შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია : „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „იარე ფეხით”, „ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს”, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი” მთავრობას 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ მიმართავს. ისინი, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავენ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დაცვისთვის – დისტანცირება, დეზინფექცია, მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას .
კოვიდ-19-ის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკის მრავალ სექტორს, სრულად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და რთული გამოწვევების წინაშე დააყენა არათუ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნებიც კი.
ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა პანდემიის პირობებში. მოსახლეობის სურვილი და შესაძლებლობა, შეცვალონ ქცევა პანდემიასთან ადაპტირების მიზნით, მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოების ფენებს შორის და დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე და შემადგენლობაზე, სამუშაო საათების მოქნილობაზე, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობაზე, ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარსა და ავტომობილის ხელმისაწვდომობაზე. ყოველივე ეს მნიშვნელოვან უთანასწორობას წარმოქმნის ადამიანებში, რომლის აღმოფხვრაზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელიც არ ფლობს ავტომობილს, ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მისი გადაადგილების საჭიროებას.
ჩვენ მივმართეთ ქვეითთა საერთაშორისო ფედერაციის წევრ ორგანიზაციებს კითხვით, თუ რა მიდგომა იყო ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. პასუხების უმრავლესობა ცხადყოფს, რომ პანდემიის არც ერთ ეტაპზე ევროპის და ამერიკის კონტინენტის წამყვან ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ტორონტო, ნიუ-იორკი, ბრიუსელი, დუბლინი, ბერნი და ბერლინი, არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აკრძალვა არ მომხდარა არც კიევსა და ერევანში, რომლებიც ჩვენს რეალობასთან უფრო ახლო მდგომი ქალაქებია. 14 ქვეყნიდან მხოლოდ ერთ ქვეყანში, სამხრეთ აფრიკაში მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა, რაც განპირობებული იყო მასობრივად მიკროვატობუსებზე დამოკიდებულებით.
დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების მთავრობებმა გამოსცეს რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამგვარ მიდგომებს თან ახლდა მკაცრი ფიზიკური დისტანცირების წესები. მაგ. 2020 წლის მაისში, ავსტრალიაში 12-მეტრიანი ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა.
იაპონიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული დატვირთვით მუშაობდა (ივლისის თვის მონაცემები), არ ხდებოდა ფიზიკური დისტანცირება მგზავრებს შორის, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა მგზავრი ატარებდა პირბადეს, არ დაფიქსირებულა კოვიდ-19-ის აფეთქებები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამავე ქვეყანაში დადგინდა, რომ კოვიდ-19 ინფიცირების კლასტერები ძირითადად, დაკავშირებული იყო ისეთ ადგილებთან, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, იკვებებოდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ და მღეროდნენ, როგორიცაა ბარები, რესტორნები და ცოცხალი მუსიკის ღონისძიებები. არცერთი კლასტერი არ უკავშირდებოდა სამგზავრო მატარებლებს. ის ფაქტი, რომ ახლო მანძილზე საუბრები უცნობ ადამიანებს შორის ტრანსპორტში იშვიათია, ჰიპოთეზად წარმოადგინა ვირუსოლოგმა ჰიტოში ოშიტანიმ, როგორც ამ მიგნების ერთ-ერთი ახსნა
ამ ტიპის შედეგებმა გამოიწვია სინგაპურში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ მოითხოვება მკაცრი ფიზიკური დისტანციის დაცვა, თუმცა მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება და აკრძალულია საუბარი. ამჟამად ტოკიოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ მეტრზე მცირე მანძილით ფიზიკური დისტანცირება, პირბადის ტარების მოთხოვნასა და ჰიგიენის მკაცრი სტანდარტების დაცვასთან ერთად, ეფექტური პრევენციის ფორმაა.
ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და დამოკიდებულია პირბადის გამოყენებაზე, დეზინფექციაზე, ვენტილაციასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 2 თვეზე მეტია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ავტომობილს ან ვერ წვდება კიდევ უფრო გაძვირებული ტაქსის მომსახურებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშეა დატოვებული. დაუშვებელია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებული იყოს მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანი არ დაუტოვოს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე“, – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.