რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რასაც ნავალნი აკეთებს?
მარინა მითაიშვილი 595 95 50 61 –
მსოფლიომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ კარგა ხანია გაიცნო. ყველა შეძრა რუსეთის ხელისუფლების ნამოქმედარმა ამ უშიშარი პოლიტიკოსის მიმართ, როცა იგი ქიმიური იარაღით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და მის სიკვდილში, პოლიტიკური არენიდან ჩამოშორებაში თითქმის დარწმუნებულები იყვნენ. თუმცა ნავალნიმ, ოჯახის და მეგობრების დახმარებით, მოახერხა რუსული დიქტატურის საცეცებს გერმანიაში გარიდებოდა და სიცოცხლე შეენარჩუნებინა. თითქმის ერთი თვე ხელოვნურ კომაში ყოფნის შემდეგ მან ამქვეყნისკენ მოხედვისთანავე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში აუცილებლად დაბრუნდებოდა. ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ წევრმა და ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებელმა, რომელმაც არაერთი რუსი საჯარო მოხელე ამხილა თაღლითობაში, კორუფციაში და საერთოდ, კრემლის მისამართით საკმაოდ ხისტი კრიტიკით გამოირჩევა, კარგად იცოდა, რომ სამშობლოში დაბრუნება და მისი თავისუფლების შეზღუდვა ერთი იქნებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლია და 17 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტისკენ გამოფრინდა, სადაც მის დასახვედრად საკმაოდ სოლიდური რაოდენობის მომხრეები და უფრო მეტი კრემლის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც შეგროვდნენ. ამ უკანასკნელებმა, სანამ თვითმფრინავი, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა, ვნუკოვოს აეროპორტის მარშრუტს შეცვლიდა და შერემეტიოვოსკენ გაფრინდებოდა, დრო არ დაკარგეს და კრემლის მტრის არაერთი მომხრე, მათ შორის ლუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე, „ნოვაია გაზეტას“, „ვლად დოკშინისა“ და „დოჟდა ედუარდ ბურმისტროვის“ ჟურნალისტები დააკავეს.
რასაკვირველია, ადრევე გაცხადებული მუქარის შესაბამისად, დაიჭირეს თავად ნავალნიც, რომელსაც სახელდახელო სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა და ეს დრო საპატიმრო „მატროსკაია ტიშინაში“ უნდა გაატაროს. სხვათა შორის, ნავალნიმ სასამართლოს დამთავრებისთანავე ვიდეომიმართვით მოუწოდა თანამემამულეებს, ქუჩებში გამოსულიყვნენ პუტინის რეჟიმის გასაპროტესტებლად, თანაც დასძინა, რომ ეს უნდა გააკეთონ არა ნავალნისთვის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. ფაქტია, მისი მოწოდებები რუსი მოქალაქეების საკმაო ნაწილს (როგორც ამბობენ, მოსახლეობის 15 პროცენტს) აღელვებს. აი, რატომ ეშინია პუტინს ამ ადამიანის, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს თუ დავუჯერებთ, მისი ბოსის განსაკუთრებულ ყურადღებას ნავალნი არ იმსახურებს. არადა, სწორედ „განსაკუთრებული ყურადღების“ გამო გაატარა რამდენიმე თვე ჯანმრთელობის აღსადგენად ნავალნიმ გერმანიის სამკურნალო დაწესებულებებში. კრემლის მესვეურებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ იგი ან გერმანელ ექიმებს ჩააკვდებოდა ხელში, ან რუსეთთან დამოკიდებულების გაფუჭების შიშით, მოწამვლის ფაქტს არ გაახმაურებდნენ, მაგრამ ნავალნიც გადარჩა და სკანდალური ფაქტიც, ФСБ-ს მიერ მისი ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ, გასაჯაროვდა.
ბუნებრივია, საქართველოშიც დიდია ნავალნისთან დაკავშირებული მოვლენებისადმი ინტერესი, თუმცა ამ ინტერესს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ ჩვენთვის ხელსაყრელია პუტინის ტოტალიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ნაბიჯი, რასაც ასე ეფექტურად ახერხებს ნავალნი, მეორე მხრივ, ქართველებს გვახსოვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მისამართით ამ პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული არაერთი საწყენ-დამამცირებელი გამონათქვამიც. აი, ისინიც:
„რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დავუშინოთ ფრთოსანი რაკეტა მღრღნელების (ქართველების) გენშტაბს, მაგრამ მღრღნელები (“გრიზუნები“) სწორედ ამას ელოდებიან . . . რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ, შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. . . ბლოკადაში მოაქციოს საქართველო. . . გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან“ –ბლოგი, 2008 წლის 8 აგვისტო;
„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კი, ქართველებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც ერთ სიმღერაშია – მტკივნეულია, მაგრამ მერე სასიამოვნო იქნება. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი შეეჩვევიან გარდაუვალს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ წარსულს ვერ დააბრუნებენ და გააგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას: ყურძენს მოიყვანენ, იმღერებენ, მთაში გარეკავენ ვირებსა და ჩოჩრებს და კიდევ ვისაც მწყემსავენ ხოლმე. . . აიმაღლებენ ცხოვრების დონეს და შესაძლოა, ასობით ათასმა ქართველმა აღარ იბოდიალოს რუსეთში. ისინი დარჩებიან სახლში და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ“ – ბლოგი, 2008 წლის 12 აგვისტო;
„კი, ქართველებს მღრღნელები ვუწოდე ომზე დაწერილ პოსტში, რასაც ვნანობ. ეს არ არის ლამაზი და ამან სინამდვილეში ჩემი პოსტის ნიველირება მოახდინა. დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ვაწერ ხელს“ –2013 წლის ივლისი, „ეხო მოსკვი“;
„რუსეთ–საქართველოს ომი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის არმიის შეყვანა პროვოცირებული იყო საქართველოს მხარის მიერ. . . სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებების შედეგად გამოეყო საქართველოს. . . მარტივი გადაწყვეტილებებით ახალ სისხლისღვრას გამოვიწვევთ“ –2016 წლის დეკემბერი, „რადიო სვობოდა“;
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ეს არის რეგიონები, რომლებმაც თავიდანვე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოითხოვეს (საქართველოსგან) გამოყოფა. იქ განვითარდა სისხლიანი მოვლენები. . . არ შეძლება შევადაროთ (ყირიმი) აფხაზეთს, სადაც ომი იყო და რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოსგან დამოუკიდებელი იყო ბევრი, ბევრი წელი და დამოუკიდებელია ახლაც. . . არ შეიძლება მძიმეებით გამოვყოთ ერთმანეთისგან აფხაზეთი, ოსეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი – ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებია“ – 2017 წლის ივნისი, ტელეკომპანია „დოჟდი“.
დიახ, კრემლის საძირკვლის შერყევის იმედით მოსილი რუსი ოპოზიციონერი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებით არაფრით განსხვავდება რუსეთის ხელისუფალთაგან, მაგრამ პუტინის რეჟიმის დასუსტება, სწორედ ჩვენს ინტერესებშია. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ ქართველებს? ფაქტია, იგი სხვადასხვაგვარია ქართულ საზოგადოებაში, რომელიც აზრთა მრავალფეროვნებით სხვა საკითხებშიც გამოირჩევა.
საინტერესოა, დღეს არის თუ არა მნიშვნელოვანი ნავალნის მიერ წარსულში გამოხატული პოზიცია? ხელსაყრელია თუ არა საქართველოსთვის ის, რასაც ამჟამად პუტინისადმი ანტაგონისტურად განწყობილი ეს პოლიტიკოსი აკეთებს?
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე ყურადღებას ნავალნის ანტიქართულ გამონათქვამებზე არ ამახვილებს, იგი აქცენტს რამდენიმე სავარაუდო სცენარსა და მათ შორის საქართველოსთვის ოპტიმალურის გამოცნობაზე აკეთებს:
„ რას მოიტანს ნავალნის დაკავება? ჩვენში ბევრი იმედოვნებს, რომ ეს, სულ ცოტა, რუსეთს შიგნიდან შეარყევს და დაასუსტებს. მაგრამ რამდენად რეალურია ეს?
გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს სჯერა, რომ ოპოზიციონერი თავიდან მოცილების მიზნით მოწამლეს, 20% მის მოწამვლას დასავლურ სპეცსამსახურებს აბრალებს, თითქმის ნახევარს კი მისი მოწამვლის არ სჯერა. რა თქმა უნდა, რეჟიმის შესარყევად დიდი უმრავლესობა არაა საჭირო. რევოლუციებსა და დიდ ცვლილებებს ე.წ. პასიონარული უმცირესობები აწყობენ ხოლმე, მაგრამ 15% მაინც ძალიან ცოტაა, 20%-ზე ნაკლებია. 20% იმიტომ ვახსენე, რომ სოციოლოგიაში მეტად პოპულარული თეორიის მიხედვით, ნებისმიერ ჯგუფში (ერში, კორპორაციაში, სასწავლო აუდიტორიაში) პროცესი გამორჩეულად კარგ 20%-ს მიჰყავს.
და მაინც, ნავალნისნაირი ძლიერი მეტოქე პუტინს ჯერ არ ჰყოლია. შესაძლოა, იგი პირველი ნაბიჯი იყოს დესტაბილიზაციისაკენ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ აწყობს კი საქართველოს დესტაბილიზაცია რუსეთში? მთავარი შეკითხვა, ალბათ, ეს უნდა იყოს.
ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის მთავარ (და, ალბათ, ერთადერთ სერიოზულ) პრობლემას ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. რუსეთი ალბათ ძალიან უნდა დასუსტდეს საიმისოდ, რომ სამხრეთ კავკასიიდან გავიდეს და ამგვარად, ჩვენს ტერიტორიებსაც დაეხსნას. ასე ძალიან იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ დასუსტებულა. აქ შეიძლება ვიდავოთ, რომ მაშინ საქართველოც ძალიან სუსტი იყო და ტერიტორიები ამიტომ დაკარგა, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ მაშინ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სახელმწიფოებად არ უღიარებია.
შესაბამისად, რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასასვლელად მისი კიდევ უფრო სერიოზული დასუსტება,, ანუ ნამდვილი ქაოსია საჭირო. ეს კი ნიშნავს ჩრდილო კავკასიაზე მისი კონტროლის შესუსტებას, აქედან გამომდინარე ყველ ნეგატივით: თავის ნებაზე მიშვებული კადიროვით, რეგიონში გაძლიერებული ტერორიზმის ბუდეებითა და ა.შ. ეს საქართველოსათვის კარგი სცენარი ნამდვილად არ არის.
გაცილებით უკეთესია მეორე სცენარი: რუსეთის დემოკრატიზაცია და საქართველოსთან პრობლემის ცივილურად დალაგება, მაგრამ რამდენად გამოდგება საამისოდ ნავალნი (თუკი დავუშვებთ, რომ იგი ხელისუფლებაში მოვიდა). გამონათქვამებით თუკი ვიმსჯელებთ, იგი ტიპური იმპერიალისტია. თუ არ არის და, მაშინ საშუალო სტატისტიკური რუსეთის მოქალაქის ემოციებზე მუშაობს – კარგად ესმის რა, რომ რუსული იმპერიალიზმი ასე იოლად არსად წავა. ანუ დემოკრატიზაციით იგი თავს დიდად, ალბათ, არ მოიკლავს.
ყველაზე კარგი სცენარი კი ასეთია: ნავალნის წყალობით, რუსეთი ზომიერად სუსტდება (ისე, რომ ქაოსამდე არ მიდის), დასავლეთთან მორიგებას ცდილობს და დათმობებზე მიდის. ერთ-ერთი დათმობა კი საქართველოს დეოკუპაციაა. ეს ნამდვილად კარგად ჟღერს. ოღონდ საამისოდ, კიდევ რამდენიმე პირობაა საჭირო: 1. დასავლეთი დაახლოებით ისეთივე ძლიერი და ერთიანი უნდა იყოს, როგორიც იყო 1990-იანებში; 2. საქართველომ კარგად უნდა იმუშაოს დასავლეთთან; 3. საქართველომ რუსეთთანაც უნდა იმუშაოს. დიახ, რადგან ჩვენს გასაკეთებელს თავიდან ბოლომდე სხვა არავინ გააკეთებს“.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე იმით ხსნის ნავალნის ანტიქართულ გამოხდომებს, რომიმპერიალისტური ლოზუნგების გარეშე რუსეთის ხელისუფლებაში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. ასეთი შეხედულება მან რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გამოთქვა. ამიტომ ნავალნის გამონათქვამები არ აოცებს, მით უფრო, რომ ნავალნი ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენელია. გიორგი მუჩაიძისთვის გასაგებია, რატომაც რეაგირებენ თანამემამულენი ნავალნის განცხადებებზე ასე მტკივნეულად, მაგრამ ვინაიდან ხსენებული რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც ასე უჭერს მხარს დასავლეთი, პუტინის ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და აშიშვლებს მის რეჟიმს, ძველი გამონათქვამების გამო წყენების ჩახვევას ქართველებისთვის სწორ პოზიციად არ მიიჩნევს.
„დღეს პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, წამოწეულია ის, რომ აბსოლუტური განუკითხაობაა რუსეთში და ნავალნისთან დაკავშირებით ძალიან კარგად ჩანს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორიზმი. შეიძლება ითქვას, რომ ასე ცალსახად და ნათლად არასოდეს გამოჩენილა. ამ ფაქტზე აქცენტის არგაკეთება ჩემთვის ძალიან გაუგებარია“– ამბობს მუჩაიძე.
ხსენებულ გამონათქვამებს არ ივიწყებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, რომელმაც ნავალნის ქართველ მომხრეებს ავად მოსაგონარი ანტიქართული განცხადებები გაახსენა.
„უნდა გავითვალისწინოთ, რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა – მისი გადაჭარბებული ქება–დიდება სწორად არ მიმაჩნია“.
სამაგიეროდ, თავის აღფრთოვანებას რუსი დემოკრატის მიმართ არ მალავს ქართველი ოპოზიციონერი „ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე:
„ნავალნის გამბედაობა ახლა გმირობის ტოლფასია, მისი ძველი გამონათქვამები ამ სიტუაციაში გასახსენებელი საერთოდ არ არის და მით უფრო – ხელისუფლების მხრიდან. საკვირველია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი ურაპატრიოტული თარგითა თუ საზომით უდგება ნავალნის და ძველი გამონათქვამების გამო აკრიტიკებს. ეს კი, ფაქტობრივად, პუტინის მხარდაჭერას ნიშნავს.
ეს ხშირად ხდება საქართველოში, რომ ურაპატრიოტები და რელიგიურ საბურველში შემოსილი ადამიანები სამშობლოს სიყვარულით ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში პუტინის რეჟიმის წისქვილზე ასხამენ წყალს, ასეა ნავალნის შემთხვევაშიც – თითქოს პატრიოტული გადმოსახედიდან აკრიტიკებენ და ირიბად პუტინს უჭერენ მხარს“– ამბობს გოცირიძე, რომელსაც, როგორც ჩანს, „ჰგონია“, რომ ნავალნის მოწამვლის შედეგად ამნეზია განუვითარდა და თავისი შეხედულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით დაავიწყდა.
18 იანვარს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, მიხეილ სარჯველაძის მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „დიდია საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაკავება. . . საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოაშკარავებისა და ეჭვების გაფანტვის მიზნით“.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, რუსეთის ხელისუფლებას არაერთი ქვეყნის ლიდერმა მიმართა ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, სარჯველაძის თქმით, უნდა დაველოდოთ „შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების რეაგირებას“ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული დასკვნების გამოტანა.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი გია ბარამიძე ნავალნის რუსეთში დაბრუნებას გამბედაოად უთვლის და მას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დამარცხებაში წარმატებას უსურვებს. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით გამონათქვამების გამო „პატარა პუტინსაც” უწოდებს. ამასთან, დასძენს, რომ თუ რუსი ოპოზიციონერი აზრს შეიცვლის საქართველოსთან დაკავშირებით, მისი დამოკიდებულებაც შეიცვლება.
„დღეს იგი პუტინმა დაიჭირა, მას შემდეგ, რაც ვაჟკაცურად არ შეუშინდა და ჩავიდა რუსეთში. იგი დღეს პუტინს ებრძვის და მისი ქმედებები მიმართულია ამ რეჟიმის მხილებისა და დამარცხებისაკენ. ამიტომ ამაში მას წარმატებას ვუსურვებ. ისემც უქნიათ, რომ აირიონ და თავისი თავის გარდა სხვა ვერავინ გაახსენდეთ!
ამავდროულად, ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე „დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც არის პუტინი. „პატარა პუტინია”. ამიტომ, როგორც ქართველი პატრიოტისთვის, იგი ჩემთვის არა თუ კარგი პოლიტიკოსია, არამედ ცივილიზებული და საღად მოაზროვნე პატიოსანი ადამიანიც კი არაა და მას წარმატებას მხოლოდ პუტინის რეჟიმის დაშლაში ვუსურვებ და არა იმაში, რომ მან იგი (ღმერთმა დაგვიფაროს) ხელისუფლებაში ჩაანაცვლოს.
თუ ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოზიციას შეიცვლის და ცივილიზებული, ანუ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო პატივისცემის პოზიცია ექნება მომავალში, მეც ამის შესაბამისად შევიცვლი მის მიმართ დამოკიდებულებას“, – წერს ბარამიძე.
რუსი პოლიტიკოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15 თებერვლამდე იქნება. 29 იანვარს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, თუ საბოლოო პროცესზე სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო, მაშინ მას 3.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ფაქტია, ნავალნის მოქმედება რუსეთისთვის უპრეცედენტოა და იმედია, მისი ძალისხმევა პუტინის რეჟიმის დასასრულს მართლაც დაუდებს სათავეს, რაც შეეხება საქართველოსადმი მის დამოკიდებულებას, თუკი „დრაკონის მკვლელი დრაკონად იქცევა“, ვფიქრობ ნავალნი ბევრად უფრო ნაკლებად ყრუ კედელი იქნება საქართველო-რუსეთის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის აღდგენის გზაზე.