ბაგრატ აკუჯბა: ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და მივიღებთ სილამაზეს
ხატია იაშვილი 55518 48 88 –
დღეს გაგაცნობთ ბათუმელ ბაგრატ აკუჯბას (გრუზინსკის) – მრავალ კონკურსში გამარჯვებულ დიზაინერს, არქიტექტორს და მარკეტინგის მენეჯერს. ის ქართულ-აფხაზურ ოჯახში გაიზარდა. 32 წლის წარმატებული არქიტექტორის ფსევდონიმი – გრუზინსკი, სწორედ მის წარმომავლობას უკავშირდება. ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებული დიზაინერ-არქიტექტორი გახდებოდა. დღეს ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. დანარჩენს თავად ბაგრატ აკუჯბა (გრუზინსკი) მოგვიყვება
– ბატონო ბაგრატ, გაეცანით ჩვენს მკითხველს.
– მოგესალმებით და გმადლობთ, რომ ჩემი პროფესიული მიღწევებით დაინტერესდით. დავიბადე ბათუმში, მყავს არაჩვეულებრივი დედა და და. ჩემი ოჯახი ყველა წამოწყებულ საქმეში გვერდით მიდგას. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, სკოლის დასრულების შემდეგ ჩავირიცხე აკადემიურ გიმნაზიაში, შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურა-დიზაინის ფაკულტეტზე. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავემგზავრე მოსკოვში და ვასილ სურიკოვის სამხატვრო აკადემიაშა გავიარე არქიტექტურა-დიზაინის, ინტერიერ-ექსტერიერის გრაფიკული დიზაინის კურსები.
– წარმატებამდე განვლილი გზა გაიხსენეთ.
– პირველი გამარჯვება 1999 წელს თბილისში, ჟურნალ ,,დილის’’ მიერ მოწყობილ გამოფენაზე მოვიპოვე – ასამდე კონკურსანტს შორის პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ ჯერ კიდევ დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და ამავდროულად, საამაყოც იყო. 2014 წელს ქალაქ სტამბოლში არქიტექტორ მიმარ ქემალედინის სახელობის სტიპენდია – 9000 ლირა გადმომეცა – გავიმარჯვე პროექტში ,,ვარსკვლავის სახლი – გალაქტიკაში“. დავალების თანახმად, 10 დღეში უნდა დამესრულებინა 250 კვმ სასტუმრო აპარტამენტის დიზაინი, მე კი ეს 4 დღეში შევასრულე. წარმატებამდე განვლილი გზა საკმაოდ შრომატევადი და რთული იყო. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე. ბოლო წლებში კომპანიაში ,,რემონტ. ჯი’’ დავიწყე მუშაობა არქიტექტორ-დიზაინერად და მარკეტინგის მენეჯერად, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ამავდროულად, კომპანიასაც ბევრი წარმატება მოვუტანე. შემდეგ ვიყავი ,,სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის’’ პიარმენეჯერი. ამავე პერიოდში გახლდით „ქართულ – აფხაზური საგას’’ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვმონაწილეობდი, ერთი-ერთი პარტიიდან ვიყრიდი კენჭს.
– როგორც ვიცი, ბინაც საკუთარი დიზაინით მოაწყვეთ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეთ. როდესაც ბინის დიზაინს ქმნით, რას ანიჭებთ უპირატესობას – ფერებს, ხარიხს?
– რასაც ქმნი, პირველ რიგში, თავად უნდა მოგწონდეს. საკუთარი ბინაც ზუსტად ამ პრინციპით მოვაწყვე და აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. ალბათ, კარგად გამომივიდა. არ ვეთანხმები აზრს, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. ზუსტადაც რომ დავობენ, რადგან ყველას განხვავებული გემოვნება აქვს. გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, მიჯერებენ და ენდობიან ჩემს გემოვნებას. კარგი შეფასება ძალიან მსიამოვნებს და მას ვერანაირი გასამრჯელო ვერ შეედრება. ჩემთვის დიზაინი, ესთეტიკა, სილამაზე ჰობი კი არა, მთელი ცხოვრებაა. ვარ პერფექციონისტი და მინიმალური არაფერი მაკმაყოფილებს.
– როგორც ვიცი, თვითნასწავლი მხატვარი ხართ, მაგრამ პროფესიულ დონეზე გაქვთ თითოეული ტილო შესრულებული. რა ასაკიდან ხატავთ და თუ გაქვთ გამორჩეული ნახატი?
– ფაქტობრივად, 10 წელია, ფუნჯი ხელში არ ამიღია. პანდემიის პერიოდში 3 თვის განმავლობაში სულ ვხატავდი. თვითნასწავლი მხატვრის კვალობაზე თბილი და საინტერესო ნამუშევრები გამომივიდა. ამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით მოვაწყვე გამოფენა- გაყიდვაც, შემოსული თანხა კოვიდის ფონდში გადავრიცხე. მანამდეც მოვაწყვე მსგავსი ღონისძიება და მრავალშვილიან ოჯახს ერთჯერადად დავეხმარე. ვფიქრობ, სიკეთე გადამდებია და ყველამ უნდა შევძლოთ, სხვას მივანიჭოთ ბედნიერება, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გვაქვს. ყველაზე გამორჩეული ნახატი, რაც შემისრულებია, არის აფხაზეთის თემაზე შექმნილი ტილო ,,შერიგება“, სადაც გადმოვეცი ჩვენი წინაპრების ტრადიციები. აქ გამოსახულია ზღვა, მთები, ვაზი. . . და ჭიშკრები, რომლებიც მინდა ფართოდ გაიღოს და ისევ ერთი მთლიანი ვიყოთ. ბოლო ნამუშევარი მივუძღვენი პოლიტიკოს ეკა ბესელიას. ეს არის აბსტრაქცია სახელად „არჩევანი“, რამაც ეკას დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და საჩუქრად გადმომცა მოოქროვილი კალამი. დღესაც, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვხატავ.
– ჩაცმის განსხვავებული სტილითაც გამოირჩევით. ვინ არის თქვენი დიზაინერი თუ თავად ქმნით ტანისამოსის დიზაინსაც?
– რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, ეს ბავშვობიდან გამომყვა. მომწონდა ის, რაც გაყიდვაში არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ბრენდული სამოსი მაცვია. მეორადი ნივთების მაღაზიაშიც მიყიდია და ისე შემიხამებია ერთმანეთისთვის, რომ ხალხს ძვირად ღირებული ჰგონებია. ამის მიუხედავად, ჩემს გარდერობშიც მოიძებნება ცნობილი ბრენდების პიჯაკები და ფეხსაცმელი, რაშიც რამდენიმე ათასი ლარი მაქვს გადახდილი. ზოგადად, არ მიყვარს მოუწესრიგებელი სადმე წასვლა. მიმაჩნია, რომ ტანისამოსი ადამიანის შინაგან სამყაროს გადმოსცემს, ქმნის განწყობასა და ემოციას. ამიტომ ვცდილობ, სასიამოვნოდ გამოვიყურებოდე, რადგან ამით სხვამაც კომფორტულად იგრძნოს თავი. თუმცა ყოფილა შემთხვევაც, აჩქარებით ქუჩაში ძვირად ღირებული პიჯაკით და ფოსტლებით გამოვსულვარ (იცინის).
– ხარის წელი მოვიდა. ყველა ცდილობს, სახლში შესაბამისი, განსხვავებული ინტერიერი შექმნას. როგორი ფერებია მოდაში, რას გვირჩევდით ოთახის მოსაწყობად?
– პოზიტიური დღეების მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ 2020 წელი ყველასათვის რთული იყო. ვიმედოვნებ, ხარის წელი უკეთესი იქნება. მოდას და ტენდენციას რაც შეეხება, როგორც ვიცი, თეთრი და ვერცხლისფერი ტონებია პრიორიტეტული. . . ჰოროსკოპით და მოდით არასდროს მიხელმძღვანელია, რადგან ვფიქრობ, ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. ჯამში, მივიღებთ სილამაზეს, რაც უპირველეს ყოვლისა, სიამოვნებას გვანიჭებს.
– გეგმებზე რას გვეტყვით?
– მინდა ავაშენო დიდი და ლამაზი სასტუმრო, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის ისტორიის ამსახველი ოთახები იქნება განთავსებული, მოვაწყო დიდი, ულამაზესი ეზო ქანდაკებებით და გავმართო უამრავი ღონისძიება იმ საზოგადოებისთვის, ვისაც კლასიკური სილამაზე სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს. ვფიქრობ, შედევრები ნიუანსებით იქმნება. ამ გეგმას აუცილებლად განვახორციელებ.