„საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარებით, ქალაქს ვაზიარებთ მსოფლიო თეატრალურ სულს“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
ქართული თეატრის დღეს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში სპექტაკლი „გაყრა“ (გიორგი ერისთავის იგივე სახელწოდების პიესის მიხედვით) დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
მას შემდეგ, ტრადიციულად აღინიშნებოდა ქართული თეატრის დღე. 14 იანვარს ქვეყნის ყველა თეატრში აჩვენებდნენ გამორჩეულ სპექტაკლებს, ჯილდოვდებოდნენ საუკეთესო რეჟისორები და მსახიობები. ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველოში დადგებოდა პერიოდი, როდესაც თეატრი ვეღარ უმასპინძლებდა თეატრალებს და ვერ აღნიშნავდა ყველაზე ლამაზ პროფესიულ დღესასწაულს. კოვიდპანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა კულტურის ამ სფეროს, სადაც რთულია მაყურებელი აზიარო სპექტაკლს უშუალოდ დასწრების გარეშე. თეატრი ხომ თავისთავად გულისხმობს შემსრულებლის ცოცხალ კონტაქტს მაყურებელთან. სცენის სურნელის შეგრძნების, მსახიობებისთვის ჯილდოდ გაცემული აპლოდისმენტების გარეშე, სპექტაკლი კარგავს ინდვიდუალიზმს. თითქმის ყველაფერს მიუსადაგებ ონლაინრეჟიმში მუშაობას თეატრის გარდა.
14 იანვარს, კოვიდვითარების გამო დაცარიელებული დარბაზების მიუხედავად, გვინდა ძველებურად მოვეფეროთ ჩვენს თეატრს და ტრადიციულად მივულოცოთ პროფესიული დღესასწაული. მერე რა, რომ არ შეივსება პარტერი, მერე რა, რომ ვერ გავიგონებთ მქუხარე ტაშს, მთავარია, ბათუმის დრამატული თეატრი ისევ შემოქმედებით წვაშია, ისევ ქმნის თავის ისტორიას და საინტერესო სპექტაკლებს, რომელსაც პანდემიისგან სულმოთქმულ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს შესთავაზებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ანდრო ენუქიძესთან.
– ბატონო ანდრო, გილოცავთ ქართული თეატრის დღეს! მაინც რის გაკეთება მოახერხეთ შეზღუდვების პერიოდში?
-კოვიდვითარების მიუხედავად, თეატრში უამრავი რამ გაკეთდა. მომზადდა სპექტაკლები, რეჟისორ გაგა გოშაძის „ბოლო გაჩერების“ სატელევიზიო ვერსიაც წარმოვადგინეთ შარშან, დეკემბერში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც მიმდინარეობდა ონლაინრეჟიმში. ნიჭიერმა რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ დადგა ძალიან საინტერესო სპექტაკლი „სჯანი“, რომელიც უკვე დასრულებულია და მხოლოდ ნებართვას და მაყურებელთან შეხვედრას ელოდება. როგორც კი დათბება, ღია სივრცეში, ბათუმელთა სამსჯავროზე ექსპერიმენტალურად წარვადგენთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით პეტრე ჩარგეიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უნდა გვეთამაშა ჯერკიდევ სექტემბერში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ შეზღუდვების გამო. აღვნიშნავ, რომ მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე ბათუმის სკოლებში შერჩეული ბავშვები. მოგეხსენებათ, 2020 წელი იყო გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის საიუბილეო წელი. ჩვენი თეატრი არის იმ პროექტის თანაჩამტარებელი, რომელსაც ბატონი სულიკოს ქალიშვილი, ოლიკო ჟღენტი განახორციელებს მამის ჩანაწერებზე, მოგონებებსა და მასალებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო მონოსპექტაკლი გამოვა.
– სასიამოვნოა, რომ სამუშაოები არ შეგიჩერებიათ. . .
– დიახ, მართლაც ბევრი ვიღვაწეთ და გული გვტკივა, რომ ნამუშევარი ვერ გავიტანეთ ჩვენი მაყურებლის წინაშე. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, თაეტრი აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, სადაც შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვა. არადა, მალევე დაიწყო პანდემია, როდესაც ახლად გარემონტებულ, გაცოცხლებულ თეატრის შენობაში შევძელით დაბრუნება. ისე გულდაგულაა ყველაფერი გაკეთებული, გვგონია, სრულიად ახალ სივრცეში ვიმყოფებით. გული გვწყდება, ყველაფერ ამას ჩვენს ერთგულ მაყურებელს რომ ვერ ვაზიარებთ. არადა, აქ კარგადაა აწყობილი სავენტილაციო სისტემები და დისტანციის დაცვით შესაძლებელია მაყურებლის უსაფრთხოდ განთავსება.
– ზაფხულშიც ვერ ჩაატარეთ სპექტაკლი დარბაზში?
– არა, არ მოგვცეს უფლება. სპექტაკლი „ელექტრას ომი“ თეატრის წინ, მოედანზე ვითამაშეთ. პრინციპში, იმიტომ არ მოგვცეს ნებართვა, რომ არ შეიძლება გამონაკლისის დაშვება ამ მიმართულებით. ჩვენ გავმართოთ სპექტაკლები და სხვამ – ვერა, არაა გამართლებული.
– რეპეტიციებს როგორ ატარებდით?
– ყველა რეგულაციის დაცვით. მსახიობებს სიცხეს ვუზომავდით, ყველა აღჭურვილი იყო პირბადეებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდებოდნენ არტისტები ერთმანეთს, როდესაც დავრწმუნდებოდით მათ სიჯანსაღეში. ცხადია, პირბადეებს მოიხსნიდნენ სპექტაკლების სცენაზე გატანის შემთხვევაში.
– ხომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი რთული ფორმით მსახიობებს შორის?
– კოვიდინფექცია გადაიტანეს დასის წევრებმა, თუმცა მძიმე ფორმით -არა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც კლასტერები წაიშალა ბათუმში და მე ვერ დავამტკიცებ, ვირუსი აქ შეეყარათ თუ გარედან შემოიტანეს, მაგრამ ჩვენ ისე ზედმიწევნით ვიცავდით რეგულაციებს, რომ დარწმუნებული ვარ, თეატრში არავის არაფერი დაემართებოდა.
– ვირტუალურად მაინც, თუ აპირებთ ქართული თეატრის დღის აღნიშვნას?
– რა თქმა უნდა, კონკრეტულ გზავნილს და მილოცვებს დავდებთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ისე კი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე შენელდება მსოფლიო პანდემია, 1 თებერვლიდან დაინფიცირებულთა რიცხვი იკლებს და ვნახოთ, რის უფლებას მოგვცემენ. ყოველ შემთხვევაში, 27 მარტს, საერთაშორისო თეატრის დღეს, შევძლებთ, თუნდაც მცირემასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბათუმის სახელმწიფო პროფესიული თეატრი არის მსოფლიო თეატრების სრულფასოვანი, ღირსეული წევრი, რაც სწორედ კოვიდვითარებამ დაამტკიცა.
– რას გულისხმობთ?
– აღმოჩნდა, თურმე თავისთავად ვიგულისხმებით მსოფლიო თეატრალური ოჯახის სტრუქტურებში. ამის დასტურია პოლონელების ფილმი ჩვენი მსახიობების მონაწილეობით. მოკლედ გიამბობთ ისტორიას. პოლონელმა დრამატურგმა კატაჟინა კნიხალსკამ პიესა ,,კლასიკური კოპროდუქცია“ ორი სამსახიობო ჯგუფის – ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა. სწორედ რეპეტიციების პროცესში გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საფუძვლად უდევს სპექტაკლის შემადგენელ ექვს სურათს. თითოეული სურათი დამოუკიდებელ, მთლიან ერთეულს წარმოადგენს, ყოველი მათგანი სხვადასხვა სპექტრით წარმოაჩენს საქართველოსა და პოლონეთის გადაკვეთის წერტილებს. ეს შეიძლება იყოს მსგავსი ისტორიული წარსული, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პიროვნება, საერთო ტრავმები და მსგავსი ეროვნული კომპლექსები. . . წარმოდგენა ორ ენაზე (ქართულად და პოლონურად) მიმდინარეობდა ერთ სცენაზე და ერთ სივრცეში. ამ სპექტაკლმა მოიარა საქართველოს ქალაქების თეატრები და შემდეგ წავიდა პოლონეთში საკმაოდ ფართო გასტროლებზე, სადაც დაგვპატიჟეს ორ თეატრალურ ფესტივალზე. კოვიდმა ყველა გეგმა ჩაშალა, ამიტომ გადაწყდა გადაგვეღო ფილმი, რომელიც უკვე დევს იუთუბზე. მიმაჩნია, რომ საინტერესო ნამუშევარი, ერთობლივი სახელოვნებო აქტი გამოგვივიდა, სადაც კარგად ჩანს, ორენოვანმა დასმა როგორ მიაღწია ჰარმონიულ ერთობას.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– იმედი მაქვს, რეგულაციები მალე მოიხსნება და თეატრს გზა გაეხსნება. ლოგიკურია, რომ ჯერ გარე სივრცეს ავითვისებთ, ზაფხულში კი მოვახერხებთ შენობებში შესვლას და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
– რას ნიშნავს თეატრი საქართველოსთვის?
– ძალიან ბევრს. მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებელია აღდგეს მნიშვნელოვანი სათეატრო ტრადიციები. თეატრი არ არის ერთი მაყურებლის სიამოვნება. თეატრალური რიტუალი სჭირდება თავად ერს – თვითმყოფადობის, კულტურის, ეროვნული მახსოვრობის შესანარჩუნებლად. ამისთვის მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, რადგან თეატრალური სამყარო გვაძლევს რაფინირებული ინტელექტის, მაღალი სულიერი საზრდოს შექმნის საფუძველს მომავალი თაობების ჩამოსაყალიბებლად. დღეს გვაქვს პანდემიის გავრცელების პრობლემა, რაც ერთად უნდა გადავლახოთ. ამისთვის აუცილებელია რაღაც ფორმით მაინც მივაწოდოთ სპექტაკლები მაყურებელს, რომ თეატრში მოსვლას არ გადავაჩვიოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ტელევიზიებს, რომლებიც არასოდეს გამდგარან განზე და ყველა ფორმით ცდილობენ თეატრალური გადაცემების მაღალ დონეზე მომზადებას, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მივცემთ გეგმაზომიერ ხასიათს და სატელევიზიო ბადის მეშვეობით შევძლებთ თეატრალური სიცარიელის შევსებას.
– რამდენად მოდის ახალგზრდობა თეატრში? ცხადია, შეზღუდვების პერიოდს არ ვგულისხმობ.
– ყველამ ვიცით, რომ თეატრი აუცილებელია ახალგაზრდის გემოვნების, კულტურის ჩამოსაყალიბებლად. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა ესწრება სპექტაკლებს, მით უმეტეს, რომ თეატრი ახალ ტენდენციებზეა გადასული და კლასიკასთნ ერთად წარმოადგენს ექსპერიმენტულ დადგმებს, რომლებიც იზიდავს ახალი თაობის მაყურებელს.
– იძულებითმა შეჩერებამ ხომ არ გამოიწვია პრობლემები თეატრში?
– პრობლემა ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას, მით უმეტეს, კოვიდის ფონზე. ამიტომ, როდესაც გავიხსნებით, მაყურებლის მხარდაჭერა გვჭირდება ფეხზე სწრაფად დასადგომად. კარგი იქნება დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ეტაპს, რომელზეც ვიყავით პანდემიის დაწყებამდე. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და ყველანი დავუბრუნდებით საქმიანობის ჩვეულ რიტმს. აქვე მინდა ვთქვა ის, რაც ხმამაღლა სათქმელია. 2019 წელს ჩატარდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი მსოფლიო თეატრები. ეს ფესტივალი უნდა გაგრძელდეს რთული ვითარების მიუხედავად, ცხადია, თუკი რეგულაციები მოგცემს საშუალებას. ამისთვის ფინანსები უნდა გამოიძებნოს. მერწმუნეთ, ამ ფესტივალის ჩატარება ბათუმში ძალიან დიდი სახელია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე რეგიონის და ქვეყნის თეატრალური საზოგადოებისთვის. ახლა მეუხერხულება იმ შეფასებების გაჟღერება, რაც მივიღეთ, არადა, მსოფლიო ათეულში მყოფი თეატრები მონაწილეობდნენ ჩვენთან ერთად.
– მაინც, რა გვითხრეს, ბატონო ანდრო, იქნებ ჩვენც გაგვახაროთ?
– თქვეს, რომ ბათუმში არსებობს ძალიან მაღალი დონის თეატრი, პროფესიონალი მსახიობები, თეატრალური გარემო და სტრუქტურები, რითაც შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ღირსეულად მასპინძლობა. ამის გათვალისწინებით, არსებობს სურვილი, ქალაქი ვაზიაროთ მსოფლიო თეატრალურ სულს. სადღეისოდ, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ქვეყნიდან შეიძლება გაიტანო, უხეშად რომ ვთქვათ, გაყიდო, აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ქართული თეატრი. ის ხომ მსოფლიო თეატრის თანაბარი, ხშირად კი გაცილებით მაღალი დონისაა და სახელს გაუთქვამს საქართველოს საერთაშორისო, ევროპის მასშტაბით. თეატრი ჩვენი ა, კულტურის და ინტელექტის იმიჯი კი ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისთვის.