„ფალავანი“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14
ჭვანის ხეობაში ერთი თაობის სამ დავით ქათამაძეს იცნობენ – ბარათაულელს, ცხემლისელსა და ჭვანელს. ქართულ სიტყვასთან ჭიდილი, შემოქმედებითი ნიჭი ჭვანელ და ბარათაულელ სეხნიებს ბუნებით აქვთ მომადლებული. ამჯერად, ჭვანელ დავით ქათამაძეს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. იგი პროფესიით პედაგოგია. რამდენიმე სპეციალობას დაეუფლა – ჯერ დაწყებითი განათლებისა და მეთოდიკისას, შემდეგ – ისტორიის.
დავითი წლებია ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში ლექსებს აქვეყნებს. დაბადებიდან 70 წლისთავი რომ შეუსრულდა, საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ დასაბეჭდად მზად აქვს ისტორიული რომანი „ფალავანი“ და მართლაც, წელიწადნახევარში მკითხველთა სამსჯავროზეა ამ სახელწოდების წიგნი, რომელიც მისი პირველი პროზაული ნაწარმოებია.
„ფალავანი“ დავით ქათამაძის თანასოფლელის, ბეჭდაუდებელი მოჭიდავის ახმედ ბეჟანიძის სპორტულ შემართებას, მშობლიური კუთხის სიყვარულს, ეროვნული ადათ-წესებისადმი ერთგულებას, ოჯახისადმი თავდადებას ეძღვნება. ავტორი ხალხურ სიბრძნეს, მის წიაღში დავანებულ თქმულებებს, ისტორიულ ფაქტებს, საოცარ ბუნებას მხატვრულად წარმოაჩენს, ხშირად იყენებს ადგილობრივ დიალექტს, კუთხისთვის დამახასიათებელ ძველ ქართულ სიტყვებს, ანდაზებს, იდიომებს.
წიგნის რედაქტორია ოთარ ცინარიძე.