ოთხი წლის ვუნდერკინდი და მისი სამომავლო გეგმები
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ერეკლე კაპანაძე – ეს იმ ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც წლების შემდეგ საქართველოს საზღვრებს გასცდება და ჩვენს ქვეყანას ასახელებს. მანამდე კი 4 წლის ერეკლემ შეძლო და მთელი საქართველო აალაპარაკა. პატარა გენიოსი მოსახლეობამ სატელევიზიო გადაცემით ,,პატარების დიდი შოუ’’ გაიცნო. 2 წლის და 6 თვის ერეკლემ უკვე იცოდა ქვეყნების დროშები, ასევე დედაქალაქები და მათი მდებარეობა რუკაზე. ტელეფონის აპლიკაციისა და კომპიუტერული თამაშების მეშვეობით აღმოაჩინა უწვრილესი კუნძულები, რომლებიც რუკაზეც არაა დატანილი. როგორც ჩვენთან საუბარში გენიოსის დედა მაკა ვაზაგაშვილმა აღნიშნა, ერეკლეს აინტერესებს ყველაფერი გარშემო. ამ წუთას გატაცებულია მათემატიკით. კითხულობს ხუთნიშნა, ექვსნიშნა რიცხვებს, ძალიან უყვარს არითმეტიკული მოქმედების შესრულება, ქვეშმიწერით მიმატება, გამოკლება. ასევე, ამრავლებს ორნიშნა რიცხვებს. მისი ნიჭის და შესაძლებლობების თქვენთვის გასაცნობად ერეკლეს დედა მაკა ვაზაგაშვილს ვესაუბრეთ.
– მოგესალმებით, ქალბატონო მაკა. გმადლობთ ასეთი შვილის გაზრდისთვის. გაგვაცანით ერეკლე, როგორი გასაზრდელი ბავშვი იყო და არის?
– მადლობა – თქვენ ყურადღებისთვის. ერეკლე დაიბადა 2016 წლის 26 დეკემბერს, თბილისში. ძალიან კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. უფლის წყალობით, ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა და უმნიშვნელო ავადობებს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი მშვიდად და კარგად მიმდინარეობდა. ერთადერთი სირთულე მისი დაძინება იყო და დღემდე მთავარ პრობლემად რჩება. ძალიან ენერგიულია, ალბათ როგორც ყველა პატარა და რაც მეტ ენერგიას ხარჯავს, მით უფრო აქტიური ხდება, არასდროს სურს დაძინება და მისი სურვილია, რომ ძილისთვის განკუთვნილი დროც რაღაც ახლის ძიებაში გამოიყენოს. მაგალითად, უყვარს მთვარისა და ვარსკვლავების თვალიერება და ღამეც არ უშლის ხელს, რომ საინტერესოდ გაატაროს დრო. დასაძინებლად დაწოლილებს „ჩრდილების თამაშში” გაგვყავს დრო. ასეთი თამაშია – ჩაბნელებულ ოთახში, პროექტორის შუქზე სხვადასხვა ნივთებს ვაჩვენებთ და ჩრდილით უნდა გამოიცნოს, რა ნივთია. მთელი ღამე შეუძლია ასე, თამაშში გაატაროს. ადვილად ითვისებდა ყველაფერს და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდა. მაგალითდ, სიარული 1 წლის ასაკში დაიწყო, უბრალოდ, ადგა და გაიარა. სამაგიეროდ, ლაპარაკის დაწყებას აგვიანებდა და როგორც ახლა ამბობს, ეზარებოდა. ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა სირთულეებმა იჩინა თავი. არ უყვარს ხალხმრავლობა, სიმშვიდის მოყვარულია და თუკი თავს კომფორტულად არ გრძნობს, დიდად აპროტესტებს. ზედმეტად იცავს წესებს და სხვებისგანაც იგივეს ითხოვს არა მხოლოდ სახლში, ქუჩაშიც. მაგალითად, აღიზიანებს ზებრა გადასასვლელზე თუ გზას არ უთმობს მანქანა და პროტესტს ხმამაღლა გამოხატავს. აღიზიანებს ქუჩაში დაყრილი ნაგავი და სულ, სულ პატარაობიდანვე, ლაპარაკიც რომ არ იცოდა, „გვაიძულებდა” აგვეკრიფა სადაც დაინახავდა დაგდებულს და ნაგვის ურნაში ჩაგვეგდო. ვაკის პარკში სასეირნოდ წაყვანილმა გადაწყვიტა, სხვისი დატოვებული ნარჩენები აეგროვებინა და ურნაში ჩაეყარა, ამ დროს მხოლოდ 1 წლის და 9 თვის იყო და, რა თქმა უნდა, ეს არავის დაუვალებია. აქვს თავისი შექმნილი სამყარო განსაზღვრული წესებით და ზუსტად გაწერილი ნაბიჯებით, არავის აძლევს საშუალებას, რომ ამ სამყაროში შეეჭრას და მისი დასახული გეგმები აურიოს, ამაში კი მიზანდასახულობა ეხმარება. თუკი რამე უნდა, აუცილებლად მიაღწევს მშვიდად, წყნარად და ზედმეტად დიპლომატიურადაც კი. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ის ქცევაა, რომელიც ერეკლესგან უნდა ვისწავლო და ყოველდღიურად გამოვიყენო. მიზანდასახულობა ტყუილად არ მიხსენებია, ამას მოსდევს დიდი ინტერესი არა მხოლოდ გეოგრაფიისადმი, არამედ ყველა სფეროსადმი, რისი არსებობაც იცის. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ორმა თვისებამ განაპირობა ერეკლეს დღევანდელობა. მის ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ყოველ ახალ პასუხს შემდეგი კითხვა მოსდევს, ასე გრძელდება მთელი დღე. ამ ყველაფერში მთავარი სირთულე ასაკთან შეუთავსებელი სერიოზულობაა – მაშინ როდესაც ყველა ბავშვს უყვარს სათამაშოების გადმოყრა, იატაკზე ხოხვა და, ერთი სიტყვით, დიდი აურზაურის მოწყობა, მისთვის ეს ყოველივე პრობლემაა და ცდილობს გარიდებას. ისევ სიმშვიდეს ამჯობინებს და თანატოლებთან ურთიერთობას ერიდება, რაც ჩვენთვის, მშობლებისთვის ხშირად ნერვიულობის მიზეზი ხდება. ბევრი ისეთი საკითხი აწუხებს, რაზეც შეიძლება უფროსებმაც არ ვიფიქროთ. დარდობს, წვიმიან ამინდში მამა, სანამ სამსახურიდან მოვა, არ გაცივდეს, ყულაბის ფული, რომელიც მის დაბადების დღეზე უნდა გაგვეხსნა, მოისურვა, რომ „მაკდონალდსში” სხვა ბავშვების დასახმარებელ ყუთში ჩაგვეყარა, დაგეგმილიც გვქონდა, ამ დღეს სხვა ბავშვებისთვის გაგვეკეთებინა საჩუქარი, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.
– როდის აღმოაჩინეთ გეოგრაფიის მიმართ მისი სიყვარული, ნიჭი?
– როგორც „პატარების დიდ შოუში’’ აღვნიშნე, 1 წლის და 9 თვის იყო, ეს დიდი ისტორია რომ დაიწყო. მაშინ ერეკლე ვერ ლაპარაკობდა. ჩემს სოფელში ვიყავით, სწავლა იწყებოდა სკოლებში. მშობლები მასწავლებლები არიან და სწავლის დაწყების ცერემონიაზე წავიყვანეთ. იქ მივაქციეთ ყურადღება, რომ დიდ ინტერესს გამოხატავდა დროშის მიმართ. თბილისში რომ დავბრუნდით, მამამ კომპიუტერში სხვადასხვა ქვეყნის დროშა აჩვენა და რამდენჯერმე გამეორების შემდეგ შევატყვეთ, რომ სწრაფად დაიმახსოვრა. ვიფიქრეთ, ამოგვებეჭდა დროშები, კარგი დროის გასაყვანი იქნებოდა და შემთხვევით დროშების წიგნსაც მივაგენით. მთელ დღეებს დროშების წიგნით ვატარებდით, თითს ადებდა და მე უნდა მეთქვა, რა ქვეყანა იყო. ასე, ნელ-ნელა დაიმახსოვრა დროშები და მასთან ერთად მეც ისეთი უცნაურობები აღმოვაჩინე, მანამდე რომ არც გამეგო. შემდეგ იყო დედაქალაქები, აქაც სირთულე აირჩია, ყველაზე რთულად აფრიკის ქვეყნის დროშები და დედაქალაქები მიმაჩნდა და ვცდილობდი, ნაკლები ყურადღება დამეთმო, მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს მათ მიმართ იჩენდა. სირთულე ისაა, რომ აფრიკის ქვეყნების დროშების უმეტესობა იდენტურია, შეცვლილია მხოლოდ ფერების ადგილები დროშაზე და რთულად გასარჩევია ერთმანეთისგან, ასევე, დედაქალაქების სახელწოდებებიც ძალიან რთულად წარმოსათქმელია. მაგრამ ეს სირთულე მოსწონდა. ყოველი დაძინება, „იავნანას” შემდეგ, მსოფლიო დედაქალაქების რამდენჯერმე წაკითხვით მთავრდებოდა, უკვე რიტმულად მქონდა მეც დამახსოვრებული. ერთხელაც გაიღვიძა და აფრიკის ქვეყნების გამეორება დაიჟინა. გამიკვირდა, ასე კარგად როგორ იცი-მეთქი და ძილში ვისწავლეო. ეს რამდენად შესაძლებელია, ნამდვილად ვერ გეტყვით. ასევე, მამის მხრიდან ბებია-ბაბუაც მასწავლებლები არიან. ბაბუა გეოგრაფიის მასწავლებელია. მათ სკოლაში სტუმრობისას მთელი დღე რუკასთნ გაატარა და ბაბუამ ატლასი აჩუქა. აქედან დაიწყო ახალი ამბავი – რუკაზე ქვეყნების პოვნა. ატლასი ძველი გამოშვება იყო და არც ის გაჭირვებია, ძველ და ახალ დროშებს შორის განსხვავება ეპოვა.საბოლოოდ 2 წლის და 6 თვის ერეკლე ცნობდა ქვეყნების დროშებს, იცოდა დედაქალაქები და მათი მდებარეობა რუკაზე. წიგნისა და ატლასის გარდა, ტელეფონის აპლიკაციასა და კომპიუტერულ თამაშში მუდმივად სიახლეებს პოულობდა. ასე აღმოაჩინა უწვრილესი კუნძულები, რუკაზეც რომ არაა დატანილი. ყველაზე მეტად ორ სახელზე ეცინებოდა, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურსა და კამბოჯაზე. სახელადაც კამბოჯა დაირქვა და ასე ხალისობდა ხალხის გაკვირვებულ სახეებზე, რომ ვერ იგებდნენ, რა სახელს ეუბნეოდა ერეკლეს ნაცვლად. უკვე რომ ვეღარ ვფიქრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიახლე, ამ დროს აღმოჩნდა, რომ ქვეყნების ამოცნობა უკვე კონტურებით შეეძლო. სწავლისთვის დიდი დრო არ სჭირდება, სწრაფად იმახსოვრებს, თან ისე, რომ სწავლა მიზნად არასდროს გვქონია. უბრალოდ, ისეთ თამაშებს ვიგონებთ, სახალისო იყოს და არა – დასაზეპირებელი. დიდ ხანს ვერც თამაშს უდებს გულს, მუდმივად ახალს ეძებს. არის პერიოდი, როცა არ უნდა რუკასთან ან დროშებთან ურთიერთობა და დაძალებას აზრი არ აქვს. ერთხანს გეოგრაფია მივიწყებული ჰქონდა და მათემატიკით იყო დაკავებული.
– ვიცით, რომ ბაღში გლობუსს უმალავენ. მოგვიყევით, რა გახდა ამის მიზეზი?
– ერეკლეს ბაღში სიარულიც ერთ-ერთი სირთულე იყო. გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. მშობლებთან განშორებაც უჭირდა. სრულიად სხვა გარემოში აღმოჩნდა და მხოლოდ მასწავლებლების რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ გაუადვილდა ბაღში სიარული. ამ პერიოდში ცდილობდა საკუთარი გარემო შეექმნა და სახლიდან დიდი რუკის წაღება მთხოვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ალბათ ასე უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. მალე არდადეგები დაიწყო, მოგვიანებით პანდემიაც დაერთო და ბაღები დაიკეტა, რუკაც არავის გაგვხსენებია. თვითონაც არ გაუმახვილებია ყურადღება. ამ ისტორიას პირველად „პატარების დიდი შოუს” გასაუბრებაზე მოყვა. ჩვენც გაკვირვებულები ვუსმენდით. მას შემდეგ ბევრჯერ ვკითხეთ, თუ რა მოხდა, მაგრამ არ გვპასუხობდა. ისიც ვთხოვე, დედიკო, იქნებ ჯობდეს, ამ ამბავს არ მოყვე, მე მასწავლებელს ვეტყვი და დაგიბრუნებს რუკას-მეთქი, მაგრამ უარზე იყო. შემდეგ, როცა უკვე გადაცემა გავიდა ეთერში, ბაღში მოგვიწია მისვლა. მასწავლებლები, ერთი მხრივ, ძალიან ბედნიერები იყვნენ და ეამაყებოდათ, ერეკლე რომ მათი აღსაზრდელია და, მეორეს მხრივ, ძალიან ხალისობდნენ ამ ისტორიაზე. მითხრეს, რომ ერეკლე გამუდმებით იღებდა გლობუსს, მიდიოდა, ხალიჩაზე ჯდებოდა და მთელ დღეს ასე ატარებდა. ამიტომაც იღებდნენ გლობუსს და ინახავდნენ, რომ ერეკლე ყოველდღიურ აქტივობებს არ ჩამორჩენოდა. ამის შემდეგ ერეკლემ ისიც გაამხილა, რომ გადაცემაში ეს ამბავი შემთხვევით არ მოუყოლია, წინასწარ დაუგეგმავს. ამბობს: „ბაღში რომ დავბრუნდები, ახლა მაინც არ დამიმალავენ გლობუსს”. ბაღში სიარულის სირთულემ სიახლეები მოუტანა ერეკლეს. ამ სტრესის შესამსუბუქებლად ყოველდღე ვპირდებოდი, რომ რამე სიურპრიზს დავახვედრებდი, თუ არ იტირებდა და ერთხელაც, მორიგი საჩუქრის არჩევისას, ამერიკის შეერთებული შტატების პაზლს მივაგენი. ისევ განახლდა საყვარელი სფერო, ამჯერად უკვე შტატების, შტატების დროშების, დედაქალაქების და ბოლოს უკვე კონტურების სახით.
– როგორ მოხვდით ,,პატარების დიდ შოუში’’, ეს ერეკლეს სურვილი იყო?
– „პატარების დიდი შოუს” შესახებ ოჯახის ახლობელმა გვიამბო და მირჩია, რომ მიმეყვანა ერეკლე. მისი თანხმობით გავგზავნე ვიდეო შესარჩევ ეტაპზე. მანამდეც გვიცდია მისი დათანხმება სხვა გადაცემებისთვის, მაგრამ უარს ამბობდა.
– 4 წლის ბავშვს კიდევ რა ინტერესი აქვს?
– აინტერესებს ყველაფერი მის გარშემო. ახლა გეოგრაფიიდან მათემატიკისკენ გადაინაცვლა. კითხულობს ხუთნიშნა, ექვსნიშნა რიცხვებს, ძალიან უყვარს არითმეტიკული მოქმედების შესრულება. გაღვიძებისთნავე დაფაზე ჩამოწერს მაგალითებს და მეძახის, რომ ამოვხსნათ, ქვეშმიწერით უმატებს, აკლებს, ასევე, ამრავლებს ორნიშნა რიცხვებს. უყურებს ტელესკოლაში დაჩი მასწავლებლის გაკვეთილებს და ცდილობს აყოლას. ამისათვის დაჩი მასწავლებლისგან პერსონალური სამოტივაციო ვიდეოც დაიმსახურა. ცნობს საგზაო ნიშნებს. იცის ქართული და ინგლისური ანბანი. მსოფლიო ქვეყნების დასახელებები ინგლსურად, მზის სისტემა, საქართველოს კუთხეები. აქვს მანქანების კოლექცია და შტატების პაზლის აწყობის შემდეგ „მოგზაურობს” შტატიდან შტატში. უყვარს წყლის საღებავებით ხატვა. ერთი სული აქვს, დადგეს გაზაფხული, რომ ყვავილების დარგვა-დათესვაში მოგვეხმაროს. მცირე ასაკიდანვე მონაწილეობდა ხილ-ბოსტნეულის მოყვანაში და უკვე ინტერესად ექცა. ყველაზე დიდი სიახლე ფოტოგრაფიითა და პლანეტებით დაინტერესებაა. ახლა დიდი არჩევანის წინაშე ვდგავართ – ციფრულ ფოტოაპარატზე ვიზრუნოთ თუ ტელესკოპზე. 2 წლისამ თხილამურებზე დგომა დაიჟინა. არადა, თხილამურებს ვერ ვქირაობდით, 3 წლამდე არ არის რეკომენდებულიო. ვიფიქრეთ, ჩავაცმევთ, ნახავს რა რთულია, მძიმე სატარებელი და მოწყინდებაო, მაგრამ სასწაული მოახდინა, ყოველგვარი სწავლების გარეშე საკმაოდ დიდი სიმაღლიდან დაეშვა სრულიად მარტო. მე გამოვუშვი ზემოდან და ქვემოთ მამა დახვდა. ალბათ დაამუხრუჭებდა, რომ გვესწავლებინა, არც ეგ გაუჭირდებოდა. რამდენჯერმე სრულიად დამოუკიდებლად დაეშვა და ერთხელაც არ წაქცეულა. დღემდე ვერ ვხსნით, როგორ შეძლო.
– რა გეგმები აქვს ოთხი წლის ვუნდერკინდს?
– ამ კითხვაზე ძალიან მოკლე პასუხი აქვს: „ყველაფერი”, რაც გულისხმობს, გახდეს მამიკოსავით მშენებელი, მომღერალიც, ისწავლოს ბევრი ენა, გვთხოვს, რომ იაპონური და ჩინური ვასწავლოთ. კიდევ აწუხებს ბევრი საკითხი, მაგალითად: „ანტარქტიდაზე და გრენლანდიაზე ხომ სიცივეა და ცხოველებს ხომ არავინ უმზადებს საკვებს, მოდი, წავიდეთ და ვაჭამოთ, რომ მშივრები არ იყვნენ”. ალბათ სამომავლოდაც იფიქრებს მსგავს თემებზე.
პ.ს. ქალბატონ მაკასთან საუბრის შემდეგ რამდენიმე კითხვა ერეკლესაც დავუსვით. როგორც მან გვითხრა, პოპულარობა მოსწონს, უხარია, რომ ცნობენ, მაგრამ არ უყვარს გამუდმებით თავის მიღწევებზე საუბარი, ცდილობს, თავი აარიდოს კითხვებს. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულს. როდესაც მასთან ბავშვები სტუმრად მიდიან, დროშებით ეთამაშება, უჭირს იმის გაგება, რომ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს მათი ამოცნობა. ბათუმზე კი გვითხრა, რომ აჭარის მთავარი ქალაქია და როდესაც დასასვენებლად ჩამოვა, რედაქციაში გვეწვევა, რათა პირადად გაგვეცნოს.
წარმატებები – პატარა ვუნდერკინდს!

