წასვლა არ უნდა აღვიქვათ რომელიმე ერთის გამარჯვებად მეორეზე“
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული იყო ეპიდემიით დაღდასმული სირთულეების გამო. . . საქართველო ამ მოცემულობაში როგორ გამოიყურებოდა, პანდემიამ და პოლიტიკურმა გამოწვევებმა რა ცხადყვეს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები როგორ გავიაზროთ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის? ამ საკითხებზე თავის მოსაზრებას გვთავაზობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიგა ფარტენაძე.
– მოდით, ჯერ საშინაო პოლიტიკაზე ვისაუბროთ, 2020 წელი საქართველოსთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, რით იყო გამორჩეული?
– ჩვენი ინტერვიუ მინდა დავიწყო შობა-ახალი წლის მოლოცვით და ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და სრულიად სახელმწიფოს მშვიდობა, კეთილდღეობა, სტაბილური და შეუქცევადი ეკონომიკური განვითარება, სიდუხჭირის, სიღარიბისა და სირთულეების გადალახვა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო, გაცხადებული და გამოხატული მიზნისთვის, დასავლური, სამართლიანი და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. რაც შეეხება გასული წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას, რომელსაც გამოწვევაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, გამოვყოფდი ორ უმთავრესს – პანდემიას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. დამეთანხმებით, რომ ეს იყო პანდემია, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო საპარლამენტო არჩევნებმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარკვეული პრეცედენტებიც კი შექმნა.
– ვიდრე არჩევნებზე გადავიდოდეთ, მინდა საქართველოში პანდემიის შედეგებზე გვესაუბროთ.
– ვფიქრობ, რომ 2020 წელი ნამდვილად გამორჩეული წელი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანას უწევდა უხილავ მტერთან ბრძოლა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს. პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორიც საქართველოა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა არა მხოლოდ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, არამედ ის გახდა სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, დინამიკური და სტაბილური განვითარების შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გვიწევს ამ ბრძოლაში ყოფნა და იმედს გამოვთქვამ, 2021 წელი წერტილს დაუსვამს კოვიდ -19-ს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს დღეს ყველა ერთად ვიმკით, არსებობს მედლის მეორე მხარეც – შედარებით პოზიტიური. ამ პროცესმა მოგვცა შესაძლებლობა, დაჩქარებულად, უფრო ზუსტად კი ფორსმაჟორში განვვითარებულიყავით და უფრო ფართოდ დაგვენერგა თანამედროვე, ციფრული, დისტანციურ-ელექტრონული სისტემები, რომლებმაც, ფაქტობრივად, საზოგადოება მეტად დაახლოვა ტექნოლოგიებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტთან წვდომა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამოიკვეთა ახალი გამოწვევები, მოთხოვნები და სტანდარტები, რომლებზე რეაგირებაც მყისიერად უნდა მოხდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სწორ, გარემო ფაქტორებზე მორგებულ ეკონომიკურ დაგეგმარებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური რესურსი ამოწურვადია, რის გამოც ფრთხილი, კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებებია საჭირო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, კრიზისის თავიდან აცილებისთვის. საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოსთან კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედება, პანდემიის პირობებში, სირთულეების გადალახვის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით საპარლამენტო არჩევნებს, რა ცხადყო მან?
– მაშინ, როდესაც არჩევნებზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებლად მთელი ციკლის ( საარჩევნო პერიოდი-არჩევნების დღე-შედეგების გამოცხადება) შეჯამებით უნდა მივიდეთ ლოგიკურ დასკვნამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. იყო მცირედი ხარვეზები, რაზეც ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას (ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო) ჰქონდა მყისიერი რეაგირება ( როგორც იცით, აქტიურად ვიყავით ჩართული სადამკვირვებლო მისიაში, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით). აქვე უნდა ვახსენოთ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და საერთო კანდიდატების წამოყენება სხვადასხვა ოლქში, თუმცა ამ პროცესმაც გვაჩვენა, რომ არ არსებობს საერთო ინტერესები, ვგულისხმობ ოპოზიციური პარტიების გამოყოფას ერთმანეთისგან და ბრძოლის დამოუკიდებლად გაგრძელებას. უშუალოდ არჩევნების დღე, 31 ოქტომბერი, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროცედურულ ნაწილში, პანდემიის პირობებშიც კი, სრული წესების დაცვით მიმდინარეობდა. ამისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას, ამაში შედის : საარჩევნო უბნების გახსნა, ამომრჩევლების მიღება- რეგისტრაცია, საარჩევნო კაბინაში ხმის მიცემის ფარულობა, კოვიდ და სპეცუბნების მუშაობა და ა. შ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დაძაბული გარემო, რომელიც სუფევდა საარჩევნო უბნების (გამოვყოფდი თბილისს) მიმდებარედ, რაც, ვფიქრობ, ამომრჩეველზე ზეგავლენა-დაშინებისთვის იქნა გამოყენებული. რაც შეეხება შედეგების დათვლისა და გამოცხადების ნაწილს – აქ იყო ხარვეზები, რაც აისახა კიდეც დაუბალანსებელ ოქმებში. ფაქტობრივად, არჩევნების დღე და შედეგების გამოცხადება გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ ოპოზიციამ მიიღო ბოიკოტის გადაწყვეტილება ჯერ მეორე ტურში მონაწილეობასთან, მერე კი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამით შექმნეს პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში- მმართველი პარტია დატოვეს მარტო (დღევანდელი მოცემულობით) ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. ამ პროცესმა ცხადყო ისიც, რომ კვალიფიციურ ოპოზიციაში გამოჩნდნენ პარტიები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამან კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ყველა პარტია თუ სუბიექტი მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამას არაფერი აქვს საერთო მანამდე გაცხადებულ პრინციპულ პოზიციასთან.
– ოპოზიცია ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმშია, რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, ხომ არ მოხდება მათი მარგინალიზაცია?
– საზოგადოებას მოსწონს თუ არა, ეს არის პარტიის კონსტიტუციური უფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის გამართლებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ პროცესს ყოველთვის ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც – ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არ არის კარგი და პროტესტი უნდა გადავიდეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში და სხვებისთვის კი პარლამენტში ყოფნა, უბრალოდ, აზრს მოკლებულია და მათი პროტესტი, მოთხოვნები ქუჩის ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს. ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სადაც ფასილიტატორის როლს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კისრულობენ. კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიალოგისთვის იქმნება მსგავსი სივრცეები, თუმცა სურვილს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის, კომპრომისის, მოლაპარაკების და შეთანხმების ნაწილში აღარ დასჭირდეს მსგავს ფორმატებში ერთმანეთის პირისპირ დასხდომა და (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობა იქნება) საკითხის გადაწყვეტა. ეს გამოაჩენს არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია-ოპოზიციის პოლიტიკურ კულტურას, არამედ მთელი ქვეყნის იმიჯზე პოზიტიურად აისახება.
– ექსპერტები ორივე მხარეს ურთიერთკომპრომისისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ქვეყანა ახალ დაპირისპირებას ვერ გადაიტანს, რას ფიქრობთ ამაზე?
– დაპირისპირება და ბრძოლა გამართლებულია მაშინ, როდესაც მხარეები სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებენ. აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია ძალადობრივი, არაკანონიერი გზებით პროტესტის გამოხატვა. ოპოზიციის პროტესტის გამოხატვის ფორმა (ბოიკოტი და პარლამენტში შესვლაზე უარი) კანონიერ ფარგლებს არ სცდება. მოლაპარაკება და ურთიერთკომპრომისი არის ამ ლაბირინთიდან გამოსვლის ყველაზე ეფექტური და უმოკლესი გზა, რაც წაადგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას. პოლიტიკური პარტიებისთვის უპირველესი და გაცხადებული პრინციპი უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესი, მხოლოდ ამის შემდეგ – დანარჩენი.
– 2021 წელი ალბათ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ნატოს მაღალჩინოსნები საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობენ. . .
– ჯერ ერთი – აშშ პირდაპირ საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაში, რომ დემოკრატიულობის ინდექსი, ყველა ასპექტით, განსაზღვრავს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების ხარისხს, დახმარებას მათი მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოში მიღებისთვის ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მეორე – რაც უფრო დიდხანს იქნება ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია ქუჩაში და ხელისუფლება მარტო დარჩება პარლამენტში, მით უფრო გაგრძელდება დემოკრატიამდეც და ნატოში შესვლამდე მისასვლელი გზაც. მესამე – ამ ორი ფაქტორის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რჩება ერთადერთი „მოგებული” მხარე, რუსეთი, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული ამ პოლიტიკური დაქსაქსულობის სამომავლო პერსპექტივები, შესაძლებლობები და შედეგები, რომელთაც სათავისოდ იყენებს. თუ გვსურს დასავლეთთან ინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება, მაშინ უნდა ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ეს მიღებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენ წავაგებთ.
– არანაკლებად საყურადღებო პროცესები განვითარდა ჩვენს სამეზობლოში (ყარაბახის ომი), რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ მხრივ ჩვენმა ხელისუფლებამ?
– მოცემულ ეტაპზე, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გაორმაგდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საყურადღებოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან სარგებელს რუსეთი იღებს, ამ ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია შიდაპოლიტიკური პროცესების დასტაბილურება და მკვეთრი, გაცხადებული, სწორხაზოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. ნაადრევად მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რადგან ნახიჩევანთან და დანარჩენ სომხეთთან დამაკავშირებელი გზა სწორედ რომ ამ კონფლიქტის შედეგად იხსნება, რაც თურქეთთან პირდაპირ საზღვარს ნიშნავს.
– ცხადია, მსოფლიოს ყურადღების არეალში აშშ-ის არჩევნები იყო. ახალი პრეზიდენტი რამდენად შეძლებს, ერთი მხრივ, ამერიკის როლის გაძლიერებას მსოფლიოში და მეორე მხრივ, რუსეთის ამბიციების მოთოკვას თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში?
– ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას აქვს უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც პანდემიისგან იქნა გამოწვეული. მან უნდა შეძლოს ამ გამოწვევასთან გამკლავება, საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ამას ბაიდენის ამომრჩეველი, უპირველეს ყოვლისა, ელოდება, რადგან მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მიმართულება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა იყო კოვიდ -19-თან ბრძოლაში. რაც შეეხება ამერიკის როლის გაძლიერებას მსოფლიოში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ამბიციების მოთოკვას, ამ კუთხით ვფიქრობთ, წინა ადმინისტრაციის მიერ არჩეული სტრატეგია საჭიროებს გადახედვას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ასე იქნება.
– საქართველოს დავუბრუნდეთ. თითქმის ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა, რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს სიტუაცია რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი ვარდნა თუ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იყო, არის და იქნება რუსეთის ინტერესებში. რთულია ჩრდილოელი მეზობლისგან თავის დაღწევა ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყნის შიგნით არასტაბილური სიტუაციაა, პოზიცია-ოპოზიცია ვერ თანხმდება მთავარ საკითხზე, გვაქვს შესამჩნევი ეკონომიკური ვარდნა, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის ზეგავლენისა და მისი პოლიტიკის რეალიზებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობა, სიმტკიცე, პრინციპულობა და მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა მნიშვნელოვანი მოცემულ სიტუაციაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდომარეობაში, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, არაერთხელ ჰქონია რუსეთთთან ურთიერთობაში.
– და ბოლოს, დღეისთვის რა პრობლემის გადაწყვეტა მიაჩნიათ ყველაზე საშურ საქმედ საქართველოში?
– პირველი და უმთავრესი გამოწვევა კვლავ კოვიდ -19-თან და მისგან მიღებულ უარყოფით შედეგებთან გამკლავებაა. მეორე: 2021 წელს ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და უმოკლეს ვადებში მოახერხონ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება. პარტიებს მართებთ გონიერება, კომპრომისზე წასვლა არ უნდა აღვიქვათ რომელიმე ერთის გამარჯვებად მეორეზე. საკითხი უნდა დაისვას შემდგნაირად – სახელმწიფოს ინტერესები, უპირველეს ყოვლისა.