საქართველოს 8 წლის რეკორდსმენი – ბათუმიდან
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93-
ჩვენი გაზეთის მკითხველს დღეს შესაძლებლობა ექნება, გაიცნოს, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს რეკორდსმენი სანდრო ზაქარაძე. მან რეკორდი სატვირთო ტრაილერის მართვაში 7 წლის ასაკში დაამყარა. ავტომობილის მართვა ბაბუამ, ნური ბერიძემ, ასწავლა და წარმატებამაც არ დააყოვნა. ის საზოგადოებამ გადაცემით „პატარების დიდი შოუ“ გაიცნო. მისი რეკორდის დამყარების ვიდეორგოლს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „შენ გაიხარე, პატარა ვაჟკაცო! იხაროს შენმა გამზრდელმა!“ „ასეთი მზრუნველი ბაბუის შრომა და სიყვარული უზომოდ დასაფასებელია!“ „ბევრი შენისთანა ბავშვი – საქართველოს!“ – წერდნენ სოციალურ ქსელში.
სანდრო ბათუმში დაიბადა, ის 8 წლის ახლახანს გახდა და ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა. დედმამიშვილებში ყველაზე პატარაა, ჰყავს ორი და. ინტერვიუს ჩასაწერად სანდროს დედას დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, პატარა რეკორდსმენი ავტომობილის მართვით 3 წლის ასაკში დაინტერესდა, 5 წლისა კი სატვირთო ტრაილერს დამოუკიდებლად მართავდა. როგორ ისწავლა მართვა, რა არის მისი ინტერესის სფერო, რითია დაკავებული თავისუფალ დროს და რა გეგმები აქვს, ამ და სხვა თემებზე სანდროს დედა ლია ბერიძე გვესაუბრება.
– როგორი იყო სანდროს პატარაობა, რა იზიდავდა ყველაზე მეტად?
– ვერ ვიტყოდი, რომ სხვა ბავშვებისგან რამე განსაკუთრებულით გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან თბილი, მგრძნობიარე და გაწონასწორებული ბავშვი იყო. ძალიან იზიდავდა ავტომობილები და პატარაობიდანვე აინტერესებდა მანქანის ყველა დეტალი. დღეში უამრავ კითხვას გვისვამდა, რომ არაფერი გამორჩენოდა. დღის ბოლოს უკვე ვიღლებოდით (იცინის).
– რა ასაკში დაინტერესდა ავტომობილის მართვით?
– ავტომობილის მართვით სანდრო სამი წლის ასაკიდან დაინტერესდა, უფრო ნაადრევ ასაკს ვერ ვიტყვი, დაუჯერებელი იქნება (იცინის). . . 5 წლიდან, შეიძლება ითქვას, სატვირთო ტრაილერს გამართულად და დამოუკიდებლად მართავდა, (მსუბუქ ავტომანქანას – თავისთავად). მართვა ბაბუამ ასწავლა და დღეს სანდროს წარმატება ამ მხრივ მისი დამსახურებაა. მამაჩემი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რაც თავი მახსოვს, სულ საჭესთან ზის. უყვარს ეს პროფესია და სანდროსაც ინტერესი მისმა ამ საქმისადმი სიყვარულმა გაუჩინა. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაგისტრალზეც კი გაუტარებია ტვირთით სავსე ტრაილერი. გზად ბევრ მძღოლს გაუჩერებია და პედლებს როგორ წვდებიო, გაოცებისგან უკითხავთ კიდეც. როცა გაიგებენ, რომ ტრაილერს მართავს, პირველად ყოველთვის ეს კითხვა გვესმის. ჩვენც მივეჩვიეთ და რეაქცია აღარ გვაქვს (იცინის).
– გადაცემაში „პატარების დიდი შოუ“ მონაწილეობა ვინ ურჩია?
– სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვქონია არანაირი ამბიცია ამ გადაცემაში მონაწილეობის, ტელევიზიიდან თავად დაგვიკავშირდნენ. როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში ჩვენ მიერ ატვირთული ვიდეორგოლით დაინტერესებულან, რომელიც 3 წლის წინ გადავიღეთ და გადაცემაში მიგვიწვიეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით.
– რა ემოცია დაგეუფლათ, როცა თქვენმა შვილმა თავის ასაკში სატვირთო ტრაილერის მართვაში საქართველოს რეკორდი დაამყარა?
– გადაცემის ჩაწერის დროს 7 წლის, 9 თვის და 22 დღის იყო. სასწაული ემოცია დაგვეუფლა, ოჯახში ოვაციებით ვუყურებდით გადაცემას. დიდი ემოციებით გამოირჩეოდა ბაბუაც, იყო სიხარულის ცრემლები, ჟრიამული. . . ძალიან ბედნიერი ხარ, როცა შენს შვილს ეკრანზე ასეთ წარმატებულს ხედავ. ყველა დედას ვუსურვებ ამ ემოციას! თავად სანდრო ასეთ დროს ემოციებს ვერ გამოხატავს, შეიძლება ვერც კი აცნობიერებს ამ წარმატების მასშტაბს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა და იმ დღეს ძალიან ბედნიერი იყო. ერთადერთი გულდასაწყვეტი ის ფაქტი იყო, რომ ჩემი მეუღლე შორეულ ნაოსნობაში იმყოფება და ამ წარმატებას შორიდან ადევნებდა თვალყურს.
– როგორია სანდროს ერთი ჩვეულებრივი დღე პანდემიის დროს?
– როგორც ყველა ტრადიციულ ოჯახში, დილით ადრე იღვიძებს, თავს იწესრიგებს, საუზმობს. შემდეგ კომპიუტერში ონლაინგაკვეთილებს მიუჯდება, შუალედებში ისვენებს. კარგად სწავლობს, მაგრამ საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკითაა დაინტერესებული. ძალიან უყვარს კლასელები და კლასის დამრიგებელი ქალბატონი ლილი გურგენიძე. უყვარს კითხვა, ფილმების ყურება. საღამოობით საყვარელ ბაბუასთან ერთად ჰაერზე ველოსიპედით სეირნობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაბუის უზარმაზარ ველოსიპედს ატარებს (იცინის).
– რითაა დაკავებული სწავლისა და სატვირთო ტრაილერის მართვის გარდა?
– პანდემიამდე ქართულ ცეკვაზე შევიყვანეთ, რაღაც პერიოდი დადიოდა, შემდეგ კარანტინი გამოცხადდა და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი დაიხურა. უყვარს ხალხური მუსიკა და დოლ-აკორდეონზე დაკვრის ხელოვნებასაც ეუფლება. ძალიან პატარა ასაკში ტელევიზიის საშუალებით სხვადასხვა სიმღერას თავისით სწავლობდა და მღეროდა კიდეც. ამ მხრივაც ნიჭიერია.
– როგორი იყო თქვენი, მშობლების, რეაქცია, როცა ბავშვი პირველად დაინახეთ ტრაილერის მართვისას?
– პირადად მე ძალიან ემოციური ვარ. ყოველთვის ვეკამათებოდი მამაჩემს, რათა ბავშვი საჭესთან არ დაესვა. ოჯახში ყველა წინააღმდეგი იყო, ვეუბნებოდით, რომ სახიფათოა, მაგრამ არ გვისმენდა. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, ბაბუა და შვილიშვილი ერთი ჭკუის არიანო(იცინის)? ისე ჩუმად ასწავლიდა მსუბუქი ავტომობილის, შემდეგ კი ტრაილერის მართვას, ვერაფერს ვხვდებოდით. ერთ დღესაც მამამ ოჯახის წევრები შეგვკრიბა, გავედით გარეთ და რას ვხედავთ – სანდრო ტრაილერით მოდის. საჭესთან მარტო ზის და ავტომობილს დამოუკიდებლად მართავს. . . ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რაც იმ წამს განვიცადე. . . ემოციებისგან ვტიროდი, ისე შევშინდი. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ასე თუ ისე, ამ ყველაფერს შევეგუეთ და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცოტაოდენი შიში მაქვს შემორჩენილი, ემოციებისგან და სიამაყისგან სიხარულის ცრემლები მოგვდის, როცა სანდროს ვიდეორგოლებს ვუყურებთ.
– რომელი პროფესიის არჩევას გეგმავს?
– დიდი სურვილი აქვს, რომ დირექტორი გახდეს, მაგრამ ზუსტად ჯერ არ არის ჩამოყალიბებული – რომელ სფეროში. იცის, რომ ჯერ წინ დიდი დროა, ამისთვის ბევრი სწავლა და შრომაა საჭირო. ჩვენც, რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ, რომ სანდრო ბედნიერ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
– სამომავლოდ რა გეგმები აქვს?
– სანდროს გეგმებში შედის: მოიწყოს კომფორტული ცხოვრება, ჰყავდეს ბევრი სატვირთო ტრაილერი, ჰქონდეს ბიზნესი და როგორც ზემოთ აღვნიშნე – გახდეს დირექტორი, ბაბუას კი მისი ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლობას ჰპირდება (იცინის).