გიორგი ბოლქვაძე – მუსლიმანი მამის და ქრისტიანი დედის ათეისტი შვილი
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
დღეს საინტერესო ბათუმელ ახალგაზრდას გაგაცნობთ, რომელსაც მამა მუსლიმანი ჰყავდა, დედა – ქრისტიანი, თავად კი ათეისტია. გიორგი ბოლქვაძე ბათუმში დაიბადა, დაამთავრა ბათუმის №7 საჯარო სკოლა, უმაღლესი განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიიღო, სპეციალობით სამართალმცოდნეა, თუმცა ახლა სხვა სფეროში მოღვაწეობს. როგორი იყო სხვადასხვა რელიგიის მქონე მშობლებთან თანაცხოვრება, რატომ გახდა ათეისტი, რას ფიქრობს რელიგიაზე – მასთან ამ საკითხებზე საუბრისას არაერთ აქტუალურ თემას შევეხეთ, რაც უდავოდ, საგულისხმო იქნება და დააფიქრებს ჩვენს მკითხველს.
– გიორგი, მოდით, სანამ უფრო ფაქიზ თემას შევეხებით, გვითხარით, მაინც როგორი ბავშვი იყავით?
– რამდენადაც 90-იან წლებში იყო შესაძლებელი, უშფოთველი და ლაღი ბავშვობა მქონდა. როგორც თითქმის ყველა დედისერთას შეეფერება, ვიყავი ძალიან განებივრებული ჰიპერმზრუნველი დედის და ლმობიერი მამის გამო. ვერ წარმომედგინა, რომ სამყარო შეიძლება იყოს სასტიკი. სასათბურე პირობებში გამოზრდილს, მწვავე ფინანსური თუ კრიმინალური პრობლემები მითი მეგონა. ერთადერთი პრობლემა იყო ჩემი ჯანმრთელობა. ხშირად ავადვმყოფობდი, რითაც დედა გავაჭაღარავე. ამას ემატებოდა ჩემი უკიდეგანო სიზარმაცე – დასველებული მაისურის დროულად გამოცვლა მეზარებოდა და ამის გამო ძალიან ხშირად ვცივდებოდი. საერთო ჯამში, დამჯერი ბავშვი ვიყავი, არ მახასიათებდა ურჩობა ან მავნებლობა, თუმცა ყოველთვის მქონდა საკუთარი აზრი სხვადასხვა მოვლენაზე, თუგინდ ეს ოჯახის წევრებს არ მოსწონებოდათ. ჩემს აზრს ყოველთვის პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ. მიზიარებდნენ თავის არგუმენტებს, მაგრამ არასოდეს ითხოვდნენ, მეფიქრა ისე, როგორც მათ სურთ, შაბლონების მიხედვით. მთავარი, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ, იყო ზრდილობა, უფროსების პატივისცემა, ჩემზე სუსტის დაცვა და არასოდეს – ჩაგვრა, განსხვავებული აზრის მიღება. . . მახსოვს, სოფლიდან ნათესავი გვეწვია სტუმრად. უხეში მატყლის ძაფისგან ნაქსოვი ჟილეტი ეცვა, რომელიც ლოყას მიკაწრავდა ჩახუტებისას, სუნიც ჩემთვის უცნაური ჰქონდა, რაც ძალიან შემაწუხებლად მეჩვენებოდა, არც შრომისგან დაკოჟრილი მისი ხელებით მოფერება მანიჭებდა სიამოვნებას და მეც თავს უფლება მივეცი, გამომეთქვა უკმაყოფილება. . . დედაჩემი არ გამჯავრებია, მშვიდად შემიყვანა ოთახში, სადაც განვუცხადე, რომ ეს ბებო არ მომწონს. დედამ მთხოვა, გამომეკითხა ქალბატონისთვის მისი ცხოვრების საინტერესო ისტორიები, გამეცნო ის და შემდეგ გამეკეთებინა დასკვნა, მომწონდა თუ არა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.
რჩევა გავითვალისწინე და შევეცადე, ურთიერთობა დამემყარებინა მასთან. დივანის ბალიშებისგან და ზეწრისგან ქოხი ავაშენე და ეს ქალბატონი შემოვიპატიჟე. იმ დღეს მოვისმინე მონადირეების მიერ დაობლებული დათვის ბელის გაზრდის ისტორია, როგორ გამოკვება ის და როგორ თანაცხოვრობდნენ სიამტკბილობით. სხვადასხვა ისტორიის მოყოლისას ხშირად ჩემთვის გაუგებარ აჭარულ დიალექტზე საუბრობდა. მე ვაწყვეტინებდი და სიტყვის განმარტებას ვთხოვდი, რასაც არასოდეს იზარებდა. მეორე დღეს, მისი გამგზავრების დრო რომ დადგა, ეს უცნაურსუნიანი, ნაქსოვჟილეტიანი ქალი ჩემთვის უსაყვარლესი და უთბილესი ბებო იყო, აღარც მისი დაკოჟრილი ხელები მეჯავრებოდა და მზად ვიყავი ხულოშიც გავყოლოდი, რათა მომესმინა ის საინტერესო თავგადასავლები, რომლებსაც მიყვებოდა. იმ დღის შემდეგ არასოდეს განმისჯია ადამიანი ერთი შეხედვით. ყოველთვის იმედი მაქვს, რომ ჩემთვის არასასიამოვნო დეტალები სრულიად უმნიშვნელო გახდება, თუ ადამიანის ბუნებას ჩავწვდები.
– მამა მუსლიმანი გყავდათ, დედა კი ქრისტიანია, როგორი იყო სხვადასხვა რელიგიის მქონე მშობლებთან თანაცხოვრება?
– მამაჩემი ტრადიციულ, აჭარულ ოჯახში გაიზარდა და რა თქმა უნდა, მისი ყველა წევრი მუსლიმანი იყო. განსაკუთრებულად მორწმუნე ბებია მყავდა, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ ლოცულობდა და ყველა მუსლიმანურ წესს აღასრულებდა. აუცილებლად ატარებდა თავსაფარს, მაგრამ არასოდეს მალავდა სახეს, რაც მისი თაობის ქალისთვის გამბედაობად ითვლებოდა. იცოდა ავი თვალის საწინააღმდეგო ბევრი შელოცვა. დღემდე მახსოვს, როგორ მიკითხავდა შელოცვებს და ირგვლივ დანას შემომატარებდა. ეს ჩემთვის ერთობ სახალისო პერფორმანსი იყო – გაუგებარი სიტყვები, ბებიას დაძაბული სახე და თავის მოძრაობები ყოველთვის ღიმილს მგვრიდა. დიდად არც ავი თვალის მჯეროდა და მით უფრო – შელოცვით მისგან განკურნების. დედ-მამას რელიგიურ საკითხზე არასოდეს უკამათიათ. ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთის მრწამსს. როდესაც მე დავიბადე, ერთმანეთის პატივისცემის ნიშნად, არ მომნათლეს, არც მუსლიმანურად, არც ქრისტიანულად. დედას ეკლესიაშიც დავყავდი, სახლში კი მევლუდის კითხვასაც ვესწრებოდი. ორივე რელიგიას თანაბრად ვეცნობოდი. 13 წლის რომ გავხდი, მშობლებს ვთხოვე, ქრისტიანულად მოვენათლეთ. მამაჩემისგან არ შემიმჩნევია გულდაწყვეტა, რომ მართლმადიდებლობა ავირჩიე. არასოდეს მიგრძნია თავი გარიყულად იმის მიუხედავად, რომ მამაჩემის ნათესავების უმრავლესობა მუსლიმანია. მე პირველ რიგში მათი ოჯახის წევრი ვარ და მხოლოდ შემდეგ – რომელიმე აღმსარებლობის წარმომადგენელი. მამაჩემი ჩემი ნათლობის ორგანიზატორი იყო იმის მიუხედავად, რომ არაფერი ესმოდა მართლმადიდებლური მონათვლის რიტუალის. . . ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართულიყო ჩემი გაქრისტიანება.
– მშობლების შეუღლების ისტორია თუ იცით, როგორ დართეს მამას ნება, ქრისტიანი ქალი რომ მოეყვანა ცოლად?
– როდესაც მამა და დედა დაქორწინდნენ, მამაჩემი 39 წლის იყო, დედა – 29 წლის. აქედან გამომდინარე, მამაჩემს არც უთხოვია დედაჩემის ცოლად მოსაყვანად ნებართვა, საკმარისად ზრდასრული და დამოუკიდებლები იყვნენ და მსგავსი საკითხი არც დასმულა.
– სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს როგორ აღნიშნავდით ოჯახში? მაგალითად, აღდგომას, ბაირამს. . .
– დედაჩემამდე ოჯახში არავინ იყო ქრისტიანი, ამიტომ მხოლოდ მუსლიმანური დღესასწაულები აღინიშნებოდა. დედაჩემის ოჯახი საერთოდ, არ იყო მორწმუნე, არცერთ რელიგიას არ აღიარებდნენ. დედაჩემის დედა ათეისტი იყო, რელიგიური წეს-ჩვეულებები მისთვის იყო ოჯახური ტრადიცია და არა რიტუალი, ამიტომ არასოდეს გასჩენია მუსლიმანური დღესასწაულების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ჩვენს სახლში დღემდე აღინიშნება ორივე რელიგიის დღესასწაულები. იმის მიუხედავად, რომ მამა ორი წელია, რაც გარდაიცვალა და სახლში აღარავინ დარჩა მუსლიმანი, ყოველთვის აღვნიშნავთ ბაირამს, ვინახულებთ სასაფლაოებს, როცა ეს მუსლიმანური წეს-ჩვეულებით არის აუცილებელი, ვამზადებთ დღესასწაულისთვის აუცილებელ ჰალვას და ა.შ. ასევე, როცა მამაჩემი ცოცხალი იყო, ჩვენთან ერთად აღნიშნავდა მართლმადიდებლურ დღესასწაულებს. გვილოცავდა შობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე აუცილებლად ყიდულობდა უზარმაზარ პასკას, ვღებავდით კვერცხს და ენთუზიაზმით იღებდა მონაწილეობას ყველაფერში. ის იყო უზომოდ ბედნიერი, რომ მისი მართლმადიდებელი მეუღლე და შვილი აღნიშნავდნენ ამ დღეს.
– და რატომ იქეცით ათეისტად?
– როდესაც მართლმადიდებლურად მოვინათლე, გადავწყვიტე, უფრო სიღრმისეულად გავცნობოდი ჩემს რელიგიას. პატარა ასაკის მიუხედავად, თეოლოგიური ცოდნის უდიდესი წყურვილი მქონდა და სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ვერ აგიწერთ, როგორ გაუგებრობაში ჩავვარდი, როდესაც წავიკითხე ძველი აღთქმა. იქ წარმოდგენილი ღმერთი სრულიად არ ჰგავდა საბავშვო ბიბლიაში და მღვდლის ქადაგებაში წარმოჩენილს. . . გამაოგნა ჩემთვის გაუგებარი აკრძალვების არსმა და სისასტიკემ, რომლითაც ის უსწორდებოდა მათ, ვინც მას არ ეთანხმებოდა. პირველი რყევა რწმენაში სწორედ მაშინ დაიწყო. სხვადასხვა სასულიერო პირის, ჩემთვის მისაბაძი ადამიანების მიუღებელმა ქცევამ კი საბოლოოდ დამიმსხვრია ვარდისფერი სათვალე. ზედმეტად არაკომფორტული მრევლი ვიყავი, ვსვამდი ძალიან ბევრ შეკითხვას და ვამჩნევდი ყველა დეტალს, სადაც შეუსაბამისობა იყო. ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებდი ადამიანებისგან, რომლებსაც წესით, ჩემზე მეტი უნდა სცოდნოდათ. გადამწყვეტი დარტყმა კი მამაოს გაწყრომა იყო, როცა შეკითხვა დავუსვი და მიპასუხა, რომ უნდა მჯეროდეს ის, რასაც თვითონ მეუბნება და ზოგადად, მსგავსი შეკითხვის დასმაც კი მკრეხელობაა. მე არ ვიყავი მზად, მიმეღო ეს პასუხი. . . არასოდეს უსწავლებიათ ჩემთვის, რომ ბრმად უნდა მჯეროდეს და არ შევეცადო არსის ჩაწვდომას. იმდენად დიდი იყო ჩემი რწმენა მუდმივი ძიების ჭეშმარიტებისა, რომ ტვინი არ აღიქვამდა დაკანონებულ დოგმატებს. ვერ ვეგუებოდი უთანასწორობას, როდესაც ვკითხულობდი, რომ ქორწინებამდე სექსი არის მრუშობა, უმძიმესი ცოდვა უფრო ქალებისთვის, კაცებისთვის კი არა უშავს. კაცია რა! როდესაც ჩვენი სარწმუნოება პირდაპირ გვიკრძალავს მატერიალური სიკეთის გაღმერთებას, რატომ დასჭირდა მამაოს მაინცდამაინც ორმოციათასდოლარიანი ჯიპი და არ დაკმაყოფილდა ოციათასიანით თუ მიუვალ ადგილებში ასვლის აუცილებლობა აქვს? რატომ მითხრა მამაომ, რომ არ ვენდოთ ებრაელ ხალხს, რადგან ებრაელები დაწყევლილი ერია და მათ ქრისტე მოკლეს, თუ ქრისტე თავად იყო ებრაელი?! არც მუსლიმანურ მხარეს იყო უკეთესად საქმე, იგივე მატერიალურ სიკეთეს დახარბებული მოლები, გაუნათლებელი სასულიერო პირები, რომლებსაც ყურანიც კი არ აქვთ წაკითხული. როდესაც ერთ-ერთმა მოლამ თქვა: „ჩვენ მაგენის ქრისტეი არ გვინდანან“, მივხვდი, რომ ყურანი არც კი გადაუშლია, რადგან იქ იესო ქრისტე არის მოხსენიებული როგორც ალაჰის გამოგზავნილი ერთ-ერთი უმთავრესი მესია. მას იხსენიებენ სახელად ისა იბნ მარიამ ალმასიხ (ისა მარიამის შვილი მესია). რამდენიმე წელი ვებრძოდი თავს, სანამ ვაღიარებდი, რომ აღარაფრის რწმენა დამრჩა და ვარ ათეისტი. ამ მწარე სიმართლის გააზრების შემდეგ მეცნიერების თვალსაზრისით სამყაროს შესწავლა დავიწყე. მაინტერესებდა სამყაროს წარმოშობა, გადავიკითხე არაერთი წიგნი ასტროფიზიკაზე. . . მომაჯადოვა შავი ხვრელების და კვაზარების თეორიებმა. . . წარმოვიდგენდი სხვა გალაქტიკებს და მათ არსებობაში ვეძებდი კანონზომიერებას, მაგრამ აქაც შევეჯახე იმას, რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი არც მეცნიერებას გააჩნდა, მაგრამ მომწონდა ის, რომ მეცნიერი შეკითხვებს არ გაურბის. დღეს თვითიდენტიფიცირებას ვახდენ როგორც აგნოსტიკი, მჯერა მეცნიერული კვლევის პრინციპების, მაგრამ არ გამოვრიცხავ ზებუნებრივი ძალის არსებობას.
– ალბათ სამეგობროშიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები გყავთ. . .
– მყავს როგორც მართლმადიდებელი და მუსლიმანი მეგობრები, ასევე, გრიგორიანული ეკლესიის მრევლი, იუდეველები და ათეისტებიც. რელიგია ვერასოდეს გახდება წინაღობა მეგობრობისთვის.
– რელიგიაზე საუბრისას შედიხართ თუ არა პოლემიკაში?
– ჩემი ფიცხი ხასიათის გათვალისწინებით, თითქმის შეუძლებელია პოლემიკაში არშესვლა მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად ერკვევა საკითხში, რატომღაც იწყებს ჭკუის დარიგებას. ასევე, ვერ ვიკავებ თავს, როცა რელიგიას ამოფარებული პატარა კაცუნები ცდილობენ დაჩაგრონ ქალები და უგულებელყონ მათი უფლებები, რელიგიის სახელით ლგბტ ადამიანების უფლებები არად ჩააგდონ.
– რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
– ჩემი ყველაზე დიდი ინტერესის სფერო არის მედიცინა, უკვე წლებია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ძალიან მადლიერი ვარ ბედისწერის, რომ ოდესღაც გადავწყვიტე კლინიკაში მემუშავა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
– სამოქალაქო აქტივობებში ხშირად ერთვებით, ერთხელ დაგიჭირეს კიდეც. . . რა იყო ამის მიზეზი?
– ვერასოდეს შევეგუები უსამართლობას. ვერასოდეს გავჩუმდები, თუ ჩემი აზრით, ვინმეს ჩაგრავენ და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ამას სახელწიფო აკეთებს უსამართლო, აბსურდული კანონების მეშვეობით, თუ დედაეკლესია „ტაბურეტკით“ ხელში. ვერც რადიკალურ ისლამისტობაზე დავხუჭავ თვალს, როცა კარიკატურის გამო ადამიანებს კლავენ. ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა ადამიანის სიცოცხლე, მისი კეთილდღეობა და თავისუფლება. იმის მიუხედავად, რომ უამრავ მიტინგზე ვარ ნამყოფი, მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის გამართულ მიტინგზე დამაკავა პოლიციამ. ისინი მედავებოდნენ, რომ მართლმსაჯულებს ხელი შევუშალე, რეალურად კი გოგონას ფეხზე წამოყენებას ვცდილობდი, როცა მას აკავებდნენ. სასამართლოზე კადრების წარდგენის შემდეგ მოსამართლემ ჯარიმაც კი არ დამაკისრა, რადგან ცხადი იყო – ჩემი მხრიდან არანაირ ხელშეშლას არ ჰქონდა ადგილი. ძირს დაცემულ გოგოს 10 კაცი რომ „ბერძნულ-რომაულით“ ეჭიდავებოდა მხოლოდ ამან შემაძრწუნა. მომავალშიც ყველა აქციაზე გავალ, სადაც ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვიგრძნობ.
– ამჟამად რით ხართ დაკავებული?
– ამჟამად, როგორც უმრავლესობა, კოვიდის გამო ვარ დროებით უმუშევარი.
– სამომვალოდ რა გეგმები გაქვთ?
– ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ ემიგრაციაზე. ძალიან არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ შეიძლება საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ მაიძულოს, საზღვარგარეთ გადავიდე საცხოვრებლად.