როგორია მარიამ მაჭარაშვილის სამყარო?..
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
ბათუმელი მარიამ მაჭარაშვილი 25 წლის ხელოვანი, მომღერალი, მუსიკოსი, ინგლისური ენის სპეციალისტია. ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, ხატვა და თოჯინებისთვის კაბების შეკერვა. უცხო ენის სიყვარულმა მაინც იმძლავრა და ინგლისურის ფილოლოგობაზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა არც ხელოვნებაზე უთქვამს უარი. ჰყავს ბენდი, წერს სიმღერებს, 16 წლიდან მუსიკის სფეროშია. კითხვაზე: – როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ხელოვანი? – ასე გვპასუხობს: – ხელოვანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება. ჩემი აზრით, ხელოვნების წარმოშობა სწორედაც, რომ მეოცნებეთა ფენომენია და ისინი ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოებს. ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– როგორც ვიცი, ხელოვანების ოჯახში გაიზარდეთ, ალბათ ამანაც გარკვეული როლი ითამაშა, რომ თავადაც შემოქმედი გამხდარიყავით?
– დიახ, ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. მამა მხატვარი იყო, გიტარაზეც უკრავდა და მღეროდა კიდეც, ასევე, დედაც – მომღერალი, პიანისტი და ინგლისურის სპეციალისტი გახლდათ. თითქმის ყოველი დღე მხიარული და მუსიკალური იყო ჩვენს ოჯახში. ბავშვობის წლები, მართლაც, ბედნიერად მახსენდება. სიმღერა, ინსტრუმენტზე დაკვრა, ხატვა – ეს სიყვარული და ჰარმონია ყოველთვის იყო ჩვენთან და შესაბამისად, ამ წლების გახსენება, ყოველთვის დადებით ემოციას აღძრავს ჩემში. სწორედ ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა, ხატვა და თოჯინებისთვის კაბების შეკერვა.
– საიდან დაიწყო შენი და მუსიკის ურთიერთობა?
– ჩემი და მუსიკის ურთიერთობა უფრო დედის დამსახურებაა . . . ყოველთვის ცდილობდა, მაქსიმალურად დატვირთული ვყოფილიყავი. 6 წლის ვიყავი, რომ შემიყვანა მუსიკალურ სასწავლებელში და იქიდან დაწყებული დღემდე ხელოვნების სფეროში ვარ.
– სიმღერას, ხატვას და თოჯინებისთვის კაბების შეკერვას როგორ უთავსებთ ერთმანეთს, რთული არაა?
– მართლაც, ბევრს უკვირს, როგორ ვახერხებ ამდენ საქმეს ერთად, მაგრამ ვფიქრობ, როცა გულით გიყვარს შენი საქმიანობა აუცილებლად ყველაფერს შეძლებ, მათ შორის, დროის განაწილებასაც. ფაქტობრივად, არ მძინავს, თუმცა არ ვიღლები. მინდა ყოველთვის მუსიკით და ხელობით ვიყო დაკავებული, რადგან აქ ვპოულობ სულიერ სიმშვიდეს. ხატვა, ძერწვა, ლექსების წერა ჩემი პატარა სამყაროა. . .
– ინგლისურის ფილოლოგი ხართ…
– ალბათ უფრო დედის კვალს გავყევი. ოჯახში სულ ვსაუბრობდით ინგლისურად და მეც მომწონს უცხო ენები – რუსული, ფრანგული… აქცენტიც ყველა ენაზე შესაფერისი მაქვს. ამაში ალბათ კარგი „სმენაც“ მეხმარება. ინგლისურის ფილოლოგი ვარ, თუმცა პროფესიით არ ვმუშაობ. ძირითადად, სიმღერის ტექსტებში ვიყენებ ამ ცოდნას. რადგან სიმღერებს უმეტესად, ინგლისურ ენაზე ვწერ.
– 16 წლიდან მუსიკის სამყაროში ხართ. მღერით და წერთ სიმღერებს…
– ჩემი მუსიკალური სამყარო სათავეს უფრო ადრეული ასაკიდან იღებს. წარმატებით დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდწლედი, შემდეგ ჩავაბარე ვოკალის განხრით. დაახლოებით 5 წელი ოპერის მომღერალი ვიყავი, პარალელურად მყავდა ბენდი, რომელიც ჩემი ძირითადი და პირველი შემოსავლის წყარო იყო. ძალიან კარგად ვმღეროდი ოპერას და ჩემი მაესტროც დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა ამ გზაზე, თუმცა ბენდი უფრო მხიბლავდა, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ჯგუფში.
– წარმატებული ნაბიჯები, კონკურსები. . . ამაზე რას გვეტყვით?
– მიღწევებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ადრე ჩემი და ჩემი ბენდის ,,ქავერი” სიმღერა თავის ფეისბუქგვერდზე გააზიარა ყველასათვის ცნობილმა მომღერალმა
და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქავერი იყო 10 საუკეთესოს შორის.
– კარანტინმა დადებითად იმოქმედა თქვენს შემოქმედებაზე – პლასტელინით და თიხით ძერწვა, შემდეგ კი ნაძერწი გამოსახულებებით ჭიქების მორთვაც პანდემიის დროს დაიწყეთ. . .
– კარანტინი ხელოვანი ადამიანისთვის არის ტანჯვა. . . მე პირადად ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ . . . არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის რაღაც ახლის წამოწყება მინდება. ძერწვაც, ალბათ მაგ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა იყო ჩემთვის.
–თქვენი ნახელავები ალბათ ბევრს მოსწონს. როგორ უკეთებთ რეალიზაციას?
– ჩემი ნამუშევრები ავტვირთე ყველასთვის ცნობილ ჯგუფში „აკადემია”, სადაც ძალიან დადებითი შეფასება მივიღე როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ადამიანებისგან. ამან უფრო მომცა სტიმული და მოტივაცია, შემექმნა მეტი სილამაზე და გადავწყვიტე, მემუშავა თიხაზე და ჩემი ნამუშევრები დამეტანა ჭიქაზე. ამ საქმიანობამაც საკმაოდ გაამართლა და ბევრი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. შევქმენი გვერდი , სადაც ვდებ ჩემს ნამუშევრებს და ძირითადად, აქედან ვიღებ შეკვეთებს.
– როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა ხელოვანებს საქართველოში და კერძოდ, ბათუმში გასაქანი?
– ვფიქრობ, ხელოვნებას საქართველოში ნაკლებად აქვს გასაქანი. მეტს ვერაფერს ვიტყვი.
– ქართველ ხელოვანებს შორის განსაკუთრებულად ვის შემოქმედებას აფასებთ (მუსიკაში, ფერწერაში)?
– ქართველ მუსიკოსებს შორის გამოვარჩევდი ვაჟა ტუღუშს. ძალიან მომწონს მისი შემოქმედება, მხატვრებიდან – უფრო ვან გოგს. . . საინტერესო და სევდიანი ცხოვრება ჰქონდა.
– რას ნიშნავს ბათუმი თქვენთვის?
– ბათუმი სიყვარულია.
– ახალმა კორონავირუსმა რა ცვლილებები შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში?
– სამწუხაროდ, წამართვა ხმა ( ვეღარ ვმღერი ისე კარგად, როგორც ადრე). თუმცა ახლა ჯანმრთელად ვარ და მიხარია.
– გეგმების შესახებაც მოგვიყევით –რას აპირებთ მომავალში?
– ჩემს მომავალს ვხედავ საქართველოს საზღვრებს გარეთ. . . მაქვს პირადი გეგმები, რომლებზეც ჯერ არ ვისაუბრებ.

