მუხროვანში კარგად არიან
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
„ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი სულ ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა“, – წერდა აკაკი წერეთელი. შუახევისა და ხულოს რაიონებში მცხოვრებლებს ჭირნახულობა სიმტკიცეს ასწავლიდა. საუკუნეების განმავლობაში წინაპართა საძვალეებს პატრონობდნენ. უჭირდათ თუ ულხინდათ, ბედს სჯერდებოდნენ, წყალობის იმედზე არ იყვნენ. თავისი გაჭირვებისა თავად იცოდნენ. ალბათ საქართველოს არცერთ კუთხეში ისე არ უფრთხილდებოდნენ მიწას – კაცის მარჩენალს, როგორც აჭარის მთიანეთში, თუმცა. . . მიწის, სხვა ბუნებრივი რესურსის ჭარბმა მოხმარებამ სტიქიური პროცესები გაააქტიურა. სტიქიის შემოტევა ყველაზე მძიმედ 1989 წლის უხვთოვლიან ზამთარში გადაიტანეს მშობლიურ მიწაზე შეყვარებულმა გოგაძეების, ტბეთის, ვაშლოვანის, წყაროთის, ტაკიძეების მკვიდრებმა. მრავალი გაჭირვების მომსწრენი, მშობლიურ კუთხეს კიდევ არ მიატოვებდნენ, რომ არა სხალთის ხეობაში დატრიალებული ტრაგედია და მიწაში ჩაკირული 23 სიცოცხლე. ასეულობით ოჯახი დადგა არჩევანის წინაშე. ქვეყნის 40-მდე რაიონის მცხოვრებლებმა სითბოს განაწილება და ლუკმის გაყოფა შესთავაზეს აჭარის მთიანეთში მცხოვრებ თანამოძმეთ.
1989 წლის დეკემებერში მშობლიურ მიწა-წყალს დაემშვიდობნენ ვაშლოვანელი აბულაძეები, გოგაძეებელი დავითაძეები, თურმანიძეები, ჯიბლაძეები, ტბეთელი ფევაძეები, წყაროთელი სათმანიძეები, ჭალელი შარაშიძეები, ტაკიძეებელი ტაკიძეები და გარდაბნის რაიონში, საქართველოს შინაგანი სამინისტროს მფლობელობაში არსებულ მუხროვანის მერძეობა-მემინდვრეობის მეურნეობის ტერიტორიაზე დროებით მიჩენილ ბინებში შესახლდნენ.
ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობის, სტიქიისგან დაზარალებული აჭარლების დახმარების ფონდის წყალობით, მუხროვანის ტერიტორიაზე 50-მდე ოჯახისთვის განკუთვნილი სახლების საძირკვლები მოინიშნა. იყო სურვილი, ერთ დროს ბაღნარად ქცეულ ტერიტორიაზე ქართულ ჯიშსა და გენს ნორმალური ცხოვრების, შრომის პირობები ჰქონოდა.
მუხროვანი გამონაკლისი არ იყო. იმ წელს 503 საცხოვრებელი სახლი შენდებოდა ჯავახეთის ზეგანზე, 150-მდე სახლის მშენებლობა იგეგმებოდა მუხროვანის მეზობლად – მარტყოფის ველზე, რომელიც შემდგომში სოფელ ვაზიანად მონათლეს.
3000-ზე მეტი ოჯახისთვის ასევე ტიპური – ორსართულიანი სახლები შენდებოდა ერისიმედში, ფიროსმანში, დისველში, შავშვებში, ფონიჭალაში, კრწანისში, სხვა სოფლებში. მარტო აღმოსავლეთ საქართველო არ იყო ამ პროცესებში ჩართული. სტიქიისგან დაზარალებულებს საცხოვრისს სთავაზობდნენ იმერეთის, სამეგრელოს, გურიის სოფლებში.
კეთილად დაწყებული საქმე გასული საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა, ეკონომიკურმა ქაოსმა ლამის ჩაკლა. სტიქიისგან დაზარალებულებისთვის აღარც ხელისუფალს ეცალა და არც საქველმოქმედო ფონდებს. მუხროვანში მხოლოდ 10-მდე სახლი აშენდა.
კრიტიკულ სიტუაციაში ერთხელ კიდევ წარმოჩნდა ახალმოსახლეთა მხრიდან ქართული მიწის სიყვარული. მათ, ზოგიერთების მსგავსად, ერთხელ მიჩენილი, ღვთით ბოძებული სიმდიდრე – მიწა-წყალი არ მიატოვეს. ნახევრად აშენებულ სახლებში გადაბარგდნენ და ცხოვრებას, შრომას მთელი ენერგიით შეუდგნენ.
იმხანად მუხროვანის მეურნეობის კუთვნილებაში იყო 2700 ჰექტარი სახნავ-სათიბი. ილეწებოდა და ბინავდებოდა ხორბალი. 250-ზე მეტი მეწველი ფური დადიოდა ნახირში. ვითარდებოდა მეღორეობა. მუხროვანში დამკვიდრებისთანავე ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმდნენ მინდია აბაშიძე (განსახლებამდე შუახეველი ახალგაზრდების ლიდერი იყო), რამინ, დევი (ასლან) დავითაძეები, ვალერიან ფევაძე, რამაზ აბაშიძე.
ახალმოსახლეთა საშუალო ასაკი 30-35 წელი იყო. 60 წელს იყვნენ მიტანებულნი ეთერ აბაშიძე, სონია ზოსიძე-დავითაძე, სულთან დავითაძე. მინდორში, მეცხოველეობისა და მეღორეობის ფერმებში სამუშაოებზე ყოფილი პატიმრები ახლად ჩამოსულებმა ჩაანაცვლეს. გამომუშავებულ თანხასთან ერთად, დასაქმებულებს ხორბალს, რძეს, რძის პროდუქტებს, ხორცს დამატებით აძლევდნენ.
– ქვეყანაში ხორბლის, ფქვილის, სხვა სურსათის დეფიციტი რომ იყო, ახალმოსახლეებს ეს პროდუქტები მაინც გვეძლეოდა. ზოგიერთები აჭარაში დარჩენილ ახლობლებსაც ვუგზავნიდით ხორბლის ფქვილს, – იხსენებს დარეჯან დავითაძე-ფევაძე.
შრომისმოყვარეობის შედეგია მუხროვანში დღეს არსებული ვითარება. 25-მდე ოჯახმა ნახევრად აშენებული ან საძირკველგაჭრილი სახლების ადგილზე შესაშური შენობები წამომართა. მუხროვანში დამკვიდრებული 10-მდე აჭარული ოჯახის წევრებმა თბილისში ბინა და საცხოვრებელი სახლები შეიძინეს.
30 წლამდე ასაკის ჭაბუკები იყვნენ რამინ, დევი დავითაძეები. ახლა მათ წარმატებული ბიზნესი აქვთ. თანაკურსელები, თანასოფლელები ყველაზე მეტად რამინ დავითაძეს ემადლიერებიან. მათ ათეულობით ადამიანი დაასაქმა. შარშან ხელი გაზეთ „შუახევის“ რედაქციასაც გაუმართა – ერთი ნომრის აწყობა-დაბეჭდვა ითავა.
– მამა შუახევსა და აჭარის მთიანეთში ცნობილი პიროვნება იყო. წუთისოფლიდან ნაადრევად წასული, შვილების წარმატებას ვეღარ მოესწრო, დედა შვილებს ჩაგვიდგა კვალში – მოხუცებულობაში ჩვენ აშენებულ მუხროვანის ეკლესიაში მართლმადიდებლობას ეზიარა, – გვითხრა რამინ დავითაძემ.
მუხროვანელ ახალმოსახლეთა, იქაურ ბიზნესმენთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახლად აღორძინებულ იმ ქართულ სოფლებს შორის, სადაც აჭარიდან ჩასულებმა საცხოვრისი გაიჩინეს, დისველის შემდეგ მუხროვანი მეორე სოფელია, სადაც ადგილობრივების ძალისხმევით ეკლესია აშენდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სონია ზოსიძის მსგავსად, თითქმის ყველა ასაკოვანი, უხუცესი ახალმოსახლე მართლმადიდებლობას ეზიარა.
– შოთა მაკარაძე და მე შუახევში ერთად ვსაქმიანობდით. მართლმადიდებლობას თბილისის შემოგარენში დამკვიდრების შემდეგ ეზიარა. არჩევანი რომ მოვუწონე, ასე მითხრა, ეს ნაბიჯი შთამომავლობის სასიკეთოდ გადავდგი, წუთისოფლიდან წასვლის შემდეგ მათ პრობლემებს ვერ დავუტოვებო. ჩვენ ამ მიწამ მართლმადიდებლური გაპატიოსნებით უნდა მიგვიბაროსო. ამის შემდეგ მეც გამიჩნდა მართლმადიდებლობასთან ზიარების სურვილი, რაც მუხროვანის ტაძარში ავისრულე მეუღლესთან ერთად. ორივეს ნათლია ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელია. მალე მე და მაკრინე (დარეჯანი) დავითაძე-ფევაძე ჯვარს დავიწერთ, – გვითხრა ვალერიან ფევაძემ.
ვალერიანისა და მაკრინეს მსგავსად, 70 წლის ასაკში მართლმადიდებლობას ეზიარნენ რევაზ ჯიბლაძე და ციალა ქამადაძე-ჯიბლაძე.
– შობის ღამეს ტაძარში ტევა არ იყო, – გვითხრა მუხროვანის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნუნუ კაკალაძემ, – ჩვენი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი ფევაძე ტაძარში ვლოცულობდით.
ტაძრის მოძღვარი მამა გაბრიელი (აბულაძე) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევიდანაა. იგი მარჯვენას ულოცავს და ქრისტესმიერი სიყვარულით ლოცავს იმ მუხროვანელებს, რომლებმაც ტაძრის მშენებლობაში წილი შეიტანეს.
მუხროვანი პატიმართა ბაზაზე არსებული მეურნეობა იყო. აჭარიდან ჩასულებმა საცხოვრისი რომ მოიწყვეს, აქ დაწყებითი სკოლის გახსნის საფუძველიც გაჩნდა. მისი პირველი პედაგოგი დარიკო ბოლქვაძე იყო. მალე მასთან ერთად მუშაობა ნათელა ქონიაძემ დაიწყო. XXI საუკუნის დასაწყისში ორსაფეხურიანი (8-წლიანი) საჯარო სკოლის გახსნა იზეიმეს. საწყის ეტაპზე სკოლას დარიკო ბოლქვაძე უძღვებოდა. მალე მან ეს თანამდებობა ავთანდილ ფევაძეს გადაულოცა. ავთანდილი და ვალიკო ბერიძე პირველი მუხროვანელები იყვნენ, რომლებიც სტუდენტები გახდნენ. 7 წლის განმავლობაში ავთანდილი სკოლას უძღვებოდა. მან კარგი ორგანიზატორის, მოსწავლეებისა და კოლეგების მოსიყვარულე ხელმძღვანელის სახელი დატოვა. ახლა სკოლას სვეტლანა სუხულოკოვა უძღვება. 41 მოსწავლის აღზრდას ემსახურებიან მადონა მახარაძე, ნუნუ კაკალაძე, დარიკო ბოლქვაძე, ტარიელ შავაძე, მანანა ბოლქვაძე, მაკა ორჯონიკიძე, ნაილი ჯაჭაშვილი. უმრავლესობა სერტიფიციებულია.
ერთი დღე და ორი ღამე დავყავით მუხროვანში. შობა-ახალი წლის დღეებს ყველა ოჯახი ზეიმობდა, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ახლობლებს, ყოფილ მეზობლებს, დედაქალაქში მომუშავე მინდია აბაშიძე, რამინ, დევი დავითაძეები, ავთანდილ ფევაძე, ვალიკო ბერიძე, მურად, კახა, მინდია, ირაკლი თურმანიძეები ყურადღებისა გარეშე არ ტოვებენ. ტაძარშიც მათთან ერთად მოილოცეს.
შვილთმრავლობით გამორჩეული ოჯახები მუხროვანშიც ჰყავთ. ოთხი შვილი იზრდება გულთამზე ნაკაშიძისა და ზაურ ტაკიძის ოჯახში. მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი აქვთ გიული ხილაძესა და პაატა მიქელაძეს. შარშან იქორწინეს მიშა აბაშიძემ და გურჯაანელმა ნათია კანაშვილმა. აბაშიძეთა რძალი სპეციალობით ეკონომისტია. მალე დედა გახდება.
მუხროვანში დამკვიდრების შემდეგ, აჭარიდან ჩასახლებულების 40-მდე ვაჟმა და გოგონამ შექმნა ოჯახი. ისინი მშობლების ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ.
სოფელი მუხროვანი,
გარდაბნის მუნიციპალიტეტი