ასე მგონია, ბათუმს საკუთარი მზე აქვს
ლაშა ხომერიკი 27 48 93 –
„ასე მგონია, ბათუმს საკუთარი მზე აქვს, აჭარის ზღვას რომ ათბობს ისეთი“, – ასე პოეტურად ხედავს ჩვენს ქალაქს ახალგაზრდა, თვითმყოფადი შემოქმედი ქეთი ჯოლბორდი, გიორგი შატბერაშვილის პრემიის ლაურეატი ქართლიდან, რომელთან საუბარმაც ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ სიტყვას მართლაც, უდიდესი ენერგეტიკა აქვს, თუ მას მოაზროვნე ადამიანი ახმიანებს. . . ქეთიმ თავისი პირველივე პოეტური კრებულით („ მეტი ცა”) მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, ახლა სამეცნიერო ასპარეზზე გასასვლელად ემზადება. უკეთ გასაცნობად, მოდით, ვისაუბროთ ამ საინტერესო ადამიანთან.
– ვინ ვარ, რას წარმოადგენს სამყარო ჩემთვის და მე რას წარმოვადგენ ამ სამყაროში? სამყაროთი დავიწყებ, ის ჩემთვის ცნობიერებისა და ინტერესების ასოციაციებს წარმოადგენს, სინამდვილისა და წარმოსახვის მუდმივი დინამიკაა, რომლის სიტყვად ყოფნას ვცდილობ, მე, ქეთი ჯოლბორდი – პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. პოეზიასთან სულიერ-ესთეტიკური ურთიერთობის პარალელურად, ლიტერატურაში ვაპირებ მეცნიერების კუთხით წასვლას, ვნახოთ. . . სამყაროსთან ურთიერთობის გარკვევის გზა ჩემთვის სწორედ პოეზიაა.
– „გულის სისავსებრ მეტყველებს პირი”. . . ასეა?
– ეს ალბათ უფრო აბსტრაქციაა ფიზიონომიურ ლოკაციებზე აქცენტირებისას, იქვე გონებაც. . . გულიდან გაქცევა ყველაზე უსაფრთხო რამეა, ვიდრე გონების მიტოვებად გადაიქცევა. პირი უფრო ფსიქოემოციური ენით მეტყველებს.
– თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ. . .
– რწმენა ჩემთვის არის სულის არსებობის მუდმივი მახსოვრობა. ყოველთვის ვგრძნობ უფლის ძალას, თუნდაც ცნება – რწმენა მხოლოდ რელიგიასთან არ ასოცირდებოდეს. თუ არ იწამე ნებისმიერი მოსალოდნელი და სასურველი მოვლენა, ვერ იხილავ მის სიცხადეს.
– თქვენ შემოქმედი ხართ. . . სამყაროს წიგნის გარდმომთქმელს ახლა ყველაზე მეტად რაზე გსურთ ესაუბროთ ადამიანებს?
– წარმოსახვით, ფსიქოემოციებით, ძლიერი შთაბეჭდილებებით იმპრესიონიზმით და აბსტრაქციით პულსირებს ჩემი შემოქმედება, სადაც სიძლიერედ გარდაქმნილი ტკივილი და იმედგაცრუება დომინირებს. ადამიანებს სიტყვის ძალაზე ვესაუბრებოდი. . . ავტორს სულ რამდენიმე სიტყვა გაქვს იმისთვის, რომ მკითხველს სამყარო საკუთარი თვალსაწიერით გააცნო, სიტყვებს შორის მდუმარე მონაკვეთში შემოიყვანო და მისი სიღრმე და ენერგეტიკა აგრძნობინო.
– თქვენი პოეზიის სახისმეტყველება ყურადღებას იპყრობს. . . კრიტიკოსები და თქვენ. . .
– დღეს ზოგიერთ კრიტიკოსს ყურადღება ჯერ კიდევ ლექსის თავისუფალი და კონვენციური ფორმების დაპირისპირებაზე აქვს გამახვილებული, ზოგიერთი კი უფრო ჰერმენევტულ-შინაარსობრივ სიღრმეებს ეხება, სადაც იკვეთება, რომ ჩემი სინტაქსური და სიმბოლური თავისებურებები მკითხველისთვის სირთულეს წარმოადგენს. ზოგიერთი კრიტიკოსი მთელ ჩემს მეტაფორულ ინტონაციას თვითმყოფად სტილად აღიქვამს. ჯანსაღი კრიტიკა ავტორს ზრდის, სიამოვნებით მოვისმენდი კიდევ მრავალი კრიტიკოსის აზრს. ფაქტი კი ერთია – არ მიზიდავს ღიად წერა, თუმცა ვთვლი, რომ განცდების ინტერპრეტირების შესაძლებლობასთან ერთად, საკმარისზე მეტი გულწრფელობით ვწერ. მკითხველს ტექსტში შემოსასვლელად რჩება გზა, სიტყვები ხომ მუდმივად რაღაცაზე მიუთითებენ.
– დაასახელეთ წიგნები, ადამიანის სულს რომ აქანდაკებს. . . წიგნის მომავალი ჩვენს ტექსაუკუნეში?
– ჩემთვის კითხვა მუდმივი რესურსია გადაადგილებისთვის, რომელიც მხოლოდ ლოკალური ადგილების შეცვლას კი არა, მენტალურ, ემოციურ და უსივრცო გადაადგილებას მოიაზრებს. ახლა რომ ვფიქრობ, ლექსი, სიტყვა, იდეა მაშინ მოდის, როცა სადღაც მივდივარ, ანუ – მოძრაობაში. სულის მოქანდაკე წიგნები, რასაკირველია, მრავალი შეიძლება დავასახელო, მხოლოდ დამოკიდებულება ინდივიდუალურია – ვისთვის რაა სულის საზრდო. .. მაქვს პერიოდები, როდესაც მხოლოდ „ვეფხისტყაოსანს” ვეკუთნი, ან საზღვარგარეთის ლიტერატურასა და მშობლიურ, კლასიკურ პროზაში ვიკარგები. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, წიგნს თავისი ფუნქცია აქვს. ბევრ ელექტრონულ წიგნსაც ვეცნობი, თუმცა ხელით რომ ეხები და სუნთქავს, სულ სხვა განცდა მოაქვს, სხვანაირად ხდება შენი.
– არსებობს ასეთი თვალსაზრისი, რომ ხმა მედიუმია, ის იგრძნობა ნაწერებშიც და მჟღავნდება ადამიანის (მწერლის) რეალური სახე. . . ასეა?
– ავტორი მაინც პირად განცდებს, ხედვას იხმობს ლექსებში, მკითხველს უმჟღავნებს განსხვავებულ განზომილებას და ცდილობს საკუთარი მეტაფორული დამოკიდებულებები გახადოს გლობალური და საზიარო. მთლად ლოკალურად არ უნდა აღვიქვათ მისი ნაწერი. წარმოსახვითი უნარების სიმძაფრემ შეიძლება სინამდვილე თვითნებურად უარყოს და რეალობის აღქმა გაგვიჭირდეს, თუმცა პოეტიკის ენერგეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც პირველი გაცნობს ავტორის აურას, მის პიროვნულ ექოს.
– ჩვენ სოციუმში ვცხოვრობთ. დღევანდელი სიტუაცია არაორდინარულია, პანდემიის პირობებში როგორია მწერლისა და მკითხველის ურთიერთობა?
– ალბათ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც რუტინული ყოფის და სულიერი სიმშვიდის ძლიერი მოთხოვნილების საპროტესტოდ უნდა იყოს მომართული ჩვენი გონება, ქცევა, ნაწერი. თანამედროვე მაჟორული ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად სადღაც გვეჩქარებოდა, პანდემიამ კი მეტი დრო მოგვცა საკუთარ თავთან დასარჩენად, ათას წვრილმანზე დასაფიქრებლად. რასაკვირველია, პანდემიის რეგულაციების გამო ზოგიერთი ლიტერატურული ღონისძიება გადაიდო, ზოგიერთი კი ონლაინრეჟიმში ჩატარდა, რაც ბუნებრივია, მკითხველისა და მწერლის ახლო ურთიერთობის დეფიციტს ქმნის, მაგრამ ამასთან, საყოველთაო დისტანციამ მეტი სიახლოვე მოიტანა, მონატრება გაჩნდა. . . უკეთესი რა უნდა იგრძნოს ადამიანმა, ასე დიდ გაჩერებაზე დროში?. .
– თქვენი თვალით დანახული მშობლიური კუთხე და ურთიერთობა სხვა კუთხეებთან, მაგალითად, აჭარასთან. . .
– ჩემი მშობლიური კუთხე – შიდა ქართლი, გორი. . . ქართლის ვაკეზე გაშენებული სოფელი ძევერა, მინდვრები, ხეხილის ბაღები, ლიახვი და ყოველ დილით კავკასიონის, უნაგირას დიადი გამოხედვა, სუნთქვა. . . გორის უნივერსიტეტში ვმუშაობ, გორი პატარა ქალაქია დიდი ურთიერთობებით. აჭარასთან მძაფრი შთაბეჭდილებები მაკავშირებს, ხულოში სტუდენტური კონფერენციები, სხალთა, შუამთა თავისი დიდებული ბუნებითა და მასპინძლებით. . . ძალიან მიყვარს ბათუმი. ასე მგონია, ბათუმს საკუთარი მზე აქვს, ისეთი კი არა, ქართლში ცა რომ ყლაპავს, აჭარის ზღვას რომ ათბობს ისეთი. . .
– ღირსება იწყება…
– ღირსება იწყება ადამიანის დიდი ბუნების გამოვლენისას და მთავრდება ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციის, დაბრკოლების თუ გამოწვევების დროს პიროვნების სახის დაკარგვით.
– ციფრული გადაწყობა რეალობაა, მომავალი და ქართველები ამ ფონზე?
– არაა ახალი ამბავი, დღევანდელ ეპოქაში ციფრული ტექნოლოგიებით რომ ვარსებობთ. წერითაც კი, უმეტეს შემთხვევაში, ტელეფონში ვწერთ. სულ თან მაქვს და რა ვიცი, როდის რა სიტყვებს ავიკვიატებ, როდის რა იდეა გაიჟღერებს, მაშინვე ვინიშნავ. ციფრული მოწყობილობები ყოველდღიურად ტრენდული პროდუქტების „თაობებით” გვაოცებენ. არ გამიკვირდება, რამდენიმე ათეულ წელში ხმასა და ვიზუალურ კონტექსტთან ერთად, რაიმე სურნელის შეტყობინებით გაგზავნა რომ შევძლოთ. . .
– სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ თქვენს ყოველდღიურ მეტყველებაში?
– შვილი, ღმერთო და სიჩუმე, როგორც ყოველი სიტყვის დასაწყისი. . .