21 იანვარი ისტორიული დღეა – საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ, 12-წლიანი დავის შემდეგ, დღეს მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთს მიერ.
„სტრასბურგის სასამართლოში ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორის დავაში – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას ცალკეული მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები – წამების აკრძალვა, კონვენციის მესამე მუხლი. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის დაკავების, ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მეორე – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, კონვენციის მეხუთე მუხლი, რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ, აგრეთვე, გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა. მესამე – მიმოსვლის თავისუფლება, კონვენციის მეოთხე, დამატებითი ოქმის მეორე მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, მერვე მუხლი და საკუთრების უფლება, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. „ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი გამოძევებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდება მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები. მეოთხე – სიცოცხლის უფლება, კონვენციის მეორე მუხლი, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები, აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას.
მეხუთე, რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის, სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს. ზურაბიშვილის თქმით, სწორედ მათი დიდი წვლილია ამ გამარჯვებაში. „დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ, ბრიუსელში, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ იქიდან, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც მსხვერპლი ამ ომის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება. მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ მათ ეკუთვნით ძალიან დიდი წვლილი ამ გამარჯვებაში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
,,მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო, ხოლო მათ, ვინც ამ ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დაღუპული გმირების ღირსებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე.
კითხვაზე, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობოების დაშვების საფუძველი, წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს დოკუმენტი ამ და სხვა ბევრი მიზნის მისაღწევად ძალიან მყარი საფუძველია.
„მყარი იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეზოლუცია. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს განაჩენი, რომელიც პირწმინდად სასარგებლოა საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ამჟამად ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიების საქმე მიმდინარეობს და ჩვენ ვიმედოვნებდით და მიფიქრია იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსულიყო ჰააგის ვერდიქტამდე. ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესში და დღეს ეს ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მხედველობაში იქნება მიღებული ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებისას“, – განაცხადა წულუკიანმა.