„ივანიშვილი დაპირებას ასრულებს – საკუთარი ქონების 90%-ს სახელმწიფოს მოახმარს“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ზოგს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, ბევრი კი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური გადადგომაა და ამ ნაბიჯით მან პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან.
გთავაზობთ ინტერვიუს ამ საკითხზე პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძესთან, სადაც კარგად ჩანს, რას ფიქრობენ თავად მმართველი პარტიის წევრები.
– რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ქართული ოცნების“ ზედიზედ მესამე გამარჯვების მიუხედავად?
– ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის 7 ოქტომბრის ღია წერილი, როდესაც ის მოულოდნელად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და საკუთარ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. ამ გეგმის ნაწილი იყო მისი პოლიტიკიდან წასვლა იმ დროს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეცვლიდა და ასეც მოხდა. რახან გაჩნდა ამ დესტრუქციული ძალის არადემოკრატიული რევანშის საფრთხე, მას მოუწია პოლიტიკაში დროებით დაბრუნება. ახლა, როდესაც მმართველ პარტიას ამომრჩევლების უმრავლესობამ მესამედ ანდო ქვეყნის მართვა, ის უკვე საბოლოოდ წავიდა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდანაც. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.
-17-გვერდიანი წერილიდან ჩანს წუხილი პირადი შეურცხყოფის გამო. როგორც პიროვნებამ, ვერ აიტანა უსაფუძვლო ლანძღვა თუ როგორც პოლიტიკოსმა ჩათვალა, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები?
– საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალია პოლიტიკური კულტურა. ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად, პოლიტიკოსები ერთმანეთს პირადი შეურაცხყოფით „ეკონკურენტებიან“. ცალკეულ პარტიაში, არასამთავრობო სექტორში, მედიასა და სხვა ინსტიტუტებში მიმოფანტულ ყოფილი სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლებს ვერ მოუნელებიათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუწყვიტა მათ ძალაუფლებით ტკბობა, პირადი კომფორტი და კეთილდღეობა. ამიტომ ბრაზს ივანიშვილის მისამართით აფრქვევენ ყველგან, სადაც საქმიანობენ. ამ პროცესს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ასატანია ყოველდღიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება, თუმცა მისი წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა. ჩვენს ქვეყანში ვერავის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას ძალაუფლებაზე საკუთარი სურვილით, რადგან ამის პრეცედენტი აქამდე არასდროს ყოფილა. ყოფილი მმართველი პარტიის პირველმა ხელმძღვანელმა ზვიად გამსახურდიამ და მეორე ხელისუფალმა შევარდნაძემ იარაღით იბრძოლეს ძალაუფლებისათვის, მესამემ კი მოსახლეობის მუდმივი ჩაგვრა თავისი მმართველობის წესად აქცია. სააკაშვილი ქართველი ამომრჩევლებისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, იძულებული გახდა არჩევნებში დამარცხება ეღიარებინა. მას სახელდახელოდ ქონდა მიღებული სახეშეცვლილი კონსტიტუცია და აპირებდა, პუტინის სტილში, პრეზიდენტობიდან გაზრდილი უფლებების მქონე პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაჯდომას. არჩევნების ღამეს მან დაიწყო სპეცრაზმისა და სხვა ძალოვანი უწყებების მობილიზება და გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ეს პროცესი ვეღარ გააგრძელა, რადგან დიდი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა. ამგვარი ზემოქმედება ივანიშვილზე არავის განუხორციელებია, რადგან მისი საქმიანობა არ ცდებოდა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს. ეს მისი სურვილი და წინასწარ გაცხადებული გეგმის ნაწილი იყო.
-„ქართული ოცნების“ ერთადერთი დასაყრდენი ძალა პარტიიდან წავიდა, რამდენად შეძლებენ მისი წევრები მუშაობას ლიდერის გარეშე?
-„ქართული ოცნების“ რეიტინგი, უმეტესწილად, მართლაც ივანიშვილის რეიტინგი იყო. მისი წასვლა მმართველი პარტიისთვის დიდი დანაკლისია. თუმცა ივანიშვილი არ მიდის ოპოზიციაში და შესაბამისად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უნებლიედ მაინც იქნება ასოცირებული მის დამფუძნებელთან. მმართველი პარტიის მენეჯმენტში არაერთი კარგი პოლიტიკური ლიდერი ჩამოყალიბდა. ისინი პოლიტსაბჭოს ფორმატში გააგრძელებენ პარტიის მართვას. ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა, კომპეტენტური და უკვე საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ლიდერია. იმედი მაქვს, პარტია მისი მმართველობის პირობებში, ინსტიტუციონალურად ფორმირდება და უფრო მოქნილ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
– ოპოზიცია ივანიშვილის გადადგომას გაქცევას უწოდებს. ნუთუ მიაღწიეს სასურველს და ბოიკოტირებით შეძლეს იმ ფიგურის პოლიტიკური დაფიდან ჩამოცილება, რომელიც ყველაზე მეტად უშლიდათ ხელს საკუთარი ამბიციური გეგმების განხორციელებაში?
– ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლას ითხოვდნენ წლების განმავლობაში. დატოვა ხელისუფლება და ახლა გაიძახიან, რატომ წავიდაო. „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ რთული საპარლამენტო არჩევნები მესამედ მოიგო და ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, მშვიდად გაეგრძელებინა სახელისუფლებო პარტიის მართვა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში კი ის კვლავ დარჩებოდა ამ გავლენიანი პარტიის ლიდერად. ჩვენთან სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, პარტიებს ქმნიან და პოლიტიკაში წასვლით ცდილობენ ინდულგენციის მიღებას. ივანიშვილი პირიქით, ცდილობს პოლიტიკას გაემიჯნოს და მისი მატერიალური, ფინანსური რესურსები ქვეყანას მოახმაროს. ის დაპირებას ასრულებს და საკუთარი ქონების 90%-ს სახელმწიფოს მოახმარს. ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედება მსოფლიო მასშტაბით. ოპოზიციის ბოიკოტირებას არანაირი სამართლებრივი და მორალური საფუძველი არ აქვს და მას რაიმე ზემოქმედება ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენია. მათ მოიგონეს არჩევნების გაყალბების თემა, რახან სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს და ახლა საკუთარი გადაწყვეტილების ტყვეობაში იმყოფებიან. ერთადერთი, რასაც ამ ქმედებით ნაწილობრივ აღწევენ, არის ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის შელახვა და მისი დასავლური ინტეგრაციის ხელშეშლა. ისინი ხელისუფლების ოპოზიციიდან ფორმირდნენ ქვეყნის ოპოზიციად.
– ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბატონმა ბიძინამ უკვე გააკეთა ანალოგიური სვლა, როდესაც გადადგა პრემიერობიდან, მაგრამ თავად დარჩა არაფორმალურ ლიდერად. მისი აზრით, ახლაც იგივე იქნება და ივანიშვილის წასვლა მხოლოდ თამაშია.
-ასეთი ეჭვები ყოველთვის იარსებებს და ოპოზიცია ამაზე გამუდმებით გააგრძელებს საუბარს, თუმცა რეალური ქმედებები საზოგადოების უმრავლესობის ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. ქალბატონი ბურჯანაძე სირცხვილად მიიჩნევს სოფლად მდიდარი ადამიანების ცხოვრებას და ამის შემდეგ უკვირს, რატომ ვერ დაძლია ბუნებრივი 1%-იანი ბარიერი, ამასაც კი ივანიშვილს აბრალებს.
– სხვა ოპონენტები თვლიან, რომ ტრამპი იყო ივანიშვილის ზურგი და სწორედ მისმა არჩევნებში წაგებამ განაპირობა ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერის გადადგომა.
-ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ექსდიქტატორი სააკაშვილი, რომელიც ტრამპთან მეგობრობით წლების განმავლობაში თავს იწონებდა. როგორც კი პრეზიდენტმა ტრაპმა ძალაუფლება დაკარგა, სააკაშვილი და მისი რუპორი მედია საშუალებები ტრამპის ღია კრიტიკაზე გადავიდნენ და ის ივანიშვილს დაუკავშირეს. მხოლოდ ეს ფაქტიც ნათლად წარმოაჩენს უცხოეთში გაპარული საქართველოს ექსპრეზიდენტის მორალურ სახეს და იმას, რა დღეში ჩააგდებს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ მოვა ხელისუფლებაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მის პოზიციასა და ოპოზიციას აქვს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკის რომელიმე პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტი, რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტია, არა რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, არამედ საქართველოს უჭერენ მხარს.
– ივანიშვილი გადადგა, რას იზამს ოპოზიცია, ახლა შევა პარლამენტში?
-14 ოპოზიციური პარტია 60 დეპუტატით უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში. მათგან 54 დეპუტატმა დაწერა განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. ნაწილი გაიხმობს ამ განცხადებებს, ხოლო მეორე ნაწილს შეუწყდება უფლებამოსილება. ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების პარლამენტს მიღმა დარჩენა. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას.
– ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილის წასვლით სააკაშვილი ისარგებლებს და ახლა უფრო იოლად შეძლებს ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას.
– სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის წარსულია, თუმცა მისი პოლიტიკური ძალა, რომელიც პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, კიდევ დიდხანს იტივტივებს ქართულ პოლიტიკაში და გააგრძელებს ქვეყნის საბოტაჟს. სააკაშვილს არასდროს ეყოლება იმდენი ამომრჩეველი, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ხოლო რევოლუციების დრო, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას ჩაბარდა. არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა დააფინანსოს ის ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოპოზიციაში გამოჩნდება და კონკურენციას გაუწევს არადემოკრატიული რევანშის სურვილით შეპყრობილი ექსდიქტატორის პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
– როდესაც ვიხსენებთ კადრებს, სადაც ივანიშვილი ზეიმობს გამარჯვებას, რთული წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც ორიოდ თვეში წავა საკუთარი პარტიიდან. მაინც ჩნდება ეჭვი – ხომ არ იყო, ეს სპონტანური გადაწყვეტილება და რა უძღოდა წინ ამ სვლას?
– არა, როგორც ვთქვი, ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღო. ივანიშვილმა შეასრულა ისტორიული მისია და ქვეყანას ჩამოაშორა დანაშაულებრივი სინდიკატი პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით. ქვეყანას შეეხიდა და კვლავაც ეხმარება საკუთარი ფინანსური რესურსებით. მან ხელი შეუწყო პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიის განვითარებას. შიშზე და ტერორზე დაფუძნებული მმართველობა შეცვალა მართვის დემოკრატიული მოდელით. სიღარიბე და უმუშევრობა კვლავ ჩვენი ქვეყნის გამოწვევად რჩება. მის დაძლევაში კერძო სექტორიდან და საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მონაწილეობას კვლავაც გააგრძელებს. პოლიტიკაში მოსვლა და წასვლა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ის არ გაურბის პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე. ქვეყნის მომავალ მართვას კი აბარებს ახალგაზრდა და ენერგიულ პოლიტიკურ გუნდს.
– ივანიშვილი თავის წერილში უტიფრებს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რამდენად ეთანხმებით მას ამ შეფასებაში?
– აქ ის გულისხმობს სააკაშვილის პოლიტიკურ კლასტერს და შეფასება ზუსტად ასახავს მათ ქცევას პოლიტიკაში. სააკაშვილი ტრამპს საკუთარ მეგობარს და მხადამჭერს უწოდებდა და როგორც კი ის დამარცხდა არჩევნებში, მას ამერიკელ ოლიგარქად მოიხსენიებს. მხოლოდ ამ ერთი მაგალითიდანაც ნათლად ჩანს მისი უტიფრობის ხარისხი.
– როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ მომავალი ბიძინა ივანიშვილის გარეშე?
– დიდი დანაკლისია პარტიისთვის მისი ლიდერის და დამფუძნებლის წასვლა, თუმცა პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აქვს შანსი, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პარტიად. მის ახალ თავმჯდომარეს არ უკავია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა და საკმარისი დრო ექნება პარტიის მშენებლობისთვის. თუ ეს ასე არ მოხდება, ხელისუფლების დატოვების შემდეგ, პარტია არსებობას შეწყვეტს. მმართველი პარტია ყველა დონის ხელისუფლებაშია უმრავლესობით წარმოდგენილი და აქვს კარგი სასტარტო პირობა ძლიერ, ინსტიტუციონალიზებულ, დემოკრატიული მართვის მატარებელ პოლიტიკურ პარტიად ფორმირებისთვის. არა მგონია, ეს შანსი „ოცნების“ პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელიდან გაუშვან. ირაკლი კობახიძე ნიჭიერი, კვალიფიციური, კომპეტენტური, ენერგიული პოლიტიკური ლიდერია. მან პარტიაში და პარლამენტში ბევრი კვალიფიციური კადრი მიიზიდა და იმედი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება.
– რას დაამატებდით?
– იგეგმება საარჩევნო რეფორმის გაგრძელება ქვეყანაში, რაც მისი დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება. სავარაუდოდ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ხმის მიცემის მეთოდით. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრეტენზიებს, რომლებიც დაკავშირებულია შემაჯამებელ ოქმებთან და სხვა საარჩევნო პროცედურებთან. რაც დრო გადის, საქართველოში მზარდია დემოკრატიის ხარისხი, რაც დასავლეთისთვის ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ინტერესს აძლიერებს.