თუ ზედმეტად გამუშავებენ და მიზერულ თანხას გიხდიან, დარეკეთ შრომის ინსპექციაში, კონფიდენციალურობა დაცულია!
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად შრომის ინსპექციას გაეზარდა უფლებამოსილებები. ამიერიდან, აღმოიფხვრება შრომითი ტრეფიკინგი და ზედმეტად ვეღარ ამუშავებენ ადამიანებს. რას გულისხმობს ცვლილებები, რის გაკეთება ძალუძთ დასაქმებულებს, რამდენად იქნება დაცული კონფიდენციალურობა და შეძლებენ თუ არა თავად მოიწესრიგონ სამსახურში მისვლის გრაფიკი, ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძე.
– ახალი კოდექსით შრომის ინსპექციას მიეცა დამატებითი უფლებები. რა უფლებებზეა საუბარი?
– შრომის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები და შრომის ინსპექციის შექმნა არის უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი სრულყოფილია და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა საჭირო აღარ იქნება, პირიქით, ამ ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვარწმუნა, რომ ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე და ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით.
– კონკრეტულად რას შეეხო შრომის კოდექსში შესული ცვლილებები?
– ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამუშაო დრო, დასვენების და შესვენების დროის რეგულირება, მედიაციის აღსრულების წესის განსაზღვრა, შრომის ხელშეკრულების ფორმის, ვადებისა და შინაარსის ახლებურად დარეგულირება. გაჩნდა ახალი მუხლი სტაჟირების შესახებ, დარეგულირდა ღამის საათებში მუშაობა, აიკრძალა გადაბმით ცვლაში მუშაობა, განისაზღვრა გონივრული მისადაგების პრონციპი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი), დარეგულირდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარი, შრომის დისკრიმინაციის მიმართულებით გამკაცრდა რეგულაციები, ორაზროვანი რომ არ იყოს მოცემული ნორმები და სხვა. რაც შეეხება შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მისი მანდატის გაზრდას, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რითაც შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის ურთიერთობების მონიტორინგიც. აქამდე შრომის ინსპექცია ამოწმებდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტებს, ხოლო მისი უფლებამოსილების მიღმა რჩებოდა შრომითი ურთიერთობების, შრომის უფლებების მონიტორინგი. ახლა კი შეძლებს, შეამოწმოს, იცავს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს – სამუშაო დროის ხანგრძლივობას, მოთხოვნებს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, შვებულების მიცემის წესს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემას, შრომითი დისკრიმინაციის საკითხებს და ა.შ. ანუ იმას, რაც შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებია.
– რა მიმართულებით გაძლიერდა ინსპექცია?
– შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება განხორციელდა ორი მთავარი მიმართულებით: 1) გაუქმდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – შრომის ინსპექციის დეპარტამენტი და შეიქმნა ამავე სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული დამოუკიდებელი სტრუქტურა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „შრომის ინსპექცია“, რომლის მთავარი შრომის ინსპექტორის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტით დადგენილი წესით, ანუ შრომის მთავარი ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება არა ჯანდაცვის მინისტრის, არამედ საქართველოს პარლამენტის მიმართ; 2) მაქსიმალურად გაიზარდა შრომის ინსპექციის მანდატი, რაც მოიცავს მონიტორინგის, კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებს სახელმწიფოს მხრიდან.
კანონის თანახმად, შრომის ინსპექციას ინსპექტირება შეუძლია განახორციელოს: 1) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე, 2) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 3) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
– რამდენად დაცული იქნება კონფიდენციალურობა?
– პირველ შემთხვევაში, შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ვინაობა (კონფიდენციალურობა სრულად არის დაცული), შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება დაიწყო საჩივრის საფუძველზე. მეორე შემთხვევაში, ინსპექტირება უნდა განხორციელდეს „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის #99 დადგენილების შესაბამისად, ხოლო მესამე შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა არსებობდეს ნებისმიერი იდენტიფიცირებული პირის შეტყობინება.
– რა უფლებამოსილებით აღიჭურვება ინსპექტორი?
– ახალი რეგულაციების მიხედვით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია:
- 1. თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მთავრობის ზემოთ აღნიშნული დადგენილების შესაბამისად;
- სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა;
- მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა; მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან ნივთიერება; ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი; აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი, გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი; კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას, შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა და ხელსაწყო; ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება. „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.
– რა ემუქრება დამსაქმებელს შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში?
-კანონის თანახმად, შრომითი ნორმების დარღვევისათვის შეიძლება გამოიყენონ ადმინისტრაციული სახდელები, კერძოდ: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმაა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება. სანქციები არის დიფერენცირებული კომპანიების მოცულობისა და აქტივობების მიხედვით. სანქციები არ არის ერთგვაროვანი, იგი რეგულირებულია დარღვევის ხარისხის, სიმძიმისა და განმეორებითობის მიხედვითაც. აქვე განვმარტავ, რომ შრომითი ნორმები მოიცავს როგორც შრომის კოდექსით, ასევე, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით, შრომითი ხელშეკრულებით და სხვა აქტებით გათვალისწინებულ შრომით მოთხოვნებს. ამ ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, განსაზღვროს, როდის და რომელი ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენოს, ან რა ოდენობის ჯარიმა დააკისროს, რაც შრომის ნორმის დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს. ამასთან, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია იძულებითი აღსრულების მექანიზმები. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დარღვევის ხარისხისა და დამსაქმებლის ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით, იწყება 200 ლარიდან და ადის 1000 ლარამდე. კანონით გათვალისწინებულია ასევე, ჯარიმის ოდენობის გაორმაგება და გასამმაგება. გაორმაგება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა ჩადენილია არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შშმ პირის მიმართ, ასევე, თუ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში განმეორდა იგივე ქმედება. ჯარიმა სამმაგდება პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს, ასევე, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისა და გონივრული მისადაგების პრინციპის დარღვევისათვის. უკიდურეს შემთხვევაში, თუ დადგინდა ბავშვთა შრომის ან იძულებითი შრომის ამკრძალავი ნორმების დარღვევა, გამოიყენებენ სახდელს სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ,
– განვიხილოთ შრომის კოდექსის ის პირველი ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ.
-2006 წლის შრომის კოდექსი იყო აბსოლუტურად ცალმხრივი და ემსახურებოდა მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებს. იგი შედგა ბიზნესის მითითებით და ზეგავლენით. კოდექსში არ არსებობდა დასაქმებულის ინტერესების დამცავი მექანიზმები და ნორმები. როგორ შეიძლება ასეთ დოკუმენტს ეწოდოს შრომის კოდექსი, თუ მასში არ არის დარეგულირებული ყველაფერი ის, რაც პირველი კითხვის პასუხად მოგახსენეთ, კერძოდ: არ იყო ზუსტად განსაზღვრული შრომის არსებითი პირობები, სამუშაო დრო, დასვენების და შესვენების დრო, არ არსებობდა მედიაცია და სამმხრივი კომისია, არ რეგულირდებოდა ღამის საათებში მუშაობა, ცვლაში მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა და ანაზღაურების წესი. დამსაქმებელს შეეძლო ზეგანაკვეთურად დაესაქმებინა მუშაკი იმდენი საათის განმავლობაში, რამდენსაც მოისურვებდა. კოდექსში არ არსებობდა დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები, შშმ პირთა დასაქმების საკითხები და სხვა. 2006 წლის შრომის კოდექსი, პირდაპირ რომ ვთქვათ, იყო ცუდი კოდექსი და მთლიანად მორგებული იყო ბიზნესზე, ხოლო დამსაქმებლებს თავისუფლად შეეძლოთ ყოველგვარი კომპენსაციების გაცემის გარეშე, მასობრივად გაეყარათ სამუშაოებიდან დასაქმებულები.
– რა პირობები უძღოდა წინ ახალი კოდექსის ჩამოყალიბებას?
– 2020 წლის ახალ შრომით კოდექსამდე გრძელი და რთული პერიოდის გავლა გახდა საჭირო, რადგან ყოველ ახალ რეფორმას ჰყავს მოწინააღმდეგეები და ხელისშემშლელები. არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს საზოგადოების ყველა ფენა დაინტერესებულია, რეფორმა განხორციელდეს მის სასარგებლოდ, თუნდაც ის იყოს არასასარგებლო და არაპროდუქტიული ქვეყნისათვის. შრომით ურთიერთობებში მთავარი გარდატეხა განხორციელდა 2013 წელს, როცა ძირეულად შეიცვალა საქართველოს შრომის კოდექსი. აბსოლუტურად ახლებურად დარეგულირდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები. კოდექსში გაჩნდა დასაქმებულის ინტერესების დამცავი ნორმები, რომელმაც შემდეგში უზრუნველყო დასაქმებულის ღირსეული შრომითი პირობები.
– რამდენად კმაყოფილია ბიზნესი ახალი კოდექსით?
– ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის თავდაპირველ ვარიანტში წარმოდგენილი ცვლილებების მთელი რიგი საკითხი საპარლამენტო მოსმენების დროს აღარ გავიდა და ამოიღეს პროექტის საბოლოო ვარიანტიდან სწორედ მათი ზეწოლითა და უშუალო გავლენით. სათქმელია ისიც, რომ ბიზნესი, ზოგადად, ცვლილებების და ახალი რეგულაციების წინააღმდეგია, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა. მათი ინტერესები გათვლილია მოკლევადიანი მოგების მიღების პრინციპით – აქ და ახლა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს, მიგვაჩნია, რომ ბიზნესი გარკვეულ თანხას დახარჯავს ადამიანური კაპიტალის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გაიზრდება დასაქმებულების ეფექტური საქმიანობა და პროდუქტიულობა, რაც მოკლევადიან პერიოდში დამსაქმებელს გაუზრდის ხარჯებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში დასაქმებულის პროდუქტიულობის გაზრდის ხარჯზე გაიზრდება ბიზნესის მოგებაც. ამ ყველაფრის მოგვარებისა და მოწესრიგების კვალდაკვალ, გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა ქათული კომპანიების მიმართ და უფრო ცნობილი და დიდი კაპიტალის მქონე ბრენდები მოისურვებენ მათ ბიზნესში კაპიტალის ინვესტირებას.

