მთას წვიმიანი იანვარი არ ახსოვს
ოთარ ცინარიძე 599 85 2114 –
ორი ათეული წლის წინ, დეკემბერ-იანვრის გასაყარზე მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე აჭარისწყალი და მისი შენაკადები ნაპირებიდან გადმოიყვანა. წყალმა წალეკა მდინარისპირა ჭალები, გაანადგურა რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, რიყეებზე არსებული შენობა-ნაგებობანი.
ადიდებულმა ჩირუხისწყალმა წაიღო ოქროპილაურის ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის ანძები, რომლებიც მშენებარე სანალიაჰესისთვის იყო განკუთვნილი და შემდეგ აჭარისწყალმა სხვადასხვა ტერიტორიაზე გამორიყა. მაშინ სერიოზულად დაზიანდა აწჰესის სათავე ნაგებობა. ნატანმა გვირაბის შესასვლელი ნაწილიც ამოავსო. დამცავი ბადე რომ არა, ზიანი საგანგაშო იქნებოდა. ნაპირებს მომსკდარმა მდინარემ მახუნცეთის ხიდს საძირკველი დაუზიანა, რომელიც დანგრევას ბეწვზე გადაურჩა.
იანვარში ქედის, შუახევის, ხულოს ტერიტორიებზე, მესხეთის აჭარა-შავშეთის ქედების კალთებზე უხვი თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ კოკისპირული წვიმა – გამონაკლისი. ამ დღეებში მოსულმა წვიმამ აადიდა მდინარე აჭარისწყალი და მისი შენაკადები, განავითარა მეწყრული პროცესები სოფლებსა და დასახლებულ უბნებში.
ადიდებულმა მდინარეებმა წალეკა სანაპიროებზე არსებული სახნავ-სათესი ფართობები, წაიღო ხიდები. ყველაზე დიდი ზარალი ქედის, შუახევის სოფლებს მიადგა. გარე სამყაროს მოწყდა ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის ადმინისტრაციული ერთეულის სამი სოფელი: კანტაური, ტიბეთა და აბუქეთა.
ადიდებულმა აჭარისწყალმა დატბორა შუახევის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და ფირმების სამეურნეო ეზოები. დროული ოპერატიული ღონისძიებები რომ არა, გორხანაულის ტერიტორიაზე ახლად გაკეთებული „ზიმო-7“-ის სამეურნეო ეზოში არსებული 10 ერთეული ტექნიკა ადიდებული მდინარის ნადავლი გახდებოდა.
გააქტიურდა მეწყრული პროცესები სხალთის, ღორჯომის, ჭვანის, მარეთის, მერისის, ბეღლეთ-ვაშლოვანის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიებზე.
ხაბელაშვილები და ბრილი ჭვანის ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია. საუკუნეებია ხაბელაშვილების ერთ უბანში – კალოში შარაშიძეები ცხოვრობენ. ემზარ შარაშიძე და მისი 7-წევრიანი ოჯახი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ათეულობით კუბური მეტრი მიწა ტერიტორიას მოწყდებოდა და ოჯახი საფრთხის წინაშე დადგებოდა.
სოფელ ბრილში ტერიტორია, სადაც თემურ და ჟორა ბერიძეები სახლობენ, საიმედოდ იყო მიჩნეული. სოფლის საფარ ტყეში ამოხეთქილმა წყალმა და ფერდობიდან წამოღებულმა მიწის მასამ მათაც საფრთხე შეუქმნა.
სტიქიისგან იავარქმნილი ხაბელაშვილების, ბრილის ტერიტორიები მოინახულეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა. მათ დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრისი მიუჩინეს.
აჭარის მთიანეთში იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. იგი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას, შეხვდა დაზარალებული სოფლებისა და ოჯახების წარმომადგენლებს.
აჭარის მთიანეთში არსებული მდგომარეობა ყველას გვავალდებულებს, რომ გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. წინ ზამთრის ორი თვეა. სტიქიური პროცესები გაზაფხულზე გააქტიურდება. ამ ეტაპზე ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ დაზარალებულ ოჯახებს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მივხედოთ, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.