„ელისაშვილი და იოსელიანი, გაკოტრებული პოლიტიკური იდეებით, გაერთიანებული ოპოზიციისგან განცალკევებულნი აღმოჩდნენ“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა, უთანხმოებაა ,,მოქალაქეების” ლიდერებსა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანისგან განსხვავებით, პარლამენტს მიმართეს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ელისაშვილმა ,,ქართულ ოცნებასთან” აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლაში ,,ევროპული საქართველოს” ლიდერები დაადანაშაულა. თავად ალეკო ელისაშვილს კი ბრალი დასდეს იმაში, რომ პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს და ,,ქართული ოცნების” დაკვეთას ასრულებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასთან, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ,,ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა.
რას ფიქრობენ განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციაში? ამაზე და საკუთარი პარტიის პერსპექტივებზე საუბრობს ჩვენთან „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.
– ირაკლი, დავიწყოთ ელისაშვილის და იოსელიანის მმართველ პარტიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარით.
– ეს იყო კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც გაითამაშა ორივე მხარემ, რათა სახე შეუნარჩუნდეთ ამ პოლიტიკოსებს, თუმცა ყველასთვის ნათელია, რა გზას დაადგება „მოქალაქეთა“ პარტია. მოგეხსენებათ, მმართველი პარტიის სპიკერმა ღიად განაცხადა, რომ ელისაშვილის მოთხოვნების მიღება მათთვის გამორიცხულია. აქ არ იყო საუბარი ვადამდელ არჩევნებზე, სხვა მოთხოვნებსაც კი არ დააკმაყოფილებენ.
– ცოტა დავიბენი, თუკი არ დააკმაყოფილებენ, გამოდის, არც ეს ადამიანები შევლენ პარლამენტში.
– ჩვენ უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით ელისა შვილის პოზიციას. ნათელია, რომ სურს პარლამენტში შესვლა, მაგრამ ამასთან, არ უნდა შავად გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თავის თამაშს თამაშობს „ქართული ოცნებაც“, ეს ხალხი ოპოზიციად რომ გაასაღოს. არადა, ყველა ხედავთ, რომ აღარავინ აღიქვამს მათ ოპონენტებად და როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების თვალში ნდობა აბსოლუტურად დაკარგეს.
– ე.ი. საბოლოოდ „გარიცხეთ“ ოპოზიციიდან?
– დიახ, ასე ვთქვათ, ყველამ გავრიცხეთ ალეკო ელისაშილი. ერთადერთი კოლეგაპარტია ჰყავდა შემორჩენილი – იაგო ხვიჩიასეული „გირჩი“ და იმანაც ოფიციალურად განაცხადა უარი „მოქალაქეთა“ პარტიასთან თანამშრომლობაზე, გაემიჯნა ელისაშვილის დესტრუქციულ პოზიციას, მის აბსურდულ ტელეგამოსვლებს და კომენტარებს.
– მამუკა ხაზარაძემ პირველი არხის ტელეეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილი გამოიქცა გემიდან, რომელიც იძირება და საქართველოში დღეს ამინდს ქმნის ოპოზიცია. რამდენად ეთანხმებით თქვენი ლიდერის კომენტარს?
– ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია, მამოძრავებელი ძალა იყო. სწორედ მის გამო უჭერდა მხარს მოსახლეობა მმართველ გუნდს, ამიტომ მიიღეს ხმათა გარკვეული ნაწილი და ამით გამაგრდნენ ქვეყნის სათავეში უკვე მესამეჯერ. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, დღესდღეობით აღარაფერი შერჩა „ქართულ ოცნებას“. ლეგიტიმაციადაკარგული მმართველი პარტია აღარაფერს წარმოადგენს. ამ ფონზე განსაკუთრებული როლი და დატვირთვა შეიძინა ერთმანეთისგან განსხვავებულმა, ფრაგმენტირებულმა, თუმცა მაინც, ქართულმა ოპოზიციამ, რადგან ის გახდა რეალური პოლიტიკური პროცესის მწარმოებელი საქართველოში.
– თქვენ თვლით, რომ „ქართული ოცნება“ აღარაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის გარეშე?
– დიახ, ასე ვთვლი და არა მხოლოდ მე. ასე მიაჩნია მთელ საქართველოს. თავის დროზე, ივანიშვილი დაეხმარა მათ დროებითი მანდატის მოპოვებაში, თუმცა ამ ეტაპზე მისი მხარდაჭერა ამოწურულია. „ქართულ ოცნებაში“ დარჩა ერთმანეთთან დაპირისპირებული რამდენიმე ფლანგი, რომლებიც იბრძვიან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ძალაუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი დაპირისპირება ძალიან მალე გადაიზრდება მძიმე პოლიტიკურ პროცესებში, რაც დაშლის „ქართულ ოცნებას“ და ხელს შეუშლის სახელმწიფოს განვთარებას ეკონომიკური, პოლიტკური თუ საგარეო მიმართულებებით.
– ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკას ბინძურ საქმედ მიიჩნევენ, რატომღაც ასე დამკვიდრდა. . . როგორ ფიქრობთ, პოზიცია უფრო ბინძურად აკეთებს ამ საქმეს თუ ოპოზიცია?
– მე არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს. პოლიტიკა მაშინ იქნება ბინძური, თუკი მას აწარმოებენ ბინძური ადამიანები ბინძური ხელებით. „ლელო საქართველოსთვის“ გუნდის პოზიციაა მუდმივი ღიაობა, საჯაროობა, გულწრფელობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა გამოირჩევა უკვე დამკვიდრებული შაბლონების უარყოფით. ეს მონიტორინგის და კონტროლის საშუალებასაც გვაძლევს, პირველ რიგში, საკუთარ პიროვნებასთან დამოკიდებულებაში, რომ სუფთად, ნათქვამი სიტყვის დაცვის ფასად, ვაკეთოთ საქართველოში ქართული პოლიტიკა. რაც შეეხება შედარებას – ვინ როგორ აკეთებს საქმეს, ოპოზიციას აქვს პრობლემები, ფრაგმენტირებული და ხანდახან პოლარიზებულია. ჩვენ არ ვართ ერთი იდეური თუ პოლიტიკური სხეული, რაც ბუნებრივია. მაგალითად, „ლელო საქართველოსთვის“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალურად არ ეთანხმება რიგ საკითხებში. სწორედ ამიტომ ვართ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს განსხვავებები არის, რასაც მე ნაკლად არ ვთვლი, მაგრამ პარალელურად, „ქართულ ოცნებაში“ ზედიზედ უშვებენ პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ქართულ სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწვება. ის სიბინძურე კი, რაც იქ დუღს ამ პოლიტიკურ მოცემულობაში – კორუფცია, ნეპოტიზმი, სასამართლო თუ პროკურატურის საქმეების უსამართლოდ წარმოება – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მძიმე მორალურ ხრწნაზე მიუთითებს.
– გასაგებია, რომ ყველა ელოდებით დაპირისპირებებს მმართველ პარტიაში, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად მოსალოდნელია დაპირისპირება ოპოზიციაში, თუკი მისი ნაწილი მაინც შევა პარლამენტში?
– თუკი ოპოზიციაში მოხდება დაპირისპირებები და მისი ნაწილი, არაარგუმენტირებულად, დაუსაბუთებლად, მაინც შევა პარლამენტში, ცხადია, ეს გამოიწვევს წინააღმდეგობებს, აზრთა სხვადასხვაობას საჯარო დისკუსიებში და ერთიანობის დაშლას. ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ხდება. რაც შეეხება ელისაშვილს და იოსელიანს, გაკოტრებული პოლიტიკური იდეებით, გაერთიანებული ოპოზიციისგან განცალკევებული აღმოჩდნენ.
– თუკი სხვებიც მიბაძავენ ელისაშვილს?
– იმათაც დავუპირისპირდებით. ასე იქნება მანამ, სანამ პარლამენტში შესვლა არ იქნება არგუმენტირებული მოსახლეობის და ქვეყნის რეალური კეთილდღეობით.
-„ქართული ოცნება“ გადაჭრით უარყოფს არჩევნების გაყალბებას და ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც არ სურს, საერთაშორისო ორგანიზაციებიც იგივე აზრზე არიან. მაინც რა გზებით ფიქრობთ სასურველის მიღწევას?
– ჩვენ ვთვლით – არჩევნები გაყალბდა. იგივეს ამბობენ ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, უბრალოდ უფრო შეფარული ტექსტით. ისინი პირდაპირ ვერ გამოაცხადებენ, არჩევნები გაყალბდაო.
– რა უშლით ხელს, პირში თქმა ერიდებათ?
-ეს არ არის ის დიპლომატიური ოფიციალური ენა, რომლითაც საუბრობენ ელჩები. ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები იტყვიან პირდაპირ, არჩევნები გაყალბდაო. თუმცა, მათივე დასკვნებში ვკითხულობთ: „არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე“.
– მაშინ ისიც აგვიხსენით, რას გულისხმობენ „მნიშვნელოვან“ დარღვევებში?
-ეს ნიშნავს ისეთ დარღვევებს, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე, ძირეულად შეცვალა ქართველი ამომრჩევლის ნები შედეგი. მთავრობაში უმრავლესობით გავიდა ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ელექტორატის უმეტეს ნაწილს კენჭი არ უყრია. რამდენი პროცენტი დამალეს, რამდენი მიიწერეს, ახლა ვერ გაარკვევ. მას შემდეგ, რაც გაყალბდა, გადაიწერა ოქმები, შესწორების ოქმები გამოვიდა, ანუ ყველაფერი აირია. ასობით საჩივარი და სარჩელი შევიდა საოლქო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სასამართლოში, რომელიც არც კი განუხილავთ.
– მმართველი პარტია ამბობს, რომ სადაც გადათვლა მოხდა, იქ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმები აღმოჩნდა დაკარგული. თანაც ხომ შემოგთავაზათ კენჭისყრის შედეგების გადათვლა.
– სხვას რას იტყვიან. სწორედ იმ ერთეულ უბნებზე, სადაც ხმები გადათვალეს, ძალიან მძიმე მოცემულობა იყო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ოპოზიციის სასარგებლოდ. კარგად რომ ჩაასწორეს ყველაფერი, მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვთავაზეს გადათვლა. ჩვენ რატომ უნდა დავთანხმებულიყავით?! ამ პროცესში განსაკუთრებით გაიძარცვა პროცენტულად მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიები.
-„ლელო საქართველოსთვის“ რა პლატფორმაზეა ამჟამად? ახალჩამოყალიბებულმა პარტიამ ვერ შეძლო სათანადო რაოდენობის ხმების მოგროვება, თანაც იმ ორიოდ ხმის ლეგიტიმაციაც არ მოახდინა, რომლითაც გავიდა პარლამენტში. დაშლის საფრთხის წინაშე ხომ არ დგახართ?
-„ლელოს“ გუნდი იმ ადამიანებისგან შედგა, რომლებიც წლების განავლობაში იბრძოდნენ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროდან ( ადვოკატურა, მწერლობა, პოლიტიკა, ბიზნესი და ა.შ.). ჩვენი პარტია დაკომპლექტებულია ისეთი პიროვნებებისგან, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული არა პარლამენტში შესვლა, არამედ ქვეყნის გადარჩენა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ორგანიზაციული სტრუქტურების მშენებლობის პროცესში. ვაპირებთ შევქმნათ დიდი პოლიტიკური ინსტიტუცია, რასაც ეწოდება დემოკრატიაზე დაფუძნებული ნამდვილი პოლიტიკური პარტია. მათ შორის აჭარაში ჩამოვაყალიბებთ რეგიონულ, საქალაქო, რაიონულ სტრუქტურებს, რომლებიც მთლიანად მოიცავს ავტონომიურ რესპუბლიკას. ეს ჩვენი პასუხია გაყალბებულ არჩევნებზე, რაც ნიშნავს, რომ კი არ დავიშლებით და გავნადგურდებით, პირიქით, გავძლიერდებით და უფრო მასშტაბური ფრონტით შევუტევთ იმ ცრუ იდეოლოგიას, თავს რომ გვახვევენ „ქართული ოცნების“ წევრები.
– შემოდგომაზე გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხმების დათვლის ელექტრონული სისტემით. მიიღებთ თუ არა მონაწილეობას და რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ არჩევნები ისევ არ გაყალბდება?
– სრულიად წარმოუდგენელია ამ საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის და კანონმდებლობის პირობებში, როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ჯერ ისევ მსჯელობის საგანია როგორც პარტიაში, ისე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. როგორ მოვიქცევით, ამას დრო გვაჩვენებს. თუკი მზად იქნება ხელისუფლება, შეცვალოს უსამართლო საარჩევნო სისტემა, ცხადია, მივიღებთ მონაწილეობას, თუ არადა, დავრჩებით ბოიკოტის რეჟიმში მანამ, სანამ სათანადოდ არ შეიცვლება მთელი ეს სფერო. მთავარია, აღდგეს ნდობა არჩევნების მიმართ, თორემ არა მხოლოდ ოპოზიცია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც არ მივა არჩევნებზე.
– როდემდე აპირებთ ქუჩის აქციების გაგრძელებას?
– არ ვაპირებთ შეწყვეტას. აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურია ბათუმი, რადგან აქ ორმაგად გაყალბდა არჩევნები. ჩვენმა კანდიდატებმა ხმები დაკარგეს როგორც უმაღლეს საბჭოში, ისე პარლამენტში. აქ დგას მოსახლეობა და სურს, არ დასრულდეს პროტესტი ამ ნაწილში. აღვნიშნავ იმასაც, რომ დავდგებით მანამ, სანამ მიზანშეწონილად ჩავთვლით. რაც შეგვეხება „ლელოს“, როგორც გითხარით, ჩვენ ვდგავართ ქუჩაშიც და ვაქტიურობთ სტრუქტურულად ჩამოყალიბების კუთხითაც, რათა კიდევ უფრო ძლიერად წარმოვადგინოთ საკუთარი ძალები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ისევ ახალი პარტია ვართ, რომლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

