მალე აჭარაში ღია კაფეები გაიხსნება
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით. კერძოდ, ქალაქების ნაწილში პირველი თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ნაწილში კი პირველი მარტიდან.
“აჭარაში პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნას შევძლებთ. თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან ნებისმიერი სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება”, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე.
მისივე თქმით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, 1-ლი თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა:
“1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მობილობის შესამცირებლად, ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ბავშვებს, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მათი დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან”.
“სკოლების გახსნის პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას კორონავირუსზე, ორ კვირაში ერთხელ”, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მან ასევე დაამატა, რომ: „პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე”.
რაც შეეხება ღია და დახურულ ბაზრებს, მათი გახსნა, ყველა ქალაქში, 15 თებერვლიდანაა დაგეგმილი.
ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე, პირბადის ტარების წესი.
ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქების პარალელურად, მნიშვნელოვანია ვირუსის ინტენსიური გავრცელების პრევენცია, ამიტომ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დაადგინეს.