რა ფაქტორებმა უნდა შეუწყოს ხელი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გულგრილს არავის ტოვებს. მმართველმა გუნდმა მთავრობა დააკომპლექტა, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, „პატრიოტთა ალიანსის” ყოფილმა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა განაახლეს, ბოლო დროინდელი მთავარი მოვლენა კი პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაა. როგორც თავად აღნიშნა, ყველა თავისი დაპირება შეასრულა და ქვეყანა განვითარების გზას აღარ ასცდება. ამ ფონზე ოპოზიციის ნაწილი ისევ მესამე პოლიტიკური ძალის პერსპექტივაზე მსჯელობს, ფასილიტატორები კი მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან, რათა ბოლოსდაბოლოს ურთიერთკომპრომისზე წავიდნენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. . .
დროთა განმავლობაში ოპოზიციას მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. მათ უნდა გადაწყვიტონ, ან შედიან საკანონმდებლო ორგანოში და იქიდან აგრძელებენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების დაყენებასა და ლობირებას, ანდა აგრძელებენ ბოიკოტის გზას, რაც ბევრ სირთულესა და წინააღმდეგობას წარმოშობს, შესაძლოა მათი მარგინალიზაციაც მოხდეს. ასეთი რამ უკვე გავიარეთ 1990 წელს (რადიკალური ოპოზიციის ფრთამ მაშინდელ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, სამაგიეროდ, შემდეგ ხელისუფლების დამხობაში ჩაერთო). . . ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის არჩევნებიც, როცა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა მაინც მოუწია. რა მოხდება ამჟამად, ძნელი სათქმელია, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ არა მარტო უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, არამედ კონკრეტული გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით, რათა არ დაკარგონ მოსახლეობის კეთილგანწყობა. ისინი, ასევე, ოპოზიციას მესამე ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ურჩევენ, რათა ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს. სხვათა შორის, განვლილმა საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად ცხადყო, რომ მოსახლეობის დაახლოებით, 35 პროცენტი მესამე ძალის გამოჩენას ელის, ყოველ შემთხვევაში, ეს ის რიცხვია, რომელმაც ხმა არც მმართველ პარტიას, არც „ნაცმოძრაობას” მისცა. ალბათ, ამ და სხვა მიზეზების გამო „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს მძლავრი მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კონკურენციას გაუწევს არსებულ და ყოფილ მმართველ გუნდებს. . . არადა, ყოველ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მსჯელობდნენ საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობაზე. მაგალითად, ამასწინათ გაჟღერდა ინფორმაცია მასმედიაში, რომ შესაძლოა „სტრატეგია აღმაშენებელმა”, „ევროპულმა საქართველომ”, და „ლელომ” ახალი პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბონ. სხვათა შორის, ყოველი არჩევნების მოახლოებისას იქმნებოდა ისეთი სურათი, რომ შესაძლებელი იყო მესამე, ისეთი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევდა არსებულ და ყოფილ მმართველ გუნდებს არჩევნებში, დიახ, არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებმა ამ მხრივ მოლოდინი არ გაამართლა. მიზეზი საკმაოდ ბევრია. თუნდაც საშინაო და საგარეო ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნება, არც საზოგადოებაშია შესაბამისი მზაობა და პოლიტიკური კულტურა. ჯანსაღი პოლიტიკური გარემო გულისხმობს შესაბამისი ოპოზიციური ფლანგის არსებობას, რომელიც ამავდროულად, ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვის პროცესში. ცხადია, არც მმართველი პარტია და არც მთავარი ოპოზიციური ძალაა („ნაცმოძრაობა”) დაინტერესებული, რომ ქვეყანაში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მათ და ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაუგებარი ისაა, რატომ არ ცდილობენ პროდასავლური ძალები მძლავრი პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებას, რათა მიუმხრობელმა ამომრჩეველმა ( ანუ რომლებიც არჩევნებში ხმას არც „ნაცმოძრაობას” და არც მმართველ პარტიას აძლევენ) მათზე გააკეთონ არჩევანი, მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. როგორც ჩანს, ამ ბოლო არჩევნებმა, გარკვეულწილად, ოპოზიციაა დააფიქრა და გააანალიზებინა, რომ მოსახლეობის, დაახლოებით, 35 პროცენტი პოლიტიკაში ახალი ძალის შექმნას ელოდება. ვინ იქნება ეს ახალი მესამე ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებასა” და ნაცმოძრაობას”? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მესამე პოლიტიკური ძალის ვერშექმნის მიზეზი პოლიტელიტის არგანახლებაა, რასაც ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი: უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ საქართველოს დღემდე არ ჰყავს ისეთი მმართველი ელიტა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასაც, ასევე გავლენიან ჯგუფებსაც. ჩვენ მხოლოდ გავლენიან პიროვნებებზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქვეყანაში მმართველი ელიტის თვალსაზრისით. ამ კუთხით თვალი გადავავლოთ საქართველოს რეალობას: თითქმის 25 წელია, პოლიტიკური სახეები არ იცვლება, ანუ არ ხდება პოლიტიკური პარტიების გაჯანსაღება ახალი კადრებით. ამ მხრივ „ოცნება”, გარკვეულწილად, განახლდა. როგორც ამბობენ, „ნაცმოძრაობაც” აპირებს განახლებას. ყოველ შემთხვევაში, ახალი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიაში ახალ სახეებს მოიყვანს. „ლელო საქართველოსთვის” ახალი პარტიაა და ახალი სახეებითაცაა დაკომპლექტებული, ასევე – „სტრატეგია აღმაშენებელი”. . . ალბათ, იმიტომაც ცდილობს მათთან გაერთიანებას „ევროპული საქართველო”, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ასე შეიქმნას მესამე ძალა, მაგრამ საკითხავია, შეძლებს თუ არა ეს სავარაუდო ბლოკი ( „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ლელო” და „ევროპული საქართველო”) რეალურ მესამე ძალად ჩამოყალიბდეს. ამას, სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნები გასცემს პასუხს, ამავე დროს, ქვყანაში განვითარებული მოვლენებიც. ახლა ხომ მესამე ძალის შექმნაზე პრეტენზიას ბევრი პარტია აცხადებს, მაგალითად, ,,ლელო”, ” სტრატეგია აღმაშენებლი”, „გირჩი”, „ევროპული საქართველო”. თუმცა ამ პარტიებმა არც ისე კარგი შედეგები აჩვენეს. „ევროპულმა საქართველომ” საერთოდ, ფიასკო განიცადა. . „გირჩი” ორ პარტიად გაიყო. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე ფაქტორი ისაა, რომ პოლიტიკოსები „უჩემოდ ვით იმღერეთას” სინდრომით არიან შეპყრობილნი, ანუ არ ითვალისწინებენ გონივრულ რჩევებს თუნდაც ანალიტიკოსთა მხრიდან, ჰგონიათ, რომ შეუცდომელნი არიან და ასე რომ ფიქრობენ, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად. არადა, პოლიტიკოსს, პირველ რიგში, სჭირდება ერუდიცია საჯარო პოლიტიკის სფეროში, ეს განათლება საკმაოდ კომპლექსურია. აქ საუბარია გადაწყვეტილებას მიღების, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, არსებული პოლიტიკური პროცესების ანალიზის და რაციონალური დასკვნების გამოტანის უნარებზე. ამ თვისებებით აღჭურვილი ადამიანი, ბუნებრივია, იქნება არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ სახელმწიფო მოღვაწეც, როგორიც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ანალიზის საფუძველზე არ ჩანს, რომ უახლოეს ხანში რაიმე მესამე ძალა ჩამოყალიბდება, თუმცა ვინ იცის, სამყარო ხომ მოულოდნელობითაა სავსე. რაც დღეს არარეალურია, ხვალ შეიძლება სავსებით რეალური აღმოჩნდეს და მართლაც, შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც თავის თავში უნდა გულისხმობდეს ახალ ძალას, ახალი ხედვით, ახალი მიდგომებით. მისი მოვალეობა არა მხოლოდ ქვეყნის აღორძინება უნდა იყოს, არამედ ოპოზიციურ სპექტრთან საერთო ენის გამონახვა საქართველოს საკეთილდღეოდ.