აკაკი ძნელაძე: ვულოცავ ქართულ თეატრს პროფესიულ დღესასწაულს
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ნოვატორული ძიებები და სხვადასხვა თეატრალურ-ესთეტიკური მიმართულების დამკვიდრება თანამედროვეობის გამოჩენილი რეჟისორების – მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სახელებს უკავშირდება და დღემდე განაპირობებს ხელოვნების მაღალ შემოქმედებით ხარისხსა და საერთაშორისო ავტორიტეტს.
ბევრს ახსოვს, სტურუას ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პირობებში, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ტრიუმფალური საგასტროლო ტურნეები. იმ პერიოდში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ქართულმა საფეხბურთო გუნდმა „დინამომაც“ და მაშინ გაიჟღერა გაკვირვებულ ინგლისელთა ფრაზამ – ქართველებმა უნდა გვასწავლოთ შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაშიო?!. . რა ამაყი იყო მთელი საქართველო, რა ძლიერი, გამორჩეული და უნიკალური ვიყავით მთელი ერი. ეს იყო ქართული ნიჭის გაელვება, მსოფლიოსთვის საკუთარი ინტელექტის და შესაძლებლობების დემონსტრირება. . .
ამავე საუკუნის მიწურულს, საქართველოში სახელმწიფო თეატრების გვერდით, გაჩნდა კერძო პროფესიული თეატრები, კამერული სცენები და ექსპერიმენტული სივრცეები, რომლებმაც ქართულ სათეატრო სივრცეში საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში დაიმკვიდრა ადგილი. აქ დადგმული სპექტაკლები პოპულარული გახდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მაყურებლებში, თუმცა მწირი დაფინანსების გამო სასურველ სიმაღლეებს ვერ მიაღწია.
დამოუკიდებლობის პირველივე წლებში, მთავრობების პერმანენტული ცვლის მიუხედავად, ქართული თეატრი არასოდეს დარჩენილა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე, რადგან ქართველთათვის ხელშეუხებელ სიწმინდედ ითვლებოდა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, „ქართუ ფონდის“ მიერ გარემონტებულმა, სრულიად აღდგენილმა თეატრალურმა შენობებბმა დაიბრუნეს ძველი ბრწყინვალება, რამაც მყისიერად იქონია გავლენა რეპერტუარზეც.
რა მდგომარეობაა დღეს აჭარის თეატრებში და რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით სამინისტროს, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კულტურის სფეროში აკაკი ძნელაძე.
– ბატონო აკაკი, თუ შეიძლება მიმოვიხილოთ ქართული თეატრალური სივრცე. მართალია, ქართული თეატრის დღეს ვერ აღვნიშნავთ დარბაზებში, მაგრამ პროფესიული დღესასწაულის ვირტუალურად მილოცვას , დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოუერთდება.
– სიამოვნებით ვულოცავ ქართულ თეატრს პროფესიულ დღესასწაულს. ამ სფეროში საერთაშორისო დონის მიღწევები უკვე გვაქვს, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც დიდი წარმატებები გველოდება.
რაც შეეხება ქართულ თეატრს ზოგადად, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმის, თოჯინური და მარიონეტული თეატრები. სცენის აღიარებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა.
– რა ვითარებაა ამ სფეროში აჭარაში?
– ძალიან კარგი. აჭარაში მოქმედებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრები, ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასი, მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული, ბათუმის ექსპერიმენტული თეატრები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. ჩვენი თეატრალური კოლექტივები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში. აჭარას პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები. ჩვენი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან, მაქსიმალურად აქტიურობენ შესაძლებლობების და იმ ფინანსების ფარგლებში, რაც გაწერილი აქვთ ბიუჯეტით.
– რა თანხაა გამოყოფილი თეატრებისთვის სამინისტროს ბიუჯეტში და შემცირდა თუ არა კოვიდვითარების გამო ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები?
– თეატრებს თავისი სადადგმო თანხები აქვთ გამოყოფილი, რომელიც სამწუხაროდ, შემცირდა ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო. თანაც 2020 წელს ვერსად გავიდნენ გასტროლებზე, ჩაკეტილი საზღვრების და შეზღუდვების პირობებში. არადა, ფანტასტიკურად დაიწყო შარშანდელი წელი. სამინისტროს სურდა აღენიშნა თეატრის საერთაშორისო დღე – 27 მარტი და ტენდერიც კი გამოვაცხადეთ, მაგრამ შემდეგ ყველამ იცით, რაც მოხდა, გამოცხადდა მსოფლიო პანდემია, ჩაიკეტა სრულიად სამყარო და ყველაფერი ჩაიშალა. ზაფხულში, როდესაც გაიხსნა შიდა ტურიზმი, სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მოასწრო და შენობის წინ, მოედანზე წარმოადგინა პრემიერა ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით „ელექტრას ომი“, რომელიც დადგა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა. მაშინ ბათუმელმა და ქალაქის სტუმრებმა იხილეს ბათუმური თეატრალური წარმოდგენა და აღნიშნეს კიდეც, თურმე როგორ მონატრებიათ თეატრი.
– როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდშიც არ შეუწყვეტია ბათუმის დრამატულ თეატრს მუშაობა.
– დიახ, მუშაობდნენ რეკომენდაციების სრული დაცვით და მოახერხეს 5 სპექტაკლის დადგმა. ბოლოს, პეტრე ჩარგეიშვილი დადგა ნოდარ დუმბაძის -ის მიხედვით სპექტაკლი, რომელიც, სხვებთან ერთად, ჯერ ისევ ელოდება მაყურებელს.
– რას გვეტყვით ქართული თეატრის პროფესიულ დღესასწაულზე?
– ჯერ კიდევ 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში დაიდგა პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“. ეს იყო იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. თუკი ისტორიას ჩავუღრმავდებით, საკმაოდ საინტერესო სურათი წარმოგვიდგება, რადგან ქართული თეატრი, შორეული წარსულიდან მოდის. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია – ნიღბოსანთა ფერხული. კოლხეთის სამეფოში კი, ძვ.წ. VIII საუკუნეში ქუთაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები. კოლხეთში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. III-II სს.) შემორჩენილია სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათი და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით, რაც ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას. მარტო ხალხური წარმოდგენები „ბერიკაობა“ და „ყეენობაც“ ადასტურებს – შემთხვევითი არ არის ქართველთა თეატრალური ნიჭი და რომ ერის შემოქმედებითი ისტორიული მახსოვრობა მართლაც უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბდა, რაც თანამედროვე წარმატებების და მსოფლიო აღიარების საწინდარია.
– რას ნიშნავს თეატრი საქართველოსთვის?
– თეატრალური კულტურა შესისხლხორცებული გვაქვს ქართველებს. თეატრი თავად არის კულტურა, რომელსაც ბევრი რამ მოაქვს ქვეყნისთვის განათლებაშიც, ხელოვნებაშიც და მომავალი თაობის აღზრდაშიც.
– რას პირებთ 14 იანვარს?
– ფაქტობრივად, არაფერს. შეზღუდვები ისევ მოქმედებს და ჯერჯერობით 18 იანვრამდეა ყველაფერი წერტილდასმული, მაგრამ როგორც ვიცი, საქართველოს თეატრალური საზოგადოება სიურპრიზს ამზადებს და გიორგი შავგულიძის პრემიით აჯილდოებს ყველასთვის საყვარელ მსახიობ ბერდია ინწკირველს, რასაც ფართოდ გააშუქებენ მედიასაშუალებები.
– რომელი გასტროლები ჩაიშალა კოვიდის გამო?
– როგორც უკვე აღვნიშნე, 2020 წელი კარგად დაიწყო. ბათუმის დრამატული თეატრის დასი აპირებდა პარიზში მიწვევით წასვლას, თუმცა კოვიდის გამო გასტროლი ჩაიშალა. პოლონეთთან თანამშრომლობაც წარმატებული იყო. ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის – ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შეიქმნა. ერთობლივად დადგმული სპექტაკლის ჩვენება ვერ მოხერხდა, ფილმი გადაიღეს, იუთუბზე დადეს და მართლაც კარგი გამოხმაურება მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დრამატული თეატრი რეგულარულად მართავდა საგასტროლი ტურნეებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობდა პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრალურ ფორუმებში. შემოქმედებითი წარმატებებისათვის თეატრის არაერთი შემოქმედი დაჯილდოვდა ფესტივალებისა და კონკურსების პრესტიჟული ჯილდოებით. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს შემოქმედებით კოლექტივებს. უბრალოდ, 2021 წლის ბიუჯეტში შეიკვეცა სადადგმო ხარჯები, რადგან არ იყო დაფინანსების აუცილებლობა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება მსოფლიო პანდემია. ბიუჯეტის კორექტირება კი დაიწყება მაშინ, როდესაც პანდემიით მიყენებული ზარალი აღმოიფხვრება და ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა და ექსპერიმენტულ თეატრებზე რას გვეტყვით?
– მოზარდ მაყურებლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძეა, რომელმაც თავი გაგვაცნო ექსპერიმენტული თეატრის ჩამოყალიბებით, სადაც დგამდა უაღრესად საინტერესო, ემოციურად დატვირთულ სპექტაკლებს, ფანტასტიკური სცენოგრაფიით. ექსპერიმენტულმა თეატრმა თავიდან ბინა დაიდო საბალეტო სკოლის ამორტიზებულ შენობაში, რომელიც თავადვე მოაწესრიგეს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას – თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთადერთია ამ სივრცეში, რომელიც ბიუჯეტს ავსებს. ბავშვებიც და მოზარდებიც დიდი სიამოვნებით ესწრებიან სპექტაკლებს, ბილეთებს ყიდულობენ და სალაროში კარგი შემოსავალიც შედის. მინდა სხვა თეატრებსაც ვუსურვო ეს. იმედი მაქვს, „ბილეთების ყიდვის“ ზოგადად, ქართული პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება.
– ამბობენ, რომ თეატრში საკადრო ცვლილებები იგეგმება. . .
– თეატრს ავტონომიური მმართველობა გააჩნია, ჰყავს განსაზღვრული ვადით არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი, ასე რომ, გარედან ვერავინ ჩაერევა ამ პროცესში. ამას ჩვენი სამინისტრო არ წყვეტს.
– როგორც მხატვარი, როგორ შეაფასებდით თეატრალურ მხატვრობას და საერთოდ, რა კეთდება მხატვრებისთვის?
– შარშან კოვიდამდე, „არტ-კაპიტალის“ ფარგლებში, მოვასწარით პარიზის გრანდ-პალასში 9 ბათუმელი მხატვრის გამოფენა მოგვეწყო. გამოიცა დიდი კატალოგი, რომელშიც 4 ფურცელი დაგვითმეს ქართველებს. რაც შეეხება თეატრის მხატვრობას, ვნახე ზაზა სიხარულიძის „სჯანის“ გენერალური რეპეტიცია, გამაოცა სპექტაკლის მხატვრულმა გაფორმებამ, რომელიც ბესო ბესელიას ეკუთვნის. მე ბევრი სცენოგრაფია, მხატვრული გაფორმება მინახავს და გარწმუნებთ, ეს მაღალი კლასის ოსტატობით იყო შესრულებული. ასე რომ, როდესაც მაყურებელი შეავსებს დარბაზს, როდესაც დავუბრუნდებით თეატრალურ ცხოვრებას, გარწმუნებთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ ჩვენი რეჟისორების, მსახიობების, მხატვრების თუ სცენოგრაფების მიერ ჩატარებული უზარმაზარი მუშაობის შედეგად