ყალებოინელი ზოიძეების კეთილი საქმეები
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
1952 წლის 21 დეკემბერს ხულოს რაიონს შუახევი გამოეყო და ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად დაფუძნდა. მბჟუტავ ლამპებზე უხდებოდათ შრომა და ღამისთევა ადმინისტრაციაში დასაქმებულებს. მაშინ გადაწყდა მდინარე ტბეთისწყალზე მიკროჰესის აგება, რომელიც ოქროპილაურს, სხეფელას და შუახევის ცენტრს დენს მიაწვდიდა. იმხანად ელექტრიკოსები სანთლით საძებარნი იყვნენ. ეს საქმე ბინალ ზოიძეს ანდეს. იგი იმ დროს გუნდაურში ცხოვრობდა. ძმას გამოეყო და სადგურის სიახლოვეს საცხოვრისი გაიჩინა.
ბინალმა მთელი ცხოვრება ფიზიკურ შრომას შეალია, მეუღლე გუნეშთან ერთად სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაზარდა. ოსმანი, თემური და ხასანი ცალ-ცალკე დაბინავდნენ, მაგრამ მამისეული კერისთვის არ უღალატიათ. ბინალ და გუნეშ ზოიძეების შთამომავლებმა ადრინდელი პატარა სახლის ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი სახლი ააშენეს. შრომა უყვართ ოსმანისა და ნათელას შვილებს, ამიტომ კეთილდღეობაც არ აკლიათ. ხუთი შვილის მშობლებმა ეკალ-ბარდით და ქვა-ღორღით დაფარული ტერიტორია უხვმოსავლიან ნაკვეთებად და ხეხილის ბაღებად აქციეს.
ხუთ დედ-მამიშვილში ლიდერობა ზაურმა ითავა. თავისი ცხოვრების ბედი 1999 წელს, მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ, მამით ობოლ გოგონას მზევინარ აბუსელიძეს დაუკავშირა. ოჯახი ძალიან ადრე, უფროსების ჩაურევლად შექმნეს. ზაური შუახევის საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო, მზევინარი – ორი წლით უმცროსი.
ახლობლები და ნათესავები წუხდნენ, ახალბედებმა ცხოვრების, ოჯახის ფასი არ იციან, გაძღოლა გაუჭირდებათო. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზაურისა და მზევინარის მომავლის სჯეროდა, ექვსი ობლის დედა შუშანა აბუსელიძე იყო. ტრაგიკული ბედის ქალმა (მეუღლე სოსო აბუსელიძე ავტოავარიით დაეღუპა) ზოგს გაჩუმება, ზოგსაც ენის მოთოკვა სთხოვა – ერთხელ წამოსროლილი უდიერი სიტყვა ჩემს შვილსა და მის მოსიყვარულე ქმარს შესაძლოა, მთელი ცხოვრება განუკურნებელ ჭრილობად გაყვეთო.
ვაჟის გაბედნიერებით ოსმანი და ნათელაც ხარობდნენ. იცოდნენ, რომ ზაური ალღოიანი, შორსმჭვრეტელი, ოჯახის ადათ-წესების დამცველი ყმაწვილი იყო. მდინარე ტბეთისწყლის მარცხენა ნაპირზე სამოსახლო ტერიტორია რომ აღარ დარჩა, ოსმანი და ნათელა დავითაძეებს გაურიგდნენ და ტბეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე სამოსახლო ტერიტორია, 3000 კვადრატული მიწით, გამოისყიდეს. მშობლების თანადგომით, საკუთარი მარჯვენის წყალობით, ზაურმა და მზევინარმა ხის სახლს დამატებითი სათავსოები შემატეს, დამრეცი ნაკვეთი დაატერასეს. ერთ ნაწილზე ბოსტნეული, მეორე ნაწილზე – სიმინდი დათესეს. ნაკვეთის ბოლოს მდინარე ტბეთისწყალს ქვა-ღორღით სავსე ტერიტორია ჰქონდა დატოვებული. მდინარეს 1000 კვადრატული მეტრი ფართობი გამოსტაცეს, მიწით მოზვინეს და კარტოფილი დათესეს.
ოჯახი თანდათან შეივსო ახალი წევრებით. ივერი, ნინო, იზა და გულადი მალე წამოიზარდნენ და დედას საოჯახო საქმეებში, მამას ფიზიკურ შრომაში ეშველებოდნენ.
ყალეიბონის (ოქროპილაურის ციხის მიმდებარე ტერიტორია) უბანში მცხოვრებმა ზოიძეებმა მიწათმოქმედებასთან ერთად, მესაქონლეობასაც მიჰყვეს ხელი. 20-ზე მეტი ძროხა, 100-ზე მეტი თხა იყოლიეს. მესაქონლეობა ერთობ შემოსავლიანი, მაგრამ შრომატევადი დარგიცაა. ზოიძეებმა ადგილზე დიდი ტევადობის ბოსლები, მთა ჩირუხში კი საზაფხულო სახლები ააშენეს.
– მომთაბარეობა წინაპრებისგან მოგვდგამს. ადრე ყველა სოფელს, უბანს საკუთარი საძოვარი ჰქონდა მიჩენილი მესხეთის ან აჭარა-შავშეთის ქედების კალთებზე. გუნდაურში რომ ვცხოვრობდით, საქონელს მაწყვალთის მთაში ვაბალახებდით, ყალეიბონზე ჩამოსახლების შემდეგ, პირუტყვს აჭარა-გურიის ქედის კალთაზე (კატრიანი, მერიაყელი) მივერეკებოდით. მერე გავთვალეთ, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, პირუტყვი ზაფხულობით მთა ჩირუხში გადაგვერეკა. ნოყიერი ალპური საძოვარი, კარგი გზა, თანაც ბართან სიახლოვე ერთობ ხელსაყრელი აღმოჩნდა. 15 წელია პირუტყვს ამ მთაში მივერეკებით, – გვითხრა ზაურმა.
ყალეიბონელმა ზოიძეებმა თხის მოვლა-პატრონობაზე ხელი აიღეს და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას მეტი ასპარეზი მისცეს. პროდუქციის წარმოება ერთია, მაგრამ ქვეყნისა და უცხოეთის ბაზარზე მისი გასაღება ხშირად პრობლემაა. არც ისაა გამორიცხული, მზა პროდუქცია გაგიფუჭდეს და მთელი წლის ნაჯაფ-ნაამაგარი წყალსა და ქარს გაატანო. გონიერმა მწარმოებლებმა პირველ რიგში, ადგილზე სასაკლაოს გახსნა და საქონლის ხორცის აქვე დაფასოება გადაწყვიტეს. ამ საქმეში დიდი დახმარება ცნობილმა ვეტერინარმა ნოდარ ზოიძემ გაუწიათ, რომელიც ახლაც მათთან საქმიანობს. მისი დამსახურებაა, რომ სასაკლაოდან გასული მზა პროდქცია ეკოლოგიურად საღი და საიმედოა.
ივერმა ინდივიდუალური საწარმო გახსნა. მისი მთავარი მიზანი მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და ქვეყნისა და უცხოეთის ბაზარზე რეალიზაციაა.
ოჯახურმა შემოსავალმა ზოიძეებს უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა მისცა. ზაურმა და მზევინარმა ჩაქვში მიწა შეიძინეს, ბათუმში ხუთსართულიანი სახლი აიშენეს, ორი სართული მეწარმეობას დაუთმეს, დანარჩენი შვილებთან ერთად გაიყვეს.
ზაურისა და მისი ოჯახის პარტნიორია ძმა – მერაბი. ორი ოჯახის ალალ-მართალი შრომით, ქვეყნის ბაზარი ყოველწლიურად 40 ტონა ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქტებს იღებს. ძმებმა ეკოლოგიურად საღი პროდუქციის რეალიზაცია უცხოეთში დაიწყეს.
2020 წელი მსოფლიომ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში გამოიარა. მრავალ ბიზნესმენს ხელი მოეცარა, ბევრმა საერთოდ აიღო ხელი ამ საქმიანობაზე. ზაური და პარტნიორები არ გაჩერებულან. ზაფხულში მთა ჩირუხში 80 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავდათ გადარეკილი, მათგან 25 მეწველი ფური და თხუთმეტი ხარ-კამეჩი იყო, რომელსაც ოჯახის წევრები უვლიდნენ.
15 ზაქი გაზაფხულზე გურიისა და სამეგრელოს სოფლებში შევიძინე. სულს ღაფავდნენ. მთაში მათი სადღეღამისო წონამატი 400-500 გრამი იყო. ოთხი თვის შემდეგ თითოეულის წონამ 60-70 კილოგრამით მოიმატა, რეალიზაციაც დროულად შევძელით. კამეჩის ხორცთან ერთად, ძროხის ხორციც გავყიდეთ. საერთო შემოსავალმა 60-70 ათას ლარს გადაამეტა. მთიდან საქონელი რომ ჩამოვრეკეთ და ნამეტი პროდუქტები ბაზარზე გავიტანეთ, 2020-2021 წლის ზამთრისთვის სამზადისს შევუდექით. მარტო მთა ჩირუხიდან 10 ტონამდე თივა ჩამოვიტანეთ. ზამთრის მარაგის შესაქმნელად სამცხე-ჯავახეთს ვეწვიეთ. 10 ტონაზე მეტი უხეში საკვები იქიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გადმოვიტანეთ. ზამთარში 15 მეწველი ფური დავიტოვეთ. დღეში, საშუალოდ, 100-120 ლიტრ რძეს ვამუშავებთ. მეტწილად ქართული ყველის წარმოებაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ საქმეს ჩემი რძლები და მერაბის მეუღლე უძღვებიან.
ზოიძეებს მთა ჩირუხში, 2000 კვადრატულ მეტრ მიწაზე კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო და ხახვიც მოჰყავთ, რასაც დაბა შუახევის ცენტრში, საკუთარ სავაჭრო ობიექტში ყიდიან, მომხმარებლებიც ჰყავთ.
უკვე წესად ვაქციეთ, რომ ახალ წელს შვილებთან, სიძეებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად ყალებოინზე, ჩემს ოჯახში ვიკრიბებით, – გვითხრა ზაურმა .- მსურს შობა-ახალი წლის დღეებში ოჯახში თანაკლასელები და აღმზრდელ-მასწავლებლებიც მოვიპატიჟოთ. გიორგი დავითაძის, ომარ ტაკიძის სახით საუკეთესო მეგობრები მყავს. ამაგს ვერც პედაგოგებს დავუკარგავ.
ზაური და მისი თანამოსაქმეები მომავალს იმედის თვალით შეჰყურებენ. ისიც იციან, რომ მათ ბიზნესს წილში არავინ ჩაუჯდება, არ დააყაჩაღებს.
– 8 წელია ბიზნეს ვმართავ და მე, ჩემს პარტნიორებს მსგავსი არაფერი გვახსოვს, – ამბობს ზაური.