რა სიახლეებია საქართველოში ახალი წლიდან?
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
საქართველოში 1 იანვრიდან რიგი სიახლე ამოქმედდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს ეხება.
წელს პენსიები ასაკობრივი პენსიონერებისთვის კვლავ გაიზარდა და ასე იქნება ყოველ წელს. 70 წლამდე პენსიონერებისთვის თანხა გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 240 ლარს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები 275 ლარს მიიღებენ. ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია.
სასიხარულოა ისიც, რომ გაზრდილ ხელფასს 1 იანვრიდან მასწავლებლების ნაწილიც მიიღებს – სრული სამუშაო დატვირთვის მქონე სახელმწიფო სკოლების მასწავლებლები 100 ლარით მეტს. ეს მატება სკოლების დაფინანსების 106 მლნ ლარით ზრდის ფარგლებშია გათვალისწინებული.
კომპენსაციები ელოდებათ უმუშევრებს. კერძოდ,
შეზღუდვების ახალი ტალღის პერიოდში, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, ოფიციალური სამუშაოს გარეშე დარჩენილები 1 იანვრიდან 200- ლარიან ფულად კომპენსაციებს მიიღებენ ნახევარი წლის განმავლობაში. ინფორმაციას დაკარგული სამუშაოს შესახებ მათი დამსაქმებლები წარადგენენ.
რაც შეეხება დენზე ტარიფების ზრდას, წელს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა გაზრდილი ტარიფის მიხედვით ყველას არ მოუწევს. სახელმწიფომ განსხვავების გადახდა გადაწყვიტა მათთვის, ვინც 300 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამგვარად, მოსახლეობის 95 პროცენტი ელექტროენერგიის საფასურს ძველი ფასებით გადაიხდის.
2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოების წესები. ამიერიდან ბავშვების ექსკურსიაზე წაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ ტრანსპორტით, რომელმაც ტექდათვალიერება მაქსიმუმ, ექვსი თვის წინ გაიარა. მძღოლიც კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 იანვრიდან ქვეყნიდან გასვლაზე ახალი შეზღუდვები მოქმედებს. ამიერიდან, გასვლაზე ან პასპორტის გაცემაზე შეიძლება უარი უთხრან, თუ მასზე ძებნაა გამოცხადებული, სარგებლობს ყალბი დოკუმენტებით. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნიდან გასვლაზე, თუ მას არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომლის მოქმედების ვადა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების დღისთვის შეადგენს არანაკლებ სამ თვეს. საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან ვერ გავა ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი ან ბილეთის დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დაჯავშნილი სასტუმრო, ან კიდევ შენგენის ზონაში მცხოვრები მასპინძლის თანხმობა მის განთავსებაზე და ზუსტი საცხოვრებელი მისამართი.
საქართველოში 1 იანვრიდან მოქმედებს ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების მართვის ახალ წესებს ითვალისწინებს. ქვეყანაში ყველა ტყე საკუთრებისა და დანიშნულების კატეგორიებად დაიყოფა. დანიშნულების მიხედვით დარეგულირდება ამ ტყით სარგებლობის წესებიც. გარდა ამისა, დაიწყება ტყეების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის შეფასება, მკაცრად დარეგულირდება მათი ჩეხვა, ასევე შეიქმნება სატყეო მეურნეობების თავშესაფრები ველური ცხოველებისთვის.
1 იანვრიდან გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების მიღების უფლება. სახელმწიფო ასევე დაიცავს ამ პირებს დამამცირებელი დამოკიდებულებისგან, დაიცავს მათ პირად ცხოვრებას და უზრუნველყოფს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას.
შრომის ინსპექციას 1 იანვრიდან უფლება აქვს, გაუფრთხილებლად შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში და შეამოწმოს მისი როგორც შრომის უსაფრთხოება, ისე მის მიერ შრომის კოდექსის დაცვა. ინსპექციას ასევე, აქვს უფლება, დააჯარიმოს არა მარტო შრომის უსაფრთხოების წესების, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის სხვა ნორმების დამრღვევიც, მათ შორის, დისკრიმინაციის, სამუშაოს იძულებისა და კოლექტიური შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევების გამო.
ჯარიმის ოდენობა 200 ლარი და მეტია, დარღვევიდან გამომდინარე.
საქართველოში 1 იანვრიდან სისტემურ-ელექტრონული თამაშები და წამახალისებელი გათამაშებები შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში.
ლიცენზიის თანხა ყველა ელექტრონულ თამაშზე, კვარტალში, 250 ათასიდან 300 ათას ლარამდეა. წამახალისებელ გათამაშებებზე კი საპრიზო ფონდის 10%-ის გადახდა იქნება საჭირო.
ლიცენზიის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევს დიდი ჯარიმა ელოდება.
სიახლეა ისიც, რომ „17 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებული პენსიით უკვე 591-მა ადამიანმა ისარგებლა“,- ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე. მთ შორის, ვინც დაგროვებული პენსიით ისარგებლა, 258-მა მოქალაქემ დაგროვილი თანხა მიიღო საპენსიო ასაკის შესრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა. სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება – თვეში, საშუალოდ, 12 ათასი ადამიანით. ამ დროისათვის სქემაში 1 102 695 ადამიანია რეგისტრირებული. საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 113 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში. დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში, მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს. ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის მოცულობამ 1,08 მლრდ ლარს გადააჭარბა.