ოკუპაციის დაკანონება თუ შანტაჟის მორიგი მცდელობა?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ყოველი ერი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვა ერებისა და მთელი კაცობრიობის წინაშეც, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის ნორმები ამისკენ მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნორმებს გლობალური აქტორები არღვევენ, უმეტესწილად – რუსეთი. დასავლეთის უუნარობის შედეგად კრემლმა მიზანს მიაღწია, შეაფერხა პოსტსაბჭოთა ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მსვლელობა ნატოს წევრობისკენ და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენა. . . ეს გრძელდება წლიდან წლამდე. . . სამწუხაროდ, რუსეთი პოზიციას არ იცვლის – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს მოსკოვის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ამასწინათ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება გადაწყვიტა – აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან ჩვენი საზღვრების დადგენა მოისურვა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება და დაკანონება იქნება. სხვათა შორის, სწორედ ამ საშიშროებაზე საუბრობდნენ დასავლელი და ქართველი ექსპერტები „ურჩ” რესპუბლიკებთან მიმართებით რუსეთის სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობისას. დასავლეთი, ცხადია, აცნობიერებს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს და ცდილობს ადეკვატური ზომები მიიღოს, ამ მხრივ ნატოში შემავალ ქვეყნებს საფრთხე არ ელოდებათ. ალიანსის არსებობა ამის მკაფიო გარანტიაა, ისინი დაცულნი არიან სხვადასხვა აგრესორისგან, მაგრამ რა ეშველება ნატოს მიღმა დარჩენილ ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას? სწორედ ამ სახელმწიფოებზე ვარაუდობს რუსეთის აგრესიას ნატო. რატომ ამოიღო მიზანში რუსეთმა მაინცდამაინც ეს სამი ქვეყანა? ცხადია, იმიტომ, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებას ცდილობენ, თანაც 2022 წელს საბოლოოდ უნდა გაირკვეს, გაფართოვდება თუ არა ნატო აღმოსავლეთით და ამავდროულად, შეძლებს თუ ვერა რუსეთი ევრაზიული კავშირის გაძლიერებას. რასაკვირველია, მოვლენათა მსვლელობაში დასავლეთის ქვეყნების პრინციპულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტი როლი მაინც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებებს ენიჭება. თუ მათ თავიანთი წინამორბედების მსგავსად, დაიწყეს აბსურდული საუბარი ორ რუსეთზე და არ დააკონკრეტეს, რომ რუსეთის უმთავრესი მიზანი ახალი იმპერიის აღდგენაა, მაშინ სათანადოდ ვერც დასავლეთი დაეხმარება ამ სახელმწიფოებს და რუსეთსაც გაუადვილდება მიზნის მიღწევა. ისმის კითხვა, რა მიზანი დაისახა ამჟამად კრემლმა და რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა მხარემ? საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთმა საქართველოში მყარი დასაყრდენი ძალა ვერ შექმნა, აქ ვერც ვითარების დესტაბილიზაცია მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს – პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი მაინც მკვეთრად პროდასავლური კურსის ერთგულია. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებაბ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხოლო ნატოში ინტეგრაცია თბილისის გაცხადებული მიზანთ მიზანია, რაც, ცხადია, მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, კრემლის სტრატეგიული მიზანია საქართველოზე კონტროლის დამყარება, რათა ჩვენი ქვეყანა არ გაერთიანდეს ნატოში. დასამალი არაა, რომ რუსეთი ენერგეტიკული შანტაჟით ემუქრება ევროპას, რათა კონტინენტზე დომინანტი პოზიცია შეინარჩუნოს, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, დასავლეთმა სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ჰეგემონიის შესაკავებლად, ანუ ნატო ბოლოსდაბოლოს უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით. საქართველოში ხშირად მსჯელობენ ნატოსა და ევროკავშირის თავშეკავების მიზეზებზე. მაგალითად, ამბობენ, რომ თითქოს ალიანსი ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებას იჩენს რუსეთის მიმართ. რეალურად, ნატო იმყოფება სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, მაგრამ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მყისიერი საფრთხეები. შესაბამისად, ალიანსისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შეკავების მექანიზმის გაძლიერება, ანუ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ მეხუთე მუხლის ამოქმედების საჭიროების შემთხვევაში ალიანსი ფუნქციონირებდეს ეფექტიანად. სწორედ ამას ემსახურებოდა უელსის და ამასწინდელ სამიტზე ნატოს სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამ მიმართებით, საქართველო და ნატო აქტიურად თანამშრომლობენ, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არარეალურად ჩანს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ შესაძლებლობათა ფანჯარა შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში. მთავარია, ჩვენ აღმოვჩნდეთ მზად ამ მხრივ, და ეს დრო არც ისე შორსაა. თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში, ასევე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო არენაზე გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის პოზიციები, გარკვეულწილად, მაინც შემცირდა, თუნდაც ავიღოთ ყარაბახში განვითარებული მოვლენები. აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, თურქეთიც დამკვიდრდა სამხედრო კომპონენტით აზერბაიჯანში, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ, როგორც ვიცით, მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა და ზესახელმწიფოები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს თურქეთი დაეხმარა ყარაბახის დაბრუნებაში, სომხეთი კი გაწირა რუსეთმა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ინტერესებია მთავარი, რაც არაერთხელ დადასტურებულა. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა, ჩვენ სხვა მოკავშირეები არ გვყავს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ნატოს გაფართოების მომხრეა და მოკავშირეებს მხარდაჭერასაც ჰპირდება რუსეთთან მიმართებით. სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით რუსეთის ტელევიზიებს, მათ დიდად არ ხიბლავთ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. ისიც ცნობილია, რომ ბაიდენი 2011 წელს თბილისში იმყოფებოდა და ძალიან კარგად იცის მისი რეალური ზრახვების შესახებ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით. სხვათა შორის, მან კრემლს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდა, როდესაც სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა. რა პოზიციაზე იქნება იგი პრეზიდენტის რანგში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ახლაც კარგად ჩანს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მანამდე ვერ მოწესრიგდება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება. უნდა ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტყვიების ზუზუნი არ გვესმის, მაინც რუსეთთან ომში ვართ ჩაბმულნი.
როგორ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაში? უნდა შევძლოთ მისი დაჯერება იმაში, რომ საქართველო დაცალკევებული სახით მას არ გამოადგება, რუსეთს გაძლიერებული საქართველო უფრო დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე დაყოფილი. დღეს კრემლი საქართველოს გაძლიერებაში ამერიკის და ევროპის ძალას ხედავს, რაც მისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, დასავლეთი უნდა ჩავრთოთ პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე მოვა და რუსეთს დაამარცხებს. ჩვენ გამო ომს არავინ დაიწყებს, ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს აღსადგენია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს სტაბილურობა, ანუ შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ეს ქვეყნისთვის იქნება სავალალო. ძნელი სათქმელია, თუ როდის მოხდება ნატოში საქართველოს გაწევრიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება მსოფლიოში. თუმცა ერთი რამ ცხადია, თუ არ დავუშვებთ საბედისწერო შეცდომებს, გავძლიერდებით ეკონომიკურად, ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულს გავხდით და, რაც მთავარია, თუ დაგვეხმარება დასავლეთი, დროთა განმავლობაში აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს).