მინდია დიასამიძე: მინდა იცოდნენ, რომ ჩემთვის არ არსებობს სამუშაო საათები, მზად ვარ, მათ გვერდით ვიდგე სულ, 24/7-ზე
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
დეკემბერს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ, 18 ხმით, მინდია დიასამიძე აირჩიეს. მანამდე ის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ,,აჭარამ” მინდია დიასამიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.
– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან საპასუხიმგებლო საქმეა, თუმცა მომწონს საკრებულოში მუშაობა. აქ არის იმის საშუალება, რომ უფრო ახლოს ვიყო მოსახლეობასთან, მქონდეს აქტიური ურთიერთობა თითოეულ მათგანთან, მოვისმინო პრობლემები და მოვაგვარო ისინი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ გვყავს პროფესიონალი გუნდი, რომელთან ერთადაც ნაყოფიერად ვმუშაობთ. ეს ყველაფერი კი ძალიან სასიამოვნოა.
– როგორც ვიცით, საკრებულოში არჩევამდე ბიზნესით იყავით დაკავებული, ხართ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი.
– ყველაფერი ნელ-ნელა გამოვიდა. დავიწყე საკანცელარიო ნივთებით, შემდეგ კი უფრო გავაფართოე ჩემი ბიზნესი, რომელშიც ჩაბმული იყო მთელი ოჯახი. დავიწყე იმპორტზე მუშაობა. საქონელი შემომქონდა აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შემდეგ უკვე ჩინეთიდანაც, აზიიდან და შემიძლია ვთქვა, რომ დიდი წარმატებით ვუძღვებოდი ბიზნესს. დავაფუძნე კომპანიებიც. სწორედ აქედან დამიგროვდა გარკვეული კაპიტალი. ვიცი, იყო საუბარი არა მარტო კომპანიებზე, არამედ ბინებზეც, რომლებსაც ჩემი ოჯახ ფლობს. . . ეს ყველაფერი შევა დეკლარაციაში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საკრებულოში მოსვლამდე უკვე ვიყავი ფინანსურად წელგამართული.
– ბოლო სხდომაზე დაამტკიცეთ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რაზე გაკეთდა აქცენტი 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში?
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 20 მილიონ 418 ათასი ლარით, საიდანაც 3 მილიონი ლარი არის ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის. მოგეხსენებათ, სტიქიურმა მოვლენებმა მრავალი ოჯახი დააზარალა, ამიტომ, პირველ რიგში, ამ ყველაფრის მოგვარებაა საჭირო. ვიცით, შეიძლება არ არის საკმარისი, მაგრამ საკრებულო, მერიასთან ერთად, აკეთებს მაქსიმალურს. ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის, ჩვენ მედიკამენტებით უზრუნველვყოფთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ასევე, მოსაწესრიგებელი დაგვრჩა ზოგიერთი სოფლის გზა. ამ პრობლემის მოგვარებაც გათვალისწინებულია ჩვენს ბიუჯეტში. 2021 წლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მთლიანად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე, თუმცა ახალი კორონავირუსის არსებობამ ბევრი რამ შეცვალა.
– პროგრამებზე მინდა გკითხოთ, რა მიმართულებებზე მუშაობს საკრებულო, რა პრობლემებია მუნიციპალიტეტში მოსაგვარებელი?
– პროგრამების განხორციელება, ძირითადად, იყოფა ოთხ ეტაპად: წყალმომარაგება, გზები, გარე განათება და ფერდსამაგრები. ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც გვთხოვდა მოსახლეობა. თუმცა ყოველ წელს იცვლება პრიორიტეტი. მაგალითად, 2017 წელს ეს იყო წყალი, მაგრამ 2018-2019 წლებში – შიდა გზები და გარე განათება. 2021 წლისთვის პრიორიტეტი არის ფერდსამაგრები, შიდა გზები, სოციალური და კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ასევე, ვმუშაობთ ორი სოციალური სახლის პროექტზე, რომლებიც აშენდება ერგესა და კაპრეშუმში. 70-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახია, რომლებიც უნდა უზრუნველვყოთ ბინებით.
– რა არის მუნიციპალიტეტისთვის ამ წლის მთავარი გამოწვევა?
– მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევად რჩება კოვიდ-19 და სოციალური პრობლემები. წინა წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვამარაგეთ მოსახლეობა მედიკამენტებით, პროდუქტით და მათთვის საჭირო ნივთებით. ასევე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის შიდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელთა მოგვარებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.
– როგორ უმკლავდება ხელვაჩაური კორონავირუსს ?
– ვფიქრობ, ამ გამოწვევას ვართმევთ თავს. შარშანაც და წელსაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავურიგეთ ამანათები, ვინც კი მოგვმართა, ყველა უზრუნველვყავით საჭირო და აუცილებელი პროდუქტით. უკმაყოფილოც არავინ გვყავს. მთავრობა გვეხმარება ძალიან და მაქსიმალურს ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისათვის.
– თუმცა ოპოზიცია სულ სხვა რამეს ამბობს, ისინი თვლიან, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ გაართვა თავი ამ გამოწვევას.
– სად არის ოპოზიცია მაშინ, როცა ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, როცა ვსაუბრობთ მოსახლეობაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე? ერთი რამის თქმა შემიძლია, უკვე დიდი ხანია საკრებულოში ვმუშაობ, თუმცა, რატომღაც, ოპოზიცია არასდროს მონაწილეობს იმ მთავარ ნაწილში, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის, არასდროს მონაწილეობს ბიუჯეტის და მასში შესატანი ცვლილებების განხილვაში. აქედან გამომდინარე, არც მიკვირს, რომ ისინი ამით მანიპულირებენ.
– როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტისთვის რა არის ის მთავარი მიმართულება, რომელიც უფრო მეტად უნდა განვითარდეს ?
– უპირველესად, ეს არის ტურიზმი, თუმცა მისი განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მაჭახლის ხეობისთვის სტატუსის მისანიჭებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამ ხეობის მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ხელვაჩაურისთვის. აღნიშნულის თაობაზე სულ მალე იმსჯელებს პარლამენტი. როდესაც ხეობას მიენიჭება სტატუსი, უფრო გააქტიურდება ტურიზმიც. ვცდილობთ, ავითვისოთ სხვადასხვა მიმართულება, თუმცა ტურიზმის განვითარება დამოკიდებულია კერძო სექტორზეც. ვფიქრობ, სულ მალე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი წარმატებული არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
– დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენი გაზეთის მეშვეობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას?
– ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ როგორც აქამდე, ახლაც აქტიურად გავაგრძელებ მათთან მუშაობას, მოვისმენ მათ პრობლემებს, თხოვნებს და მაქსიმალურად გავითვალისწინებ. მინდა იცოდნენ, რომ ჩემთვის არ არსებობს სამუშაო საათები, მზად ვარ, მათ გვერდით ვიდგე სულ, 24/7-ზე.