სიკეთე გადამდებია – დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ძველით ახალ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში სოციალურად დაუცველ აბაშიძეების შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა. საახალწლო ნუგბართან და პროდუქტებთან ერთად, სკოლის მოსწავლე ოჯახის წევრებს პლანშეტი გადასცა და ერთწლიანი უფასო ინტერნეტპაკეტის მომსახურებაც დაუფინანსა.
,,ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენზე ვიღაც ზრუნავს. დღეს ჩემი შვილების გახარებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ამ ღვთისნიერ ადამიანს. ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, მეზობელთან მიდიოდნენ სასწავლო პროცესს რომ არ ჩამორჩენოდნენ, მაგრამ პანდემიის შიშის გამო ვეღარც ვუშვებდი. ამ ბოლო პერიოდში მთავრობამ უფასოდ კი შემოგვიყვანა ინტერნეტი, მაგრამ გადახდა გვიჭირდა, თან ტექნიკაც არ გვქონდა, რადგან სწავლა ყველას დილის 9 საათზე ეწყება. ახლა ეს პრობლემა მოგვეხსნა. მადლობა ყველას, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა. ყველას ბედნიერ წელს ვუსურვებ’’, – გვითხრა მრავალშვილიანმა დედამ მადონა აბაშიძემ.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია უკვე რვა წელია, შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. როგორც ასოციაციაში გვითხრეს, პანდემიის პირობებში, დაახლოებით, 50 ოჯახს სასურსათო კალათა გადასცეს და პროექტის გაგრძელებას კვლავ აპირებენ.