2021 წელს გაზეთ „აჭარას“ დაარსებიდან საუკუნე უსრულდება!
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
„ეს გაზეთი, ეს უკვდავი განძი ჭეშმარიტად იმსახურებს და ღირსი გახლავთ ამ საპატიო და მაღალთმაღალი წოდებისა“
„აჭარის“ საიუბილეო თარიღამდე – დაარსებიდან ასი წლისთავამდე სულ რაღაც სამი თვე გვაშორებს. ამ საზეიმო ფაქტთან დაკავშირებით, ახალი წლიდან გაზეთი იწყებს მკითხველთა წერილების, მოგონებების, სურვილების ბეჭდვას და პირველი წერილის უფლება და პატივი სხვას ვის თუ არა მწერალ ემენ დავითაძეს ეკუთვნის. ბატონი ემენი ჩვენი გაზეთის ცოცხალი მემატიანეა. სწორედ მან შემოუნახა ჩვენს ქალაქს (ქვეყანას) გაზეთ „აჭარის“ ისტორია. ამ თემაზე ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიცვა საკურსო, შემდეგ კი გამოსცა წიგნი, სადაც დეტალურადაა აღწერილი საუკუნოვანი გაზეთის არსებობის ძალიან დიდი მონაკვეთი. ამ ცნობებს ის საგულდაგულოდ და რუდუნებით აგროვებდა. ჩვენ ვემადლიერებით ბატონ ემენს, რადგან მის მიერ საინტერესოდ მოთხრობილი ისტორია, ნათლად გვაჩვენებს ჩვენი გაზეთის სიცოცხლის მნიშვნელოვან ეტაპებს. ქვემოთ გთავაზობთ წერილს, რომელიც ბატონმა ემენმა „აჭარის“ იუბილეს მიუძღვნა.
ღირსეული სახელწოდების ღირსეული მემატიანე
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს გაზეთს, ახალი ეპოქისა და დროის ღირსეულ მემატიანეს, გაზეთ „აჭარას“, 2021 წლის 18 მარტს 100 წელი უსრულდება. ჩვენი ქართული პერიოდიკის ერთ-ერთი ძირუძველესი ფლაგმანთაგანი ბრძანდება იგი, დიახ! სიტყვა არც შემცდენია და არც არსაითკენ გამქცევია. . . რაც ვთქვი და რასაც ვამბობ, ასეა და ასე იქნება, ასე დარჩება, ვიდრე ქართულ სტამბაში და ქართველი მკითხველის ხელსა და კალთაში ბეჭდური პრესა არსებობს და. . . იარსებებს და იშრიალებს, იშარიშურებს იგი უფლის ნებითა და წყალობით დაუსრულებლად, ვიდრემდის ჩვენს დალოცვილ ქვეყანასა და დალოცვილსავე კუთხეში ქართულ ენაზე, ჩვენს მშობლიურ ენაზე მომეტყველე ხალხი ცხოვრობდა, ცხოვრობს და უფლის ნება-წყალობით იცხოვრებს და იარსებებს! ამქვეყნად ყოველივეს აქვს სასწორ-საწონი, გარდა გონებისა და მისგან მომდინარ-მომჩქეფარე სიტყვისა, ხოლო ადრე ხელნაწერი და დღეს კი ბეჭდური სიტყვა, „ბეჭდვითი სიტყვა“, როგორც მას ჟურნალისტიკაში ჰქვია, ის მარად ცოცხალი აზროვნების მდინარეა. რომელსაც ერთხელ გაჩენილსა და დაბადებულს, არც ხმობა უწერია და არც ჭკნობა, იგი უკვდავია კულტურული ერის სინამდვილეში.
თუმც მეკრძალება ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ გულს მაინც უხარია, რომ მე და ჩემს წიგნს „გაზეთი „ფუხარა“ და მისი წინამორბედნი“ აჭარის და არა მხოლოდ აჭარის ბეჭდვითი სიტყვის მემატიანეს უწოდებენ. . . ეს გაზეთი, ეს უკვდავი განძი ჭეშმარიტად იმსახურებს და ღირსი გახლავთ ამ საპატიო და მაღალთმაღალი წოდებისა, მე ასე ვიტყოდი: ზეწოდებისა!!! იგი ინახავდა, ინახავს და კვლავაც საიმედოდ შეინახავს მასში ჩაგვირისტებულ უძველეს თუ ძველ ამბებს, ძველ ისტორიას ჩვენი მრავალჭირნახული ძირუძველესი ქართული კუთხისა, ჩვენი აჭარისა.
გაზეთის უკვდავება მისი მკითხველია, ამ გაზეთს კი არც მკითხველი აკლია და არც ამ წანაკითხის გამგონი, არც დამჯერი და მისი მრწმენ-მრწამსი.
გვეამაყება, რომ იგი ერთ-ერთი უძველესია საზოგადოდ, ბეჭდვით კულტურაში და რაც დრო გადის, უფრო მძაფრად შეიგრძნობა მისი სიტყვური არომატი, როგორც ქართული უხსოვარსაუკუნოვანი ღვინის ზედაშისა!. .
ეს . . . და კვლავაც მრავალი ღირსეული იუბილე გვეზეიმოს, ეზეიმოს ჩვენს ხალხს. . . და როგორც ასეთ დროს საუბარში, სუფრასთან ვიცით ხოლმე თქმა, მეც ისე ვიტყვი და დავლოცავ:
მარავალჟამიერ!
მარავალჟამიერ!
და კვლავაც მრავალჟამიერ!. .
აწ და მარადის და უკუნისამდე!!!
ემენ დავითაძე, მწერალი, 2020 წლის 30 დეკემბერი