ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები’’, – წერს სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.
,,სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.
პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა. მისივე თქმით, რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს. ,,ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა. მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ – თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა. რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს. მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც – თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვნიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც“,- აცხადებს იგი.
როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. ,,სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ მზად არის, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, უახლოეს პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეცნობება.
„ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობას. მანამდე პოლიტიკური საბჭოს სხდომა იქნება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ვფიქრობ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ“,- აცხადებს თალაკვაძე. მან აღნიშნა, რომ ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ინსტიტუციური რეფორმები. თალაკვაძის განმარტებით, შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების გამიჯვა მოხდა და ინსტიტუციური დემოკრატია განხორციელდა. „სრულიად ლოგიკურია მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე. მინდა ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა თალაკვაძემ.
“ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას. როგორც კალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. „როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ოცნების ამომრჩეველს და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”. მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს, რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შექმნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის განმვალობაში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები – ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას. ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია. მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად. დაბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის“, -აცხადებს კალაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.
როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“. „გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების, ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ახლა ის ყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა, კი მაგრამ, თუ გაყალბდა, მას ხელისუფლება რანაიარად გადაეცა?! ყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციისთვის, ჯიბეში ჩაიდო. ყველაზე მეტად აღმაშფოთა, როდესაც ამბობს, რომ თურმე სიღარიბე საქართველოში ობიექტური რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად! სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტია, პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი ზუსტად ორჯერ დაეცა, პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში, მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნეპოტიზმია და თუ ნათესავი, პატრონი არ გყავს მის ბანდაში, ვერაფერს აღწევ. ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და კონტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონო სისტემის, რომელიც საქართველოში გაბატონდა. პირდაპირი შედეგია ფეოდალიზმის, ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის. ამიტომ არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, საზღვარგარეთ გაყაროს. მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს შნირებს გადავაბარე ხულისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც თანამდებობასთან. ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. მას მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხითვის, რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვის, დაშინების და გაყალბებისა. მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. ასევე მას მოუხდება ქართველი ხალხის ქონების მართლაც დაბრუნება, ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვის და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის გადანადგურებული, ქართული ოჯახები კი ფეხქვეშ გათელილი. ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. არა მხოლოდ არავინ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია!“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის: 2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა. ხოლო 2018 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ.