,,თქვენ მართლა გჯერათ, რომ ივანიშვილი წავიდა სახლში და აღარ დაბრუნდება პოლიტიკაში?“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
ბიძინა ივანიშვილის „ქრთული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობიდან და საერთოდ, პოლიტიკიდან წასვლამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პოზიცია ელის, რომ ივანიშვილი ახალ პარტიას დააფუძნებს, რათა 2024 წლის არჩევნებზე ჩაანაცვლოს „ოცნება“, ხოლო ოპოზიცია სულაც არ თვლის მის წასვლას რეალურად და მიიჩნევს, რომ ამჯერადაც დარჩება არაფორმალურ ლიდერად, რომლის გარეშეც ვერცერთი ხელისუფალი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს ვერცერთ საქმეს. აქედან გამომდინარე, ოპონენტები ჯერ კიდევ არ აპირებენ პოზიციების დათმობას და ბოიკოტირების რეჟიმის შეწყვეტას. ისინი ისევ და ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ საერთოდ წავა პოლიტიკიდან.
რას ფიქრობს ამ თემაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ?
-ამ პიროვნებას რომ დადებითად არ ვაფასებთ, ეს არავისთვის არის ახალი ამბავი. მისი წასვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანს საკუთარი თავის და ოჯახის გარდა არაფერი და არავინ ადარდებს. წარმოიდგინეთ, რა უნდა იფიქრო ლიდერზე, რომელიც 9- წლიანი მმართველობის შემდეგ უკანმოუხედავად ტოვებს ერთპარტიულად ქცეულ პარლამენტს, ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც ერთ მხარეს ის და მისი მონები არიან, მეორეზე კი მთლიანად გაღატაკებული საქართველო. ამით ივანიშვილი გაურბის პასუხისმგებლობას. აქვე არ დაგავიწყდეთ, სამჯერ გაზრდილი საგარეო ვალი, გაუფასურებული ვალუტა, ინფლაცია და გლობალური უმუშევრობა, რაც აღარ ექვემდებარება არანაირ გამართლებას.
-„ნაციონალების“ მმართველობის პერიოდშიც ვერ ვიყავით მდიდრები, მაშინაც იყო უმუშევრობა და ინფლაცია. . .
-ამაშია საქმე, მაგრამ იმ დროისთვის, ქვეყანა უკვე ამოვიყვანეთ ღრმა ჭაობიდან. აღმოფხვრილი იყო უშუქობა, უწყლობა, უგზოობა. ჩვენ შევძელით სახელმწიფო სტრუქტურების ამოქმედება და მათი სრულად განახლება. გარემონტდა სკოლები, საბავშვო ბაღები, დაიგო გზები, გამოიცვალა საკანალიზაციო და წყლის სისტემები. აშენდა ახალი, თანამედროვე კორპუსები, განახლდა საავადმყოფოები, პენიტენციალური და პოლიციის სისტემები, შეიქმნა საჯარო რეესტრი. . . რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარ ვიცი. სწორედ ჩვენი მმართველობის პერიოდში დაიწყო ქვეყანამ წინსვლა, საერთაშორისო იმიჯის დამკვიდრება, ტურიზმის ამოძრავება და ხელფასების თუ პენსიების ზრდა. ეკონომიკის განვითარებაზე ფანტასტიკური პროგნოზები კეთდებოდა. ყველაფერ ამას მივაღწიეთ მუხლჩაუხრელი შრომით და სწორი პოლიტიკით.
– თუკი ასეთი წინსვლა გქონდათ, ხალხმა ზურგი რატომ შეგაქციათ და „ქართულ ოცნებას“ რატომ დაუჭირა მხარი?
– რუსეთთან ომმა შეაფერხა განვითარება, თანაც გვქონდა შეცდომებიც, რასაც ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ გამოვასწორებთ. თუმცა შეცდომებს უშვებს ის, ვინც აკეთებს, ერთ ადგილზე გაჩერებული ვერ შეძლებს ვერც საქმის გაკეთებას და ვერც შეცდომების დაშვებას. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოური საზოგადოებრივი წყობის, საბჭოთა მენტალიტეტის ჩამოშლა, ურთულესი პროცესი იყო. მაშინ ჩვენ დავდექით ძველი ბიუროკრატიის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი წინაღობის წინაშე, რომლის რღვევაც მოგვიწია. სხვა მხრივ, ვერ შევძლებდით კოლოსალურ წინსვლას უმოკლეს პერიოდში.
– გამოდის, ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის?
– მან დაიყენა გვერდით ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დააქციეს ქვეყანა. ისევ ჩაიფლო საქართველო კორუფციის ჭაობში, რასაც უკვე თვალნათლივ ხედავს ყველა. სწორედ ესაა მისი დანატოვარი. ამიტომ ვამბობდით, რომ დროზეა ჩამოსაცილებელი ეს ადამიანი და მისი გუნდი მმართველობის სადავეებს. წინსვლის ნაცვლად, უკან დახიეს ქვეყანა,ხოლო ივანიშვილის წასვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე. უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, მსოფლიო პანდემიის პერიოდში ტოვებს პოსტს და იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად მასზე არიან დამოკიდებულნი. სხვა რა უნდა დავარქვათ მის ამ გადაწყვეტილებას?
– თავად ივანიშვილი ოპოზიციის უტიფრობას აბრალებს მის ამ გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ ბოიკოტის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შეილახება.
– მოულოდნელ გაწვიმებასაც კი ივანიშვილი ოპოზიციას აბრალებს. ეს უკვე აღარავის უკვირს. მთელი 9 წლის განმავლობაში, თუ გახსოვთ მისი ერთი ეპისტოლე მაინც, სადაც სააკაშვილის ამბავი არ ექნებოდა ნაამბობი? ყველგან ერთი და იგივეს ამბობს თავისუფალ მედიაზე, ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ა.შ. მისი ბრალი რატომღაც არაფერია, ყველაფერი მიშას და ჟურნალისტების ბრალია, არადა, ავიწყდება, რომ უკვე ლამის ათწლეული გავიდა, რაც ერთპიროვნულად მართავს საქართველოს.
– ამ შემთხვევაში, გამოდის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საზეიმო ვითარება შეიქმნა?
– ნუ გამაცინეთ, თქვენ რა, გჯერათ, რომ ივანიშვილი წავიდა სახლში და აღარ დაბრუნდება პოლიტიკაში? ვინ არის ასეთი მიამიტი, ეს რომ დაიჯეროს? ან იმას ფიქრობთ, რომ კობახიძე თუ მურუსიძე მის გარეშე გაარკვევენ, ვინ დაიჭირონ, ან ვინ გაათავისუფლონ? გარწმუნებთ, თავს ვერ დაადგამენ ელემენტარულ საქმესაც კი. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წასვლის მსგავსიც კი არაფერი გვიფიქრია, ერთი წამითაც ვერ დავუშვებთ ამას. ასე რომ, ჯერჯერობით არაფერი გვაქვს საზეიმო. ვიზეიმებთ მაშინ, როდესაც საკუთარ დამქაშებთან ერთად გამოიხურავენ პარლამენტის და მთავრობის სახლის კარებს და გაეცლებიან ქვეყანას.
– თქვენ თვლით, რომ ივანიშვილი ქვეყანაში დარჩება ნაცრისფერი კარდინალის სტატუსით?
– რა თქმა უნდა, იქნება ჩრდილში, ოფიციალურად არსად დაფიქსირდება, მაგრამ ყველა ქმედებას თავად დასახავს და მისი ხელმძღვანელობით განახორციელებენ. ის ერთხელ უკვე „წავიდა“, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ არსად წასულა. იგივე პროცესია ახლაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კაცი პოლიტიკური უჩინმაჩინია – არის და არც არის.
– ბოიკოტის შეწყვეტას ხომ არ აპირებთ ივანიშვილის წასვლის კვალდაკვალ?
– ბოიკოტი არ შეწყდება, რადგან არ შესრულებულა არცერთი ჩვენი მოთხოვნა. ივანიშვილის ვითომ წასვლა არ ნიშნავს არაფერს. ჯერ ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები და შემდეგ თავად დაინახავთ, რომ მართლა წავა ივანიშვილიც და „ქართული ოცნებაც“. ახლა ის უბრალოდ, გვერდზე გადგა, პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან, თორემ არსად წასულა. პროკურატურა, სასამართლო, უშიშრობა, ჯარი, სამთავრობო სტრუქტურები ისევ მის განკარგულებში რჩება. ჩვენ ვითხოვთ არა მისი პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, სამართლიან არჩევნებს.
-„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი გადადგა, გაირკვა,რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა.
– რას ამბობთ, გლობალურად გაყალბდა არჩევნები, არნახული მასშტაბით ხდებოდა ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ ცესკოს, ეუთოს ვებგვერდებზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ნათლად ასახავს, რა ტიპის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი არჩევნების მსვლელობისას. ბათუმის მაგალითი ავიღოთ, 120 შემაჯამებელი ოქმიდან 80-ში ბალანსი რომ არ დაჯდება, სხვაზე რა ვილაპარაკოთ. სწორედ ამ ოქმებიდანაა დათვლილი ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გავიდოდით უმრავლესობით, ეს უკვე უტყუარია. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამით დარჩა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და მარტო დატოვა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, უკვე გასაგები ხდება, რატომ აიცილა ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა და აირჩია არაფორმალური მმართველობის გზა. ერთი ოპოზიციური პარტიაც რომ არ აღმოჩნდა, რომელიც განტვირთავდა ვითარებას და იტყოდა, მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები და შევალ პარლამეტშიო, ესეც არაფერს ნიშნავს? ნუთუ ყველაფერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია? რატომღაც ადრე ასე არ გვენდობოდნენ სხვა ოპოზიციური ძალები, პირიქით, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ახლა რამ გადმოიყვანა ჩვენ მხარეზე, იმან ხომ არა, რომ კარგად დაინახეს, ვის აუბეს თავის დროზე მხარი და ვის გაამარჯვებინეს?
– მავანნი იმასაც ამბობენ, რომ არჩევნებში ტრამპის დამარცხებამ განაპირობა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, ანუ ზურგი აღარ აქვსო.
– ასეთი დონის საერთაშორისო ექსპერტად მე არ გამოვდგები. ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორს წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, აშშ-დან გვექნება სათანადო მიმართულების, სწორი გზავნილები და პოლიტიკური ვითარების სამართლიანი შეფასება, რომლის ადრესატები ვიქნებით ჩვენც და ივანიშვილიც, სტატუსის მიუხედავად, ანუ იქნება ის პარტიის თავმჯდომარე თუ რიგითი მოქალაქე.
– რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე პროცესებს, აქციები ისევ გაგრძელდება?
– ივანიშვილს ეგონა, რომ ეს აქციები დაიშლებოდა, მაგრამ – გაიშალა. ახლა უკვე ხელვაჩაურის „თავისუფლების კვარტალი“ გაიხსნა. ასევე შემოგვიერთდება ქედა, ხულო, შუახევიც. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, აჭარის უწყვეტ საპროტესტო აქციებს მთელი საქართველო მიბაძავს. სწორედ ამის ეშინია ბიძინა ივანიშვილს – ორგანიზებულად, ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში ხილვა.
– პანდემიის პერიოდში რამდენად უსაფრთხოა ეს შეკრებები?
– ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ რეკომენდაციებს, გვაქვს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რაც არაფერ ცუდს არ უქადის მოსახლეობას, არც ვირუსის გადადების, არც ძალადობის კუთხით. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით ყველანაირ პროვოკაციას, რათა არ მივცეთ ხელისუფლებას ჩვენი აქციების დარბევის და აკრძალვის მცირე საბაბიც კი. იყო მათი მხრიდან მსგავსი მცდელობები, მაგრამ არასოდეს წამოვგებივართ არცერთ პროვოკაციას. მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ერის წინსვლისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ გადავლახოთ არჩევნების გაყალბების მავნე ჩვევა და მივაღწიოთ ხელისუფლების ცვლას დემოკრატიულად, რაც ისევ და ისევ, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებითაა შესაძლებელი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ დავიცავთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმას. არ შევალთ ქვეყნის არცერთ საკანონმდებლო ორგანოში მანამ, სანამ არ გადაწყდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

