მამა – იმამი, შვილი – სტიქაროსანი
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნების სიმშვენიერით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი წაბლანა არცერთ დასახლებას არ ჩამოუვარდება. ამას ემატება აქ მცხოვრებთა პატრიოტული შემართება, ეროვნული ადათ-წესებისადმი ერთგულება. ისტორია არ ივიწყებს ჯევზან ზოიძის თავგანწირვას, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო, რათა ათეულობით ქართველი ქალი და გოგონა მტარვალთა გაუპატიურებისგან ეხსნა.
უფროსი თაობის წაბლანელებს, ახლომდებარე სოფლების მკვიდრებს ახსოვთ ხუსეინ ზოიძის ფოლკლორი, მევლუდ შარვაშიძის, ზექერია ველიაძის, ვლადიმერ ბერიძის მებრძოლი ხასიათი და მინდობილი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
წაბლანელი მეხორუმეები გამორჩეული ილეთებით ასრულებენ „გამარჯვებულთა როკვას“. ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“, საქვეყნოდ ცნობილ ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტები არიან იაგო და პაატა ჭურკვეიძეები. ცნობილი მეზღვაურების სახელი დაიმკვიდრეს გურამ და გივი ველიაძეებმა. ქართულ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას ღირსეული გამოკვლევა დაუტოვა არჩილ ბერიძემ. მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად ლონდონში წარმატებული ბიზნესი აქვს ზაურ ბერიძეს. საყოველთაოდ ცნობილია წაბლანელი ხუროების, ხეზე, ქვაზე კვეთის ოსტატების ნახელავი.
ისტორიკოსები წაბლანის ისტორიას 10-12 საუკუნის ფარგლებში მოიაზრებენ. 2007 წელს ადგილობრივი მკვიდრის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ შალვა ველიაძის ინიციატივით, ნათლისმცემლის გორაზე არსებული მართლმადიდებლური სამლოცველოს შესახებ კვლევა-ძიება წამოიწყეს. ინიციატორმა, პირველ რიგში, ლოცვა-კურთხევა სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონისაგან (იგი იმ დროს ეპისკოპოსი იყო) მიიღო. სხალთელი და ბოლნისელი მთავარეპისკოპოსები წმინდა სინოდმა 2006 წლის 21 დეკემბერს გამოარჩია. ბოლნისელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი წაბლანის მეზობელ სოფელ სამოლეთის მკვიდრია. გამრეკელიძეთა გვარის ღირსეულმა წევრმა კარგად იცის მშობლიური კუთხის ისტორია. ერთ დროს ნათლისმცემლის, კომაკეთის გორებზე, ცინარეთში, ტბეთში, სამოლეთში არსებული ტაძრებიდან შემოკრული ზარი მთელ ხეობას ახმიანებდა, აღვლენილი ლოცვა იქაურობას მადლს ჰფენდა.
წაბლანელი ველიაძეების ადგილის დედა ისტორიული სოფელი ლაკლაკეთია. „ლაკლაკეთის“ ჭედური ხატი ახლა თბილისშია დასვენებული და იშვიათ სამუზეუმო ექსპონატად მიიჩნევენ.
სამოლეთი, ლაკლაკეთი, წაბლანა ერთმანეთს გადაჯაჭვულ-გადაბმული სოფლებია. ველიაძეების, გამრეკელიძეების, ბერიძეების, აბუსელიძეების, ანანიძეების წინაპრებს ერთობლივი ძალებით უხდებოდათ მამულის დაცვა.
უფლის კარნახით, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, შალვა ველიაძემ 2007 წლის 1 ნოემბერს თანასოფლელებს, სხვაგან გადასულ ახლობლებს, ნათლისმცემლის გორაზე უხმო და ორი ეპარქიის მღვდელმთავრის, მღვდელმსახურების მონაწილეობით მართლმადიდებელ მრევლს 30-ზე მეტი ნათელღებული შემატა. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ, ინიციატორმა მთავარეპისკოპოსები და რიტუალის მონაწილენი საკუთარ ოჯახში მიიპატიჟა, ოჯახში, სადაც შალვას დედ-მამა ისლამის რჯულის მიმდევრები იყვნენ. იმ დროს ზექერია ველიაძე წაბლანის მეჩეთის იმამი იყო. დედა ისლამის ღვთისმსახურებას ოჯახში ასრულებდა. ზექერია იმ დროს 83 წლის გახლდათ. მალე 97 წელს მოიტოვებს უკან. შალვას დედა 6 წლის წინ წავიდა წუთისოფლიდან.
ბრძენი, უფლის მოწამე მამა, შვილის არჩევანს ჩვეული სიდინჯით შეხვდა. ეპარქიის მღვდელმთავრებთან სურათიც გადაიღო.
ახლა ქართულ სოფელში მჭედელი და სამჭედლო იშვიათობაა. საუკუნეს მიტანებული მოხუცი შალვას ხშირად სამჭედლოში უხმობს და გავარვარებულ რკინასთან მუშაობის საიდუმლოს ასწავლის. ზექერია წლების განმავლობაში სოფლის ელექტრიკოსიც იყო.
თითქმის ორი ათეული წელია, ერთ ოჯახში მამა უფალს არაბულ ენაზე ეფერება და „ყურანს“ კითხულობს, შვილი, შალვა, ხატებთან დგას და „ბიბლიას“ ეფერება. ლოცვებს რომ მორჩებიან, სუფრას ერთად მიუსხდებიან.
სხალთის ეპარქიის დამოუკიდებელ ეპარქიად გამორჩევის შემდეგ, შალვა ხან სხალთის, ხან ხულოს, ხან კიდევ ხიჭაურის ტაძრებში სტიქაროსანის კაბას მოირგებს და ღვთისმსახურებას ასრულებს.
სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით, შალვა ველიაძის ინიციატივით, ნათლისმცემლის გორაზე პროფესორების – ამირან კახიძის, შოთა მამულაძის, ტარიელ ებრალიძის, გრაფიკოს გიორგი დუმბაძის მონაწილეობით, არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს. ერთი თვის განმავლობაში არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები შალვას ოჯახში იმყოფებოდნენ. მთელი სოფელი, მართლმადიდებლები ზეიმით შეხვდნენ იმ დღეს, როცა საუკუნოვანი ხეების ფესვებქვეშ ეკლესიის საძირკველი, სხვა სიწმინდეები აღმოჩნდა.
– იმ დღემდე წაბლანის ისტორიას მე-10-მე-12 საუკუნეებს უკავშირებდნენ. პროფესორ ამირან კახიძის დასკვნით, ტაძარი მე-7, მე-8 საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული, რაც ჩვენი სოფლის დიდ ისტორიაზე მიანიშნებს, – გვითხრა 85 წელს მიტანებულმა წაბლანელმა პედაგოგმა სოსო ბერიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ვთხოვეთ კომენტარი ზექერია და შალვა ველიაძეებს.
– წუთისოფელში აღარ არიან ჩემი თანატოლი ის წაბლანელები, რომლებმაც 1971 წლის 11 თებერვალს წაბლანაში ჩამოწოლილი ზვავის შემდეგ, საცხოვრისად გურიის სოფლები აირჩიეს. რეჯებ ველიაძეს, ნურიდინ თურმანიძეს, მევლუდ შარვაშიძეს, მურად ბერიძეს სითბო და ლუკმა გაუნაწილეს გურიაში მცხოვრებმა თანამოძმეებმა.
მახსენდება სოფელ შრომის მაშინდელ ხელმძღვანელ მიხაკო ორაგველიძის დიდი თანადგომა. მან 400-მდე ოჯახს საცხოვრისი და სამუშაო მიუჩინა. წაბლანაში დატრიალებული ტრაგედიიდან წელს ნახევარი საუკუნე სრულდება. გურიის ტერიტორიაზე ამ დროს გადასულებიდან უმრავლესობა წუთისოფელში აღარაა, მრავალიც სიბერის ასაკშია. დროის ამ მონაკვეთში ერთ სულელურ ქმედებას ან უაზროდ წამოსროლილ სიტყვას ვერ გავიხსენებ.
მაკვირვებს ახლანდელი სიტუაცია. უფალი ყველას საკადრის მიუზღავს. იმ არაკაცებს, რომლებმაც ორი კუთხის შვილები დააპირისპირეს ერთმანეთს, არ შერჩებათ. მრწამსი სათუთი რამაა, მას პოლიტიკასთან საერთო არ უნდა ჰქონდეს, – გვითხრა ზექერიამ.
შალვა ველიაძე: „სტუდენტობიდან მოყოლებული, ყველა ნაბიჯს მშობლებს ვათანხმებ. დედის გარდაცვალების შემდეგ მესაიდუმლედ, ერთგულ მრჩევლად მამა მრჩება. საღვთო დღესასწაულებზე, საკვირაო ლოცვებზე ტაძრებში რომ მივდივართ, და-ძმას გზას მამა გვილოცავს. ხშირად 10-15 კილომეტრის გავლა ქვეითად გვიწევს. დაღლილები ეზოს ჭიშკარს რომ შევაღებთ, კიბის თავში გამოგვეგებება და გულში ჩაგვიკრავს. მთა ღომაზე, საყენდრიას უბანში საზაფხულო სახლი გვაქვს. სხალთელი და ბოლნისელი მთავარეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით, ამ მთაში საღვთო დღესასწაული „ჯვარობა“ წამოვიწყეთ. ორჯერ საზეიმო ტრაპეზი მთის სახლში გვქონდა. მამა იქ მობრძანებულ სტუმრებს, ღვთისმსახურებს, ჩვეული სიდარბაისლით შეხვდა. ხშირად მეუბნება: უფალი ერთია ქვეყანაზე და მას არ უმტყუნოო.
ბუკნარში განვითარებული მოვლენები ეკრანზე რომ ნახა, ატირდა, საითკენ მიჰყავთ ამ უვიცებს ქვეყანაო. უფალს მშობლიურ ენაზე ვედრება დაუწყო: ყველაფერი მშვიდობიანად დაასრულეო. ცოტა მოგვიანებით, მითხრა: შვილო, ნებსით თუ უნებლიეთ პოლიტიკაში ჩართული ხარ. სხვის ფეხის ხმას არ აჰყვე, ყველაფერი გულისა და გონების კარნახით აკეთეო. ჯერ მამის სიტყვას არ გადავსულვარ და არც შემდგომში ვაპირებ მისი შეგონების უარყოფას. ბუკნარში მიმდინარე პროცესები გონიერმა ადამიანებმა ქრისტესმიერი სიდინჯითა და სიყვარულით განსაჯეს“.