მიმდინარე წელს საქართველოში მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრება
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
დღეს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველაზე აქტიური თემა მაინც ვაქცინაციაა, რომლისთვისაც ძალიან სერიოზულად ემზადება სათანადო უწყებების პერსონალი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით,
საქართველოს მთავრობამ დღეს კოვიდ -19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. იმ ვაქცინით, რომლის შენახვაც მინუს 80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება: „მინუს 80-გრადუსიან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება რაიონებში გართულდება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში. ამისთვის სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჰოსპიტლები შეირჩა და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება“.
რაც შეეხება +2 და +8-გრადუსიან ვაქცინებს, მათი გამოყენებით, აცრა ჩატარდება როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის გარკვეულ ეტაპზე მობილური ბრიგადების მობილიზებასა (იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში იმყოფებიან) და ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას (მასობრივი ვაქცინაციის ეტაპისთვის) განიხილავს.
„ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება. ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან. კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები, მათ შორის ის პირებიც, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. არ იგეგმება ბავშვების აცრა. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
საქართველოს პირველ ეტაპზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რამდენიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის შემოვა. ჯერჯერობით საუბარია P-ის ვაქცინაზე.
„ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია, მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობდა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.გამყრელიძის განცხადებით, გეგმა, რომლის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, ხოლო უნდა დამტკიცდეს მთავრობის სხდომაზე.
„2.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა ქვეყანაში და იმის 60-65% არის 1.6 მილიონი ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ვაქცინის დაახლოებიით 900 ათასი დოზა, რადგან ორჯერ კეთდება აცრა და გარკვეული დანაკარგია ხოლმე ვაქცინაციის დროს“ -განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
„რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება -70-იანი -20-იანი თუ +2 -+8-გრადუსიანი, ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული. შესაბამისად გათვლილია ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ – მასობრივი ვაქცინაციისას. მოკლედ, უკვე გაირკვა დეტალები“, – ამბობს გამყრელიძე. ამასთან, უკვე გაწერილია, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია, ასევე, თითო ბრიგადას დღეში რამდენი ადამიანის აცრა შეუძლია.
როგორც უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი P-ის პრეპარატთან დაკავშირებით პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.