გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმაზე
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დამტკიცდა.
პრემიერმა ისაუბრა გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.
– მოგეხსენებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე მუშაობის დასრულებისა და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. 15 დეკემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ – ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრივობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.
– ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. საქართველო, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია კოვაქსის პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ 5-6 თვის წინ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ-ნახევარი ვაქცინა. ჩვენ შესაბამისი ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. ახლა მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში. დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია, ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით. ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ, ფაქტობრივად, მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ. გარდა ამისა, მთავრობა განაგრძობს ორმხრივ მოლაპარაკებებს მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა სხდომაზე, ასევე, განცხადება გააკეთა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან საერთაშორისო სასამართლო პირველად მისცემს შეფასებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.
„ეს გადაწყვეტილება არის და იქნება შედეგი 12-წლიანი შრომისა, ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ ეს კომპენსაციაა ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს, ძირითადად, იქნება საფუძველი, საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის. ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის პირველი შეფასება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით, უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის კუთხით, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამ ნაწილში გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და ჩვენს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს არის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ, უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირველ ვიცეპრემიერად წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც ეკონომიკური მიმართულების კურატორი იქნება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, ისე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება. გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით საერთაშორისო ურთიერთობებს სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
– ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია – რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება – საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით, პირველ ეტაპზე, უნდა გადაიდგას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა, ამასთან, თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. გეგმაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც იმსჯელებენ. გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.