14 იანვარი – ქართული თეატრის დღეა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
თეატრის სამყარო ოთარ ქათამაძისთვის ისეთივე ჯადოსნურია, როგორც ბავშვობისას. . .
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა და მას 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
ქართულმა თეატრმა განვითარების ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი გზა გაიარა. ნოვატორული ძიებების, სხვადასხა თეატრალურ- ესთეტიკური მიმართულებების დამკვიდრების რთული გზის შემდეგ ქართული სასცენო ხელოვნება არის მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს. იგი ხომ ერთდროულად ყველა გრძნობაზე მოქმედებს: სმენაზე, მხედველობაზე, აღქმის ყველა საშუალებაზე და ადამიანზე დადებით გავლენას ახდენს.
დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული თეატრი სხვადასხვა სახის პრობლემის წინაშე დგას, საქართველოს ბევრი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი მსახიობი, რეჟისორი, სცენოგრაფი და დრამატურგი ჰყავს. დიდი ძალა და პოტენციალია ამ ახალგაზრდა თაობაში. ჰოდა, ამაზე სასაუბროდ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, რეჟისორს და დრამატურგს ოთარ ქათამაძეს დავუკავშირდით.
– ბატონო ოთარ, რა არის თეატრი თქვენთვის?
– ამ კითხვაზე მხოლოდ ეს პასუხი მაქვს – ვერ გამირკვევია, რომელია ჩემი სახლი, ის, სადაც ვცხოვრობ, ანუ საკუთარი სახლი, თუ – თეატრი. შეიძლება ითქვას, რომ გაორება მაქვს და ვერ ამირჩევია. თეატრი არის ის სამყარო, ის სივრცე და ის შენობა, სადაც შემიძლია შევიგრძნო სიცოცხლის მთავარი არსი. ეს არის ის, რითაც ვცოცხლობ.
– ბესო კუპრეიშვილი (თქვენი ბიძა) თითების თეატრის დამფუძნებელია ბათუმში, ანუ ოჯახში თეატრს თავიდანვე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. . . ის პერიოდი გაიხსენეთ. . .
– არ მახსოვს საკუთარი თავი თეატრის გარეშე. ბავშვობაშივე ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. დედაჩემის სურვილიც იყო, რომ ხელოვნებასთან მუდამ ახლოს ვყოფილიყავი. პატარა ვიყავი, როცა ნინო ნიჟარაძის, ბესო ბესელიას, ნათია ქორიძის და ბიძაჩემის ერთობლივ სახელოვნებო სტუდიაში დავდიოდი – „მთიები“ ერქვა. იქ სინთეზურად ისწავლებოდა, როგორც სამხატვრო ხელოვნება, ისე ხელოვნების სხვადასხვა დარგი. თეატრიც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ იმ დროიდან ყალიბდება ჩემში თეატრისადმი სიყვარული. იქ რომ დავდიოდი, შავ-თეთრი სამყაროდან ფერად სამყაროში ვინაცვლებდი და ამან ჩემი პროფესიის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. სივრცე, სადაც ახლა ვარ (თეატრს ვგულისხმობ) ისეთივე ჯადოსნურია, როგორიც ბავშვობაში „მთიები“ იყო. არასდროს ნელდება ეს გრძნობა და იმ ბავშვური აღტაცებიდან დღემდე ვერ გამოვდივარ.
– „მონოდრამის ფესტივალზე“ გვიამბეთ, როგორც ვიცით, წელს მაყურებელი სხვა ფორმატში უყურებდა ფესტივალს. . .
– „მონოდრამის ფესტივალი“ ჩატარდებოდა თუ არა საერთოდ, ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, აკრძალვები დაწესდა და ფესტივალის ფორმატიც აბსოლუტურად უნდა შეცვლილიყო. კარანტინი რომ გამოცხადდა, პირველი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, ეს იყო ხელოვნება. უცებ ჩაიკეტა ყველა სივრცე, სადაც ხელოვნება სუფევდა და ხელოვანი ადამიანებისთვის დეპრესიის პერიოდი დადგა. შემოქმედისთვის, მოგეხსენებათ, მხოლოდ ხელფასი არაფერია, მას თუ არ აქვს ის სივრცე, სადაც თავის შინაგან დემონებს გაათავისუფლებს (ხუმრობით ასე ვეძახი), ის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ვარდება. ეს პროფესია ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც ყოველდღიურად ფორმაში უნდა გყავდეს. ფორმიდან ამოვარდნა კი ნერვულ სტრესთანაა კავშირში. ეს ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე, მე მქონდა არჩევანი – ან გავჩერებულიყავი, ან გამოსავალი მომეძებნა. ამიტომ გადავწყვიტე ონლაინსივრცეში ჩამეტარებინა და მეჩვენებინა ის პიესები, რომლებმაც „მონოდრამის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმარჯვეს. თავიდან დაგეგმილი გვქონდა, გვეჩვენებინა 6 სპექტაკლი, მაგრამ იმდენად ბევრი პიესა შემოვიდა, არა მხოლოდ საქართველოდან, უცხოეთინადაც, რომ არჩევანის გაკეთება გაჭირდა და გადავწყვიტეთ, 10 პიესა შეგვერჩია. აქედან მხოლოდ 8 პიესა გადავიღეთ და ონლაინსივრცეში გავუშვით. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად, არსებობდა ფესტივალის ა და ბ გეგმა. ა გეგმის მიხედვით, ყველა სპექტაკლი ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა გვეთამაშა, თუმცა შეკრების აკრძალვა დაწესდა და მაყურებელს ვერ მოვიყვანდით. ამიტომ ბ გეგმა შევიმუშავეთ და სპექტაკლები ფილმის სპეციფიკით, დუბლებად გადავიღეთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხარისხი. სხვათა შორის, ამ ფორმატმა ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო. ნახვების მიხედვით, ძალიან დიდი გამოხმაურება და გაზიარება ჰქონდა სპექტაკლებს. ამ მხრივ „მონოდრამის ფესტივალი“ თეატრალურ სამყაროში უფრო აქტუალური გახდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბევრი ფესტივალი გაჩერდა. მეც გავჩერდებოდი, ალბათ, რომ არა ეს ქალაქი. . . ძალიან დამეხმარა ბათუმი. ვისარგებლებ შემთხვევით და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას მადლობას გადავუხდი. ფაქტობრივად, სწორედ ამ ტელევიზიამ აიღო საკუთარ თავზე ტექნიკური მხარე და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფესტივალში. ტელევიზიის ძალიან ნიჭიერმა და ახალგაზრდა გუნდმა სრულიად უსასყიდლოდ გადაიღო და დაამონტაჟა სპექტაკლები. მადლობას ვუხდი, ასევე, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ფესტივალში. მადლობა, რა თქმა უნდა, ჩემს სამეგობროს, ისინი რომ არა, ეს ფესტივალი არ შედგებოდა. ვთვლი, რომ რაც გაკეთდა, ძალიან დიდი გამარჯვება იყო და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელიც კი იყო ზოგიერთი სპექტაკლის ისეთი წარმატება, რაც წილად ხვდა. ამ ფესტივალის მთავარი მიზანი ისაა, რომ მთავარი დატვირთვა არა სპექტაკლს, არამედ პიესას ჰქონდეს. პიესების აჟღერება და მაყურებლამდე სწორად მიტანაა მთავარი. ჩვენ ეს მოვახერხეთ.
– რა განსხვავებაა სცენაზე დადგმულ და ონლაინ გასულ სპექტაკლებს შორის?
– თეატრს არ უნდა წაართვა მისი უშუალო კაავშირი მაყურებელთან. ჩვენ რაც გავაკეთეთ, „მონოდრამის ფესტივალის“ სახით, საჭირო იყო მსახიობებისთვის, რომ ფორმაში ყოფილიყვნენ, რეჟისორებისთვის – ახალი გამოწვევა იყო და მათ საკუთარი თავი კამერებთან უნდა მოესინჯათ. . . რეალურად, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. თუმცა, თეატრის „მუღამი“ იმაშია, რომ მაყურებელი შენთან ერთად სუნთქავდეს. სწორედ მაშინ აქვს ამ ყველაფერს მომაჯადოებელი ეფექტი. ყველა სპექტაკლში ხომ ერთნაირად არ თამაშობ, ხან იმპროვიზირებ, ხან რაღაც ახალს ამატებ, ვითარდები. . . ტელესპექტაკლში კი ერთხელ ითამაშებ, დაფიქსირდები და ის ისე დარჩება. თეატრი მუდმივი განვითარების შესაძლებლობას გაძლევს. როცა თეატრი ახმაურდება, როცა მაყურებელი მოდის, დარბაზში ჟრიამულია, ეს მთელი სამყაროა, სადაც შედიხარ და რამდენიმე საათით იკარგები. მოგზაურობ იმ მსახიობებთან ერთად, რომლებიც სცენაზე შენთვის იხარჯებიან. ამას ვერანაირი ემოცია ვერ ჩაანაცვლებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მაყურებელი და მასთან მალე დაბრუნება. იმედია, ეს მალე მოხდება!
– ქართული თეატრის დღეს როგორ აღნიშნავდით აქამდე, წელს რას აპირებთ?
– ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტობის პერიოდში, როცა ბათუმში ასლან ბაბუს დრო იყო, ჩვენს თეატრს დრამატული თეატრის სტატუსი არ ჰქონდა, მას ოპერისა და ბალეტის თეატრი ეწოდებოდა. მაშინ ქართული თეატრის დღე არასოდეს აღინიშნებოდა. მახსოვს, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები სამარშრუტო ტაქსებში ვსხდებოდით და იმ ქალაქებში მივდიოდით, სადაც ეს დღე აღინიშნებოდა. ეს ხან თელავი იყო, ხან ზესტაფონი და ამ დღეს მთელ თეატრალურ სამყაროსთან ერთად ვზეიმობდით. როგორც კი რევოლუცია მოხდა და თეატრმა დრამატულის სტატუსი აღიდგინა, მსახიობებთან ერთად ყოველთვის აღვნიშნავდით ამ დღეს. ერთი წელიც არ ჩაგვიგდია. სპექტაკლებსაც აუცილებლად ვდგამდით. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვები გვაქვს, წელსაც შეიძლებოდა ქართული თეატრის დღე რაღაც ფორმით მაინც აღგვენიშნა. შეგვეძლო, რაღაც საინტერესო მაინც გაგვეკეთებინა. . . გული ძალიან მწყდება, რომ წელს ასე პასიურად ვხვდებით ამ დღეს.
– როგორც მსახიობი, თითქმის 1 წელია სცენაზე არ მდგარხართ, რითი აინაზღაურეთ ეს დანაკლისი?
– „მონოდრამის ფესტივალის“ გარდა ვიყავი ჩართული ფესტივალში „ლაბორატორია 2/20“-ში, ასევე, გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთში სპექტაკლიც დავდგი… არ გავჩერებულვარ. თამაშის მხრივ კი საოცრად დიდი მოთხოვნილება მაქვს. სცენაზე შემთხვევით როცა მოვხვდები, ეს ერთი წელი საუკუნედ მეჩვენება. ისე გაიწელა ეს პერიოდი, რომ ძლიან დიდი ნოსტალგიის შეგრძნება მაქვს. გულსატკენია, რომ ვერა და ვერ გავედით სცენაზე და ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვითამაშეთ. ეს ყველაფერი ფორმიდანაც გაგდებს მსახიობს. რამდენიც არ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე სახლში, სცენაზე რეპეტიციები და სპექტაკლში მაყურებლის წინაშე თამაში მაინც სულ სხვაა. ეს უმნიშვნელოვანესია და ამ ყველაფრის ნაკლებობას მსახიობები უკვე ვეღარ ვუძლებთ.
– ქუჩის თეატრზე გვიამბეთ. . . წლების წინ არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, თქვენი იდეით, ბათუმის ქუჩებში. სამომავლოდ ხომ არ აპირებთ რამეს ამ კუთხით?
– მეკითხებიან ხოლმე – როდის იქნება ქუჩის თეატრები? მსახიობებიც კი, რომლებიც მაშინ სპექტაკლებში მყავდა დაკავებული, ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, დღემდე მთხოვენ, რომ ქუჩაში გავიდეთ და ისევ ავახმაუროთ ქალაქი. სხვათა შორის, ბათუმში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ქუჩის თეატრის ფესტივალის გაკეთებას აპირებენ. თავდაპირველად, ჩვენ რომ ვდგამდით ქუჩაში სპექტაკლებს და თეატრალურად ვახმაურებდით მთელ ქალაქს, ცოტა გულსატკენია, შემდეგ ვიღაც რომ მოდის და შენს იდეას ისაკუთრებს, თან არ იცი, ეყოფა თუ არა მას კომპეტენცია. . . სულ მახსოვს ის პერიოდი და მუდმივად რაღაც დანაკლისის შეგრძნება მაქვს. მენატრება ქუჩაში თამაში, მას თავისი ხიბლი, ზეიმის შეგრძნება აქვს. ვისაც ეს სპექტაკლები უნახავს, ყველას ახსოვს და ენატრება. „არტ ლაბორატორიის“ ფარგლებში 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლს და ეტიუდს ვდგამდი. ჩემთვისის დღემდე ერთ-ერთ უსაყვარლეს პროექტად რჩება. რამდენი კურიოზი მახსოვს, ხან სად ვრეპეტიციობდით, ხან სად. . . ის ენთუზიაზმი მომენატრა, თანამოაზრეთა ჯგუფი. . . თავქარიანები რომ ვიყავით და ყველაფერზე მივდიოდით, ოღონდ ეს პროექტი გაგვეკეთებინა. . . ჩვენი ხელითაც ვაკეთებდით უამრავ რამეს. მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. ახლაც მინდა ის შეგრძნება დავიბრუნო და ალბათ მოვა ის დროც, როცა ისევ გავაკეთებ ქუჩის სპექტაკლებს, იმედია – მალე.
– რა გეგმები გაქვთ?
– გეგმებში შედის ის, რომ ისევ მოვემზადები „მონოდრამისა“ და „ლაბორატორია 2/20-ზე“ ფესტივალებისთვის. ასევე, გეგმაში მაქვს სხვა პროექტები და ვფიქრობ, შემოქმედებითად ძალიან დახუნძლული წელი იქნება. პანდემია რომც გაგრძელდეს, ჩვენ უკვე ვისწავლეთ მასთან თანაარსებობა და ვიცით, სამომავლოდ რა, როგორ გავაკეთოთ. თეატრი ისეთი ორგანიზმია და ხელოვნება, ზოგადად, ისეთი რამაა, რომ უნდა ვითარდებოდეს მუდმივად, მიუხედავად იმისა, რა მარწუხებშიც უნდა მოექცეს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დარტყმა მივიღეთ ხელოვანებმა პანდემიის პერიოდში, მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ისევ დავუბრუნდებით მაყურებელს, იმ ძველს, რასაც ვაკეთებდით და იმ ძველში ვიქნებით ახლებურები.