სწავლა დიდ ქალაქებში კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ხვალიდან, 18 იანვრიდან, სასწავლო წლის მეორე სემესტრი განახლდება.
სწავლა დისტანციურად დაიწყება საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში, გარდაბანში, ასევე, აჭარის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, სხვა ადგილებში, მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ.
ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს, – ამბობენ განათლების სამინისტროში.
უამრავი შეხედულება არსებობს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, აზრს გამოთქვამენ ექსპერტები, მასწავლებლები, დირექტორები, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მოსწავლეთა მოსაზრებები, რომლებსაც სკოლა სახლებში აქვთ მოწყობილი და სულ სხვა გარემოში უწევთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
თინათინი, მე-9 კლასი:
– არდადეგების შემდეგ, რომ სწავლას ისევ დისტანციურ ფორმატში გავაგრძელებდით ვიცოდით, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, რომ რაიმე შეიცვლებოდა. თუმცა უკვე მივეჩვიეთ, აღარ გვიჭირს და ეს რეალობა აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას. ჩემს შემთხვევაში, უფრო მარტივადაა ყველაფერი, რადგან სკოლამ მაქსიმალურად შეგვიქმნა სათანადო გარემო, რათა კარგად გვესწავლა, ვყოფილიყავით მოტივირებულები, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
სანდრო, მე-7 კლასი:
-ყველაზე მეტად საკლასო ოთახში დაბრუნება მინდა, ჩემი თანაკლასელებისა და მასწავლებლების ნახვა. თითქოს სულ მოვწყდით რეალობას და ახლა ვირტუალურად ვცხოვრობთ. გვიჭირს ასე გაგრძელება, მაგრამ რადგან სხვა გზა არ არის, ვცდილობთ მოვერგოთ ამ ყველაფერს.
თამარი, მე-9 კლასი:
– ძალიან ძნელია ჩემთვის დისტანციური სწავლების ფორმატი, რადგან ძალიან დატვირთულები ვართ. ახლა უფრო ბევრი გვაქვს სასწავლი, ვიდრე, ჩვეულებრივ სკოლაში სიარულის დროს გვქონდა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მაინც ვიგებთ ბევრ საინტერესო სიახლეს და პროგრამულად წინ მივიწევთ.