„კიდევ მოგვიწევს სოციალური სახლების მშენებლობა“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომლის ჩატარება ელექტრონული ხმის მიცემით გადაწყდა, კენჭისყრის პროცედურებმა ისევ რომ არ გამოიწვიოს უკმაყოფილება ოპოზიციურ პარტიებში.
როგორ მიმდინარეობდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები ხელვაჩაურში, როგორ ემზადებიან სამომავლო არჩევნებისთვის და რა გააკეთა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ამაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე.
– სულხან, როგორც „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი, რა კომენტარს გააკეთებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე?
– ორი სიტყვით შემოვიფარგლები: მადლობა ყველაფრისთვის!
– ბევრი თვლის, რომ ბატონი ბიძინას წასვლა ოპოზიციის ბოიკოტმა გამოიწვია, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს არჩევნებს.
– დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. როგორც კი დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მმართველმა გუნდმა მაშინვე შესთავაზა უკმაყოფილო მხარეს, გადაეთვალა კენჭისყრის შედეგები, რაზეც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა. გარდა ამისა, ყველა უბანს ესწრებოდნენ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უბნის კომისიის წევრების სახით, რომლებიც ხელწერით ადასტურებდნენ შემაჯამებელ ოქმს. თუკი დათვლის შედეგებს არ ეთანხმებოდნენ, რატომ მოაწერეს ხელი, გაუგებარია. თანაც, აჭარის უმაღლეს საბჭოშიც და პარლამენტშიც უკვე ფიქსირდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შესვლა. ეს პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე სათანადო შედეგით დასრულდება, ანუ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები დაკომპლექტდება სხვადასხვა პარტიის წევრებით.
– ჯერჯერობით, პარლამენტი მაინც ერთპარტიული რჩება. . .
– ეს არ არის მართალი. არჩევნებში 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა ბარიერი. ჯერ მათი უფლებამოსილება არ შეუწყვეტიათ. ასევე, უმაღლეს საბჭოში 14 მმართველი გუნდის წარომადგენელია და ერთი – ოპოზიციური ბლოკის წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი. ის, რომ სხვები არაფრად აგდებენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას და პოლიტიკური ამბიციების გამო ქუჩაში გამართული აქციებით იწერენ ქულებს, „ქართული ოცნების“ ბრალი ნამდვილად არ არის.
– ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. როგორც გადაწყდა, ხმები ელექტრონულად დაითვლება. რამდენად ხართ მზად ამ პროცესისთვის?
– ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება წელს, შემოდგომაზე. უკვე ვიწყებთ მზადებას ამ პროცესისთვის. რაც შეეხება კენჭისყრის შედეგების ელქტრონულად დათვლას, ჩვენთვის მისაღებია თუნდაც იმიტომ, რომ გამორიცხავს ყოველგვარ შეცდომას და გაცილებით ოპერატიულად შევიტყობთ მონაცემებს.
– ხედავთ თუ არა ოპოზიციის მხრიდან ისევ ბოიკოტირების საფრთხეს, ანუ რამდენად დარწმუნებული იქნება ელექტრონულად დათვლის სისწორეში?
– სიმართლე გითხრათ, უკვე მეოთხე წელია, რაც ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ვარ და კარგად ვხედავ, ვინ რას აკეთებს. ყველამ იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს შევუწყვიტეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რადგან არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი მანამდეც ბოკიოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ, მხოლოდ ხელფასებს იღებდნენ და არ გამოირჩეოდნენ მუშაობით. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი – საერთოდ არაფერს აკეთებდნენ. ეს, ალბათ, მათი პოლიტიკის ჩვეული დღის წესრიგია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ ამპლუაში ყოფნა. ელემენტარულად, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს სცენ პატივი და წარმოადგინონ ქვეყნის თუ ადგილობრივი თვითმმართველობების საკანონმდებლო ორგანოებში მათი ინტერესები. სხვა მხრივ, ვერ გამიგია, რა აზრი აქვს საერთოდ, არჩევნებს და დემოკრატიულ პროცესებს? მინდა განვიხილო ერთი საკითხიც: ბევრჯერ გამიგონია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტია რომ აცხადებს, ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ხმების 52%-იო. მათი მტკიცებით, გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48%. ისიც უთხრეს, გადათვლის დროს ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც თუ იქნება, დავიწყებთ ფიქრს ვადამდელ არჩევნებზეო. არც ამაზე წამოვიდნენ. ახლა მითხარით, როგორ მივიღოთ ამ ადამიანების პრეტენზიები და კიდევ რა სახის დათმობებზე წავიდეთ? მიმაჩნია, მმართველი პოლიტიკური ძალა სწორად იქცევა და ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური კუთხით.
– რა გააკეთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩევიდან დღემდე? საუბარი დავიწყოთ იმ საახალწლო საჩუქრით, რომელიც მომზადდა ეკომიგრანტებისთვის, ვგულისხმობ კაპრეშუმში აშენებულ სოციალურ სახლს.
– დიახ, ახლად აშენებულ კორპუსში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. სოციალური სახლის მშენებლობა რეგიონის ხელისუფლებას 3 მლნ ლარამდე დაუჯდა.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე ეკომიგრანტებისთვის ოთხი სოციალური სახლი აშენდა და ბინა 112 ოჯახს გადაეცა. როგორც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, გაგრძელდება ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა ფართით, მიმდინარე წელს კი 100-ზე მეტი ოჯახს გადაეცემა ბინები. მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პოლიტიკა და ეკომიგრანტთა ოჯახების ხელშეწყობა. ამ დროისთვის საცხოვრებელ ფართს მუნიციპალიტეტის 70 ეკომიგრანტი ოჯახი საჭიროებს. აქვე მინდა გავიხსენოთ გასული წლის 1 ოქტომბერი, როდესაც მეწყრული პროცესების გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფერიაში, ახალშენში და შარაბიძეებში ოჯახების ქირით გაყვანა მოგვიხდა. სამომავლოდაც არ ვართ დაზღვეული მსგავსი სიტუაციისგან. ამის გამო, კიდევ მოგვიწევს სოციალური სახლების მშენებლობა. ამ თემაზე ვმუშაობთ აჭარის მთავრობის უშუალო მითითებითა და ხელშეწყობით. სათანადო კომისიამ შეისწავლა 500-მდე განცხადება. აქედან გამომდინარე, ხელვაჩაურის ბიუჯეტში ფერდსამაგრი დამცავი კედლების ასაშენებლად 3 მილიონი ლარი გაიწერა. გეოლოგთა დასკვნის შესაბამისად, ამ განცხადებების უმრავლესობა დაკმაყოფილდება სწორედ ამ ნაგებობების მეშვეობით. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ისინი, ვისაც ვერ დაიცავს ეს კედლები, გადავლენ მათთვის აშენებულ სოციალურ სახლებში, ან მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ სათანადო საცხოვრისებში. მთავარია, არცერთი ოჯახი, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას, არ დაგვრჩეს უყურადღებოდ.
– რა გააკეთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოსახლეობისთვის პანდემიის მძიმე პერიოდში?
– გასული წელი, მართლაც, მძიმე გამოწვევებით დაიწყო. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა, ცენტრალური და რეგიონული მთავრობების დახმარებით, ადგილობრივი ფინანსების მობილიზებით, შეძლო საკვები პროდუქტებით დახმარებოდა სოციალურად დაუცველებს თუ შშმ პირებს, ტრანსპორტით უზრუნველეყო დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტები. მობილიზებული იყო ჩვენი პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სნეულთა დასახმარებლად და მათ, საჭიროებისამებრ, ადგილზე ვაწვდიდით მედიკანმენტებს, რომლებიც ვაუჩერებით გაიცემოდა. ასევე, დარიგდა პროდუქტები, რომლებიც გათვლილი იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. ამ პერიოდში მუშაობდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც კონსულტაციებს ვუწევდით და რეკომენდაციებს ვაძლევდით დაინტერესებულთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურს აკეთებდა და აკეთებს პანდემიის შედეგების დასაძლევად. იმედი გვაქვს, მალე დაიწყება ვაქცინაცია და მუნიციპალიტეტი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– რამდენად ემორჩილებიან ხელვაჩაურელები დაწესებულ შეზღუდვებს?
– არ გადიან გარეთ 9 საათის შემდეგ, იკეთებენ პირბადეებს, არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, შეკრებების დროს იცავენ დისტანციას და ა.შ. ცხადია, იყო ცალკეული შემთხვევები, რაც სამართალდამცველებმა დაარეგულირეს.
– როგორ მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი?
– ამ პროცესს ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. სხვათა შორის, აღნიშნულზე არჩევნების წინა პერიოდში გამართულ შეხვედრებზეც გვესაუბრებოდა მოსახლეობა. მაშინ გამოიკვეთა რიგი პრობლემები. არადა, წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს გაზიფიცირების კუთხით ყოროლისთავში, მახოში, ორთაბათუმში, აჭარისწყალზე. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი და გაზი შევა სახლებში. ამ მიმართულებით პრობლემა გვაქვს მაჭახლის ხეობასა და კირნათში. თუმცა მაქვს ნანახი გაზიფიცირების გეგმა. ცენტრალური გაზსადენის გაყვანის შემდეგ, 3-4 წელიწადში, ხელვაჩაური სრულად გაზიფიცირდება.
– ჯერ კიდევ პრობლემად რჩება წყლის სისტემები სოფლად. . .
– დიახ, ჯერ ისევ მიმდინარეობს წყლის და კანალიზაციის სისტემების გაყვანა. ამ მიმართულებით ბიუჯეტში განსაზღვრულია თანხები. მაგალითად, სოფელ ჭარნალში 203 ათასი ლარი დაიხარჯება წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე. დასრულდა ახალსოფლის წყლის სისტემებით დაქსელვის მოსამზადებელი სამუშაოები. ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და როდესაც რეაბილიტირდება სისტემა, 1200 ოჯახი ისარგებლებს წყლით.
– მოწესრიგდა თუ არა შიდა სასოფლო გზები?
– ამ კუთხით, ადრინდელთან შედარებით, ნამდვილად უკეთესი სურათია. შარშან განხორციელდა გზების მოწესრიგების ნახევარმილიონიანი პროექტი. გზების დეპარტამენტი მუშაობს, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლებები აფინანსებენ სამუშაოებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც, თავის მხრივ, აკეთებს მცირე მონაკვეთებს სოფლებში და თანდათან, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება როგორც გარე, ისე შიდა გზები. პრინციპში ბევრი არც არის დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა მონაკვეთებს, რომელთა გაკეთება ძვირი ჯდება გეოლოგიური და გეოგრაფიული თავისებურებების გამო. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის აღმოსაფხვრელად დაიხარჯა ძირითადი თანხები. თავისთავად, დარჩა ბევრი საკითხი გადასაჭრელი. ამიტომაც, როდესაც დავამარცხებთ ახალ კორონავირუსს, მოხდება ბიუჯეტის კორექტირება, ამოიქაჩება ეკონომიკა და იმ დარჩენილ მონაკვეთებსაც გავაკეთებთ, ანუ შევძლებთ უფრო მეტის გაკეთებას ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. იმედი მაქვს, მალე ყველა კმაყოფილი იქნება ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიური მუშაობით.
– რას ისურვებდით?
– ვისურვებდი, რომ 2021 წელი ყოფილიყოს წარმატების წელი თითოული ჩვენგანისთვის, საქართველოსა და მთელი კაცობრიობისთვის, რადგან ყველა ერთად და ცალ-ცალკე ვებრძვით უჩინარ მტერს კოვიდ-19-ს. პანდემიის დამარცხებას აუცილებლად შევძლებთ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და გავუფრთხილდებით ერთმანეთს. აქვე ვისარგებლეობ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენს ექიმებს, მთელ მედპერსონალს, რომლებიც თავგანწირვით ებრძვიან პანდემიას და უდიდესი ძალისხმევის, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, მუშაობენ ქართველი ერის გადასარჩენად.