რა დაუტოვა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა?
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
წასვლამდე 2 კვირით ადრე, 2020 წლის ბოლოს, ქართული ოცნების დამაარსებელმა და საქართველოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაახლოებით $1.5 მლრდ-ის აქტივები მის მიერვე დაარსებულ ფონდ „ქართუზე“ გადააფორმა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი დამოკიდებულება ფულის, ქონების და საქართველოს მიმართ. აქამდე გაუგონარი ჟესტით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამავე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, თითქოს ცდილობდა, თავიდან აერიდებინა ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომლებიც მისი მისამართით ისმოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ითავა, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის თხოვნით.
გადაფორმებულ აქტივებს შორისაა ბანკი ,,ქართუ”, „პანორამა თბილისი“, სასტუმრო ,,პარაგრაფი”, დასრულებული და მშენებარე ობიექტები – ბათუმში, ციხისძირში, ჩაქვში, შეკვეთილში, ანაკლიაში, ბაკურიანსა და აბასთუმანში, სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“ და საკუთარი ბიზნეს-ცენტრი სოლოლაკში.
იმის გამო, რომ აქტივების აქციებით ბირჟაზე ღიად არ ვაჭრობენ, მათი ღირებულების განსაზღვრა უფრო რთულია და პირობით დაშვებებს ეფუძნება. ხსენებული $1.5 მლრდ-ც ამ დაშვებიდან მომდინარეობს. როგორც თავად ივანიშვილი ინტერვიუში განმარტავს, აქტივების ნაწილის შექმნა მას საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაუჯდა და მაგალითად შეკვეთილის „პარაგრაფი“ მოჰყავს, რომლის აშენებაზეც $127 მლნ დაიხარჯა, მაშინ როცა სასტუმროს ღირებულება მხოლოდ 50-60 მლნ დოლარია.
„პანორამა თბილისი“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული, მასშტაბური, ძვირად ღირებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროექტია, რომლის შესახებაც პირველად 2014 წელს, ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გახდა ცნობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური საინვესტიციო ღირებულების მოცულობა, დასრულების ვადა და უშუალოდ პროექტის დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, კომპლექსისთვის 4 წერტილი შეირჩა – თავისუფლების მოედანზე ყოფილი ცეკავშირის შენობა, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ქარვასლა, სოლოლაკი ქედი და თაბორის მთა. საინვესტიციო ღირებულებად $600 მლნ დასახელდა, რომელიც იმ დროისთვის მლრდ-ს უდრიდა. ითქვა ისიც, რომ პროექტი 3 წელიწადში დასრულდებოდა. შენობები ერთმანეთს საბაგირო გზებით უნდა დაკავშირებოდა. დღეს მშენებლობა ოთხივე წერტილზე მიმდინარეობს, თუმცა ერეკლე მეორის მოედანი კომპლექსის დანარჩენ ნაწილებს საბაგირო გზით აღარ დაუკავშირდება.
ცეკავშირის შენობის ადგილას მარიოტის L მშენებლობის დასრულების თარიღად ჯერ 2018, შემდეგ კი 2020 წელი დასახელდა. პანდემიის გამო ვადამ კიდევ 1 წლით გადაიწია. სასტუმროს 6 კატეგორიის 220 ნომერი, A კლასის საოფისე ფართები, სპა, ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი ექნება. მისი საინვესტიციო ღირებულება $101 მლნ-ს შეადგენს.
სოლოლაკის ქედზე A შენდება. ერთ და ორსართულიანი შენობები ერთმანეთს დახრილი ლიფტით დაუკავშირდება, მთლიანი სასტუმრო კი პუშკინის სკვერში მდებარე კომპლექსის მეორე ნაწილს – საბაგირო გზითა და 34 გონდოლით. თავდაპირველი გეგმით, სოლოლაკის სასტუმროში 370 ნომერი უნდა ყოფილიყო და საინვესტიციო ღირებულებას $200 მლნ-ისთვის მიეღწია, დღეს ეს რიცხვები 190 ნომრამდე და $115 მლნ-მდეა შემცირებული. კომპლექსის ამ ნაწილის დასრულების სავარაუდო თარიღად 2023 წელი სახელდება.
2023 წელს უნდა დასრულდეს 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა ერეკლე მეორის მოედანზეც. სინვესტიციო ღირებულება ამ შემთხვევაში შედარებით მოკრძალებულია და $36 მლნ-ს შეადგენს.
ჯამში, კომპლექსი სრულად 2023 წლიდან უნდა ამუშავდეს. ინვესტიციის საერთო ღირებულება კი $360 მლნ-ს შეადგენს.
ძვირად ღირებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეკვეთილის სასტუმრო “პარაგრაფია”. თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, 2017 წელს გახსნილი სასტუმრო $120 მლნ დაჯდა. გამორჩეულ არქიტექტურასთან ერთად, სასტუმროს ზღვაში 115 მეტრზე შეჭრილი საცურაო აუზი და 1600 კუბური მეტრის მქონე აკვარიუმი გამოარჩევს. კომპლექსი ასევე, მოიცავს ზამთრის ბაღს, ჩოგბურთის კორტებს, საკონფერენციო დარბაზებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს. 2018 წელს პარაგრაფი ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.
მშენებლობის პროცესშია კიდევ ერთი მარიოტის ქსელის ბრენდ L 120-ნომრიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე, სადაც გეგმის მიხედვით სპა, აუზი, ფიტნესცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო-სარეკრიაციო ზონა და ბიზნესშეხვედრებისთვის საჭირო საკონფერენციო სივრცეები უნდა განთავსდეს. საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ-ს შეადგენს.
ფონდისთვის გადაცემული, შავიზღვისპირეთში არსებული ქონების ჩამონათვალში ასევე შედის: შპს „ბიზნეს დეველოპმენდი“ ციხისძირში, შპს „სისაიდი“ ჩაქვში და შპს „ბიზნესრივერა“ განმუხურში.
მთლიანად ფონდის სახელზე გადაფორმდა „ბანკი ქართუც.“ 1996 წელს საქართველოში „როსისკიი კრედიტი ქართუ“ დაფუძნდა, რომელმაც საბანკო ლიცენზია მომდევნო 1997 წელს მიიღო, 1998 წლიდან კი „ბანკი ქართუს“ სახელით დაიწყო ოპერირება. 2019 წლის მდგომარეობით, ბანკის აქტივების მოცულობა 1.337 მლრდ ლარს შეადგენდა, გაცემული ჰქონდა 879 მლნ ლარის სესხი, მეანაბრეთა თანხები კი 778 მლნ-ს უდრიდა. იმავე წელს ბანკის შემოსავალმა 108 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც მოგება 22 მლნ ლარი იყო. მართალია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბანკი სააქციო საზოგადოებადაა მოწყობილი, მაგრამ თიბისისა და საქართველოს ბანკისგან განხვავებით, მისი აქციებით ღიად არ ვაჭრებენ, რის გამოც ზუსტი საბაზრო კაპიტალიზაციის დადგენა რთული ხდება.
ფონდ „ქართუს” საკუთრებაში გადავიდა, ასევე, 1998 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი.“ მისი სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობით აშენდა და შენდება: „პანორამა თბილისი“, Aსასტუმრო აბასთუმანში, ლიბერთი ბანკის სათავო ოფისი, „ბათუმი ტაუერი“, ყავის ქარხანა „მეამე,“ განახლებული „შერატონ მეტეხი გრანდ თბილისის პალასი,“ აქსის თაუერსი, შეკვეთილის სასტუმრო “პარაგრაფი”, „ქინგ დევიდ რეზიდენსი“, რედისონის სასტუმრო წინანდალში, შეკცვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“. . .
ექსპრემიერმა, ფონდის სახელზე გადაიტანა აგრეთვე, სოლოლაკში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესცენტრი, რომელიც იაპონელი არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს მიერაა დაპროექტებული და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 40 ან 50 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.
ფონდისთვის გადაცემულ ქონებათა ნუსხაში ასევე, მოხვდა სადაზღვეო კომპანია „ქართუ“ ბაკურიანის საბაგიროები და „ლაგუნა ვერე.“ რაც შეეხება ნახატების კოლექციას, ივანიშვილის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე გაიყიდა და ფული ფონდს გადაერიცხა, დარჩენილი ნაწილი რეალიზაციის პროცესშია და ფონდი „ქართუ” დამატებით თანხებს ან მათი გაყიდვის შემდეგ მიიღებს, ან იქამდე თავად ნახატები გადავა მის ბალანსზე.
ქველმოქმედის სახელით ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში სრულიად მოულოდნელად გამოჩნდ. ბიზნესმენი იქამდე მედიასთან არ კონტაქტობდა, ამიტომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ სამების ტაძარი ააშენა და კიდევ სხვა პროექტებიც ჰქონდა დაფინანსებული. ინტერნეტში მის შესახებ 2005 წელს რუსული „ვედომოსტისთვის” მიცემული ერთადერთი ინტერვიუ, მწირი ბიოგრაფიული ცნობები და სულ რამდენიმე ფოტო იძებნებოდა.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პირველად, 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ივანიშვილი პრემიერი გახდა. 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა 2018 წლის აპრილში პოლიტიკაში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კვლავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა, რასაც 1 თვეში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომა მოჰყვა, ოფიციალურად „იუნისეფის მიერ ნაჩვენები გაზრდილი ბავშვთა სიღარიბის გამო.“
ივანიშვილი პოლიტიკიდან ხელმეორედ უკვე 2021 წლის 11 იანვარს წავიდა. მისი განცხადებით, უკან აღარ დაბრუნდება, თავისი ყოფილი პარტიის მხარდამჭერიც აღარ იქნება და მისი მაქსიმალური სამოქალაქო აქტივობა პოლიტიკაში არჩევნებზე ხმის მიცემით შემოიფარგლება.
ცნობით ივანიშვილის ქონება $4.8 მლრდ-ს შეადგენს და მსოფლიოში ამ მხრივ 572-ე ადგილზე იმყოფება. შეფასებაში უფრო გულუხვი B აღმოჩნდა, რომლის ინფორმაციითაც, ექსპერემიერის ქონება $5.67 მლრდ-ა და 467-ე ადგილზე იმყოფება. თავად ივანიშვილის მტკიცებით, ფორბსთან 10 წელზე მეტია არ უთანამშრომლია, ბლომბერგთან საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი და რა მეთოდით დაითვალა ან ერთმა, ან მეორე გამოცემამ მისი ქონება, მისთვის უცნობია.