ვახტანგ კუტუბიძე – ასეთი მეცნიერები თავიანთი დროის გმირები არიან
ცნობილი აგრარიკოს-მეცნიერი, მკვლევარი, პროფესორი და არაერთი თაობის აღმზრდელი ვახტანგ კუტუბიძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1954 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოს ქსენია ბახტაძის ხელმძღვანელობით განაგრძო მუშობა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სელექციის მიმართულებით. იყო ჩაქვის ფილიალის უმცროსი და უფროსი მეცნიერ მუშაკი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი.
მონაწილეობდა ევროპის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებსა და კონფერენციებში, სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის მივლინებებით იმყოფებოდა აზია-აფრიკის ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის ჩაის სამშობლო ქვეყნებში.
ბატონმა ვახტანგმა დაადასტურა, რომ ამ ქვეყნად არაფერია იმაზე ძვირფასი, სახელი გაუთქვა საკუთარ მამულს. იგი ყველგან და ყოველთვის ქართველი კაცის და მეცნიერის მაგალითი იყო.
სელექცია-მეთესლეობის განყოფილებას ოთხი ათეული წელი ხელმძღვანელობდა. ამ განყოფილების მეცნიერული მიღწევები მსოფლიოს მეჩაიეობის ქვეყნების მეცნიერებმაც აღიარეს. ამიტომაც, მისი კონსულტაცია-რეკომენდაციებით, აზერბაიჯანში „ლენქორანში“ და კრასნოდარის მხარეში ათობით ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააშენეს. სარგავი მასალა, ნერგები და თესლი სწორედ ჩაქვის ფილიალიდან წაიღეს. ამაყობდა, რომ თურქეთმაც აქედან წაღებული სარგავი მასალით გააშენა ჩაის პლანტაციები. გამოიყვანა ჩაის ექვსი ახალი ჯიში და საადრეო ნაგალა ჯიშის ლიმონი „მეიერი“.
ბატონი ვახტანგი სამეცნიერო-კვლევით მუშობასთან ერთად, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ლექციებს კითხულობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში აღზარდა ასობით სპეციალისტი, 14 მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი, მათ შორის ორი უცხოელი. გამოაქვეყნა ოთხი მონოგრაფია, 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო სახელმძღვანელო „ჩაის სელექცია“ სამაგიდო წიგნად ითვლება. ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იგი არჩეული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრად და დიდი წვლილი მიუძღვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებაში.
არიან ადამიანები, რომელთა შრომა და ღვაწლი არასოდეს იკარგება, უფრო მეტიც, რაც დრო გადის, უფრო ფასეული ხდება და მომავალი თაობებისათვის საუკეთესო მაგალითად რჩება. ვახტანგ კუტუბიძის მსგავსი გამოჩენილი მეცნიერები, რომელთა მოღვაწეობა აჭარაში დიდი ისტორიული გარდაქმნების ეპოქას დაემთხვა, იმ დროის გმირები არიან. თქვენი ხსოვნა მანამ იქნება, სანამ იარსებებს ჩაი და სუბტროპიკული კულტურები. . .
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვახტანგ კუტუბიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო