20 GB მობილური ინტერნეტპაკეტი 10 ლარად – შეღავათი მოსწავლეებს და მასწავლებლებს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
საქართველოს განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური,უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული წერტილოვანი შეზღუდვების მიდგომა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელებას განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის – „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ტარიფს მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.
დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GBგბ მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB გბ საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.