ხიმშიაშვილთა ღირსეული შთამომავალი
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილებმა საგმირო საქმეებით ღირსეული წვლილი შეიტანეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მათი შთამომავლები მუდამ ერისა და ქვეყნის სამსახურში იდგნენ. გამორჩეულია იოსებ ხიმშიაშვილის საზოგადოებრივი საქმიანობა და პუბლიცისტური მოღვაწეობა. მისი თაობის ნიგაზეულელები – გურამ, ამირან, ვასო, შაქრო ხიმშიაშვილები ეროვნული სულისკვეთებითა და პატრიოტული შემართებით არიან ცნობილნი. იოსების წინამძღოლობითა და მათი თანადგომით, ბოლო ათწლეულებში ნიგაზეულში მნიშვნელოვან წამოწყებებს დაედო სათავე. გამორჩეული მაინც სახალხო დღესასწაულ „სელიმობის“ დაწესებაა. იგი სერიყანაში ყოველი წლის 3 ივნისს, სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის დღეს აღინიშნება.
ქართულ პუბლიცისტიკაში, უახლოეს ისტორიაში ხიმშიაშვილების მამულიშვილურ ღვაწლს, პატრიოტულ შემართებას მრავალი ნაწარმოები, ისტორიული გამოკვლევა მიეძღვნა. გაივლის წლები და საზოგადოება კიდევ უფრო დააფასებს ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ აკაკი ზოიძის წიგნს – „სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე“.
მკითხველი თვალის ერთი გადავლებით შეიცნობს, რომ ეს წიგნი კუთხეზე, ქვეყანაზე შეყვარებულ გურამ ხიმშიაშვილს ეძღვნება. ავტორი მარტო ერთი პიროვნების, ერთი სოფლის (ნიგაზეულის) წარმოჩენით არ შემოიფარგლა. მან აღწერა ის გარემო, ადამიანები, ახლობელთა და მეგობართა წრე, რომელშიც, 70 წლის განმავლობაში, გურამს ცხოვრება და შრომა უწევდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ წიგნის გამოცემის იდეა გაჩნდა საიუბილეო საღამოზე, რომელიც გურამის დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა. იმ დღესვე გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე აკაკი ზოიძეს უნდა ეტვირთა. წიგნის შინაარსი, წარმოდგენილ მასალათა სიუხვე საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ ავტორმა შესავალსა და შემდგომ თავებში: „მშობლიური სამკვიდრო-ნიგაზეული“, „დედმამიშვილები“, „სწავლა-განათლება“, „ომების ექო“, „ოჯახი“, „სხვადასხვა“, „შტრიხები პორტრეტისათვის“, „სანათესაო წრე“ შთამბეჭდავად, სრულად და მხატვრულად დაგვიხატა გურამ ხიმშიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
წიგნი უხვადაა ილუსტრირებული. მისი რედაქტორია პროფესორი ავთანდილ დიასამიძე, რეცენზენტები – პროფესორი სერგო დუმბაძე და ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი, ტექნიკური რედაქტორი – გურანდა ბოლქვაძე.