მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა ბულვარის მეორე ზოლში ყოვლად დაუშვებელია!
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
„კერძო მესაკუთრის უფლება მთავრდება იქ, სადაც თუნდაც ერთი მოქალაქის უფლება იწყება“
23 იანვარს ბათუმელები აქციაზე, ზღვისპირა პარკის კოლონადებთან, შეიკრიბნენ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში 16-სართულიანი სასტუმრო „ამბასადორი – ბათუმის“ მშენებლობის ნებართვის გაცემა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში, ბულვარის მეორე ხეივანში, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მსგავსი მაღლივი ნაგებობების არსებობა დაუშვებელია. ბულვარის განაშენიანების გენგეგმის დამტკიცებამდე, აქ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო დაუშვებელია, ამიტომ აქციის მონაწილეებმა მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს. ითქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას ისინი სასამართლოში ასაჩივრებენ.
გთავაზობთ აქციაზე გამომსვლელთა სიტყვებს.
ზეინაბ დიასამიძე, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოება „დაიცავი ძველი ბათუმის“ წარმომადგენელი:
– თავდაპირველად, როგორც ექიმმა, მინდა გთხოვოთ, რომ დაიცვათ დისტანცია, ყველამ ისარგებლოთ ნიღბით, მეგაფონი კი ყველა გამომსვლელის შემდეგ გაიწმინდება. . . დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ხმამაღლა განვაცხადოთ: 16-სართულიანი შენობა არ უნდა იდგეს ბათუმის რეკრეაციულ ზონაში, შუაგულ ბულვარში. ჩვენ, საზოგადოება, ამისთვის სამართლებრივადაც ვიბრძოლებთ. ნამდვილი ბათუმელები ერთმანეთს სიყვარულში ეჯიბრებიან, ისინი კი, ვინც ასეთ ნებართვებს გასცემენ – ბათუმის გაყიდვაში, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში. გავიხსენოთ, რომ კერძო მესაკუთრის უფლება მთავრდება იქ, სადაც თუნდაც ერთი მოქალაქის უფლება იწყება. ასე რომ, ნურავინ გვემუქრება და გვაშინებს, ნუ გვინგრევს ქალაქს და მის მემკვიდრეობას. ეს ქვეყანა, ბულვარი ყველას საკუთრებაა, ვისაც კი გული შესტკივა აქაურობაზე. ზღვისპირა პარკი ულამაზესი საუკუნოვანი ხეებით განაშენიანებული ადგილია და გონს მოეგონ, შეწყვიტონ ადამიანის უფლებებზე და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე შეტევა. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით. ეს ბულვარი დიდებულმა, ძალიან კარგმა ადამიანებმა თავიანთი გემოვნებით, შრომით, ოფლით გააშენეს და ქვეყანას, ქალაქს აჩუქეს. მისი ასეთი სახით არსებობა დღეს ისევ საშიშროების წინაშე დადგა. ბულვარი ის ადგილია, რომელთანაც თითოეულ ჩვენგანს თბილი მოგონება გვაკავშირებს, მაგრამ გადავდოთ სენტიმენტები გვერდით, აქ, ახლა, უპირველეს ყოვლისა, კანონი ირღვევა მატერიალურ-კულტურული ძეგლის შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხიმგებელნი, დაიცვან ქალაქი და მისი კულტურული მემკვიდრეობა, დასტურს აძლევენ, ეთანხმებიან ამას. სწორედ ამან გაგვაბრაზა, აღგვაშფოთა ბათუმელები და მოგვიყვანა აქ. კარგად გვახსოვს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დროს როგორ გაიკაფა სულიკო ჟღენტის სახელობის სკვერი და როგორ ვიცავდით მაშინ მას. არაფერი შეცვლილა, პირიქით, ახლა ცენტრალურ, მეორე ხეივანში შენდება მაღლივი კორპუსი. აღარაფერს ვამბობ მის ვიზუალურ და ესთეტიკურ მხარეზე. კანონთან ერთად, ირღვევა ჩვენი უფლებებიც. ბათუმელებო, ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, მოვთხოვოთ მათ, დაიცვან ჩვენი უფლებები და ჩვენი საუნჯე, რასაც ბულვარი ჰქვია. ყველა გულანთებულ ბათუმელს გთხოვთ, დღეს თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, ჩვენ ბულვარის დასაცავად ვართ შეკრებილნი. გავერთიანდეთ ამ მიზნის ირგვლივ. არავის მივცეთ მისი დამახინჯების უფლება.
ირმა ზოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება „ბათომის“ წევრი:
– საზოგადოება დღეს უფრო ფხიზლადაა, რადგან გადაცდომების შედეგსაც ხედავს. ამიტომ ბათუმელები უფრო მკაცრნი იქნებიან. ჩვენ სამართლებრივად ვიბრძვით. პროცესი გრძელდება. . . „შერატონის“ მაგალითზე უკვე ვიცით, რას ნიშნავს კერძო ინვესტორის შემოჭრა ბულვარში და იგივეს აღარ დავუშვებთ. „ამბასადორის“ მშენებლობა უნდა გაჩერდეს, ინვესტორისთვის ისედაც დიდი პატივია, რომ ბულვარში ექნება შენობა, სივრცე, რომელიც ჩვენ, ბათუმელებს გვეკუთვნის. გენგეგმა დაიდოს. . . ეს სივრცე არ არის თორნიკე რიჟვაძის და ზაურ ახვლედიანის, ეს საზოგადოებრივი სივრცეა, კეთილი ინებონ და დაიცვან, გააკეთონ ის, რაც ევალებათ. აქაურობა ყველას ერთნაირად სჭირდება – ბავშვსაც, დიდსაც და ხანდაზმულსაც. აქ უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა და იყოს ბედნიერი, რის საშუალებასაც, სამწუხაროდ, არ გვაძლევენ. მაქსიმალურად გვავიწროებენ, რისთვისაც გვიწევს ბრძოლა და რაც მთავარია, ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ სათავეში ჩვენი ინტერესების გასატარებლად. როდის უნდა დამთავრდეს ეს სისტემური დანაშაული? ფაქტია, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან შეიცვალა, ძალიან ბევრი დავკარგეთ, მზე უკვე ძალიან ვიწრო სივრცეებში გვაქვს. რას გვთხოვენ, მაინცდამაინც კარვები გავშალოთ, კანონი დავარღვიოთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ? ჩვენ დავიცავით ეს ხეივანი, დავიცავით „რვაფეხა. . .“ აქ სამი სართული და მანსარდა უნდა აგებულიყო. უკვე მეოთხე სართული აიგო. ეს ხელისუფლება უნდა აჯარიმებდეს ამ ადამიანს, რადგანაც შენობა გასულ წელს უკვე ექსლუატაციაში უნდა შესულიყო. ბათუმელებმა კარგად იციან, რა იყო აქ თავის დროზე – სტადიონი, საცურაო აუზი, ბალნეოლოგიური პოლიკლინიკა, ბავშვებისთვის შესანიშნავი ავტოდრომი. ახლა ყველა ხედავს, რაც ხდება ამ ადგილზე. . . ნელ-ნელა შეგვავიწროვეს. . . ხელისუფლება საზოგადოების სახელით ხელს აწერს ამ უმსგავსობაზე და რაც მთავარია, საზოგადოების პროტესტის ფონზე. . . . რადგან ეს შენობა კულტურული მემეკვიდრეობის ზონაშია, მასზე ხელის ხლება არ შეიძლება. აქ სასტუმროების აშენება გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს. კვლევა ჩატარდა, ახლა შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს, უნდა დაიდოს კონსერვაციის გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ, მათ შორის ბიზნესმენებმა. რამდენიმე სარჩელი გვაქვს შეტანილი, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს შესაძლებლობა, უარი თქვას იმ აბსურდულ მოსაზრებაზე, რომ მას „მოსწონს“ და იმოქმედოს კანონით. იმედი მაქვს, რომ სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ ჩვენ ისევ ერთად უნდა დავდგეთ ამ ლამაზი ქალაქის დასაცავად. ~
ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე:
– საბჭოს წევრი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, მაინც გამოვითხოვე საბუთი და ჩვენს საზოგადოებას დეტალურად მივაწვდი ინფორმაციას აქ მიმდინარე ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური, სახელოვნებათმცოდნეო თუ სხვა საკითხის შესახებ. ბულვარი არის ბათუმელების დასაცავი, თუ მას ნამდვილად აქვს მათთვის კულტურულ-ისტორიული და საზოგადოებრივი ღირებულება. ამ სივრცეს გვართმევენ ვიღაც მდიდარი ადამიანები თავისი ბიზნესის საკეთებლად. ეს არ გამოვა. თუ ნებართვა საბოლოოდ დამტკიცდა და სასტუმრო აშენდა, აქ იქნება ისეთივე „კაზინო“, როგორიც გვაქვს უკვე ამ რადიუსში და არაერთი. არ გვინდა „კაზინოები“ ბათუმის ბულვარში! ერთი წლის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უარი უთხრა ამ კომპანიას მაღლივი კორპუსის მშენებლბაზე, რასაც ახლა უარყოფს. ესე იგი, ჩვენი ხელმძღვანელობის ან პრემიერის სიტყვას, რომელმაც თქვა, ბათუმში უნდა დამთავრდეს ფულის კეთებაო, ვერ უნდა ვენდოთ? დიახაც, უნდა დამთავრდეს ფულის კეთება კულტურული მემკვიდრეობების ხარჯზე. ეს თქვენს გარეშე არ გამოვა, ბათუმელებო, ერთად უნდა დავდგეთ. საქართველო მიერთებულია ძალიან ბევრ კონვენციას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში და თუ ჩვენი სახელმწიფო აპირებს 2024 წლისთვის გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე, მაშინ კეთილი ინებოს და შეასრულოს ეს კონვენციები, მათ შორის, ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ. თუ არ გავითვალისწინებთ იმ ღირებულებებს, რაც დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია ევროპისათვის, იქ არავინ მიგვიღებს. ხუთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების საკითხს.
აზა გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი:
– უნდა შევძლოთ და დავიცვათ ჩვენი ბათუმი. არავის უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ისტორიული ღირებულება, კულტურა წაშალონ, დაამახინჯონ და ამოიღონ იმ ქალაქების სიიდან, რომლებსაც პატარა, კოხტა, კულტურული ქალაქი ჰქვია. ამას აკეთებენ დღეს, არღვევენ კანონებს და არც კი გვეკითხებიან, ისე აძლევენ ვიღაც ინვესტორებს, ყიდიან ქალაქს. და ამას მთავრობა ეკონომიკური განვითარების და ქალაქის გადარჩენის სახელით ფუთავს. ყოჩაღ მაგათ. კანონი ირღვევა, ვიღაც ფულს აკეთებს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყოველთვის!
თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი:
– დღეს დავინახე, რომ მომავალი ჩვენია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს, აქ ბევრი ადამიანია, ვინც შორი მანძილიდან ჩამოვიდა. მახსოვს, წლების წინ როგორი იყო ბათუმის ბულვარი და როგორი ხდება ის თანდათან. არადა, ის ხომ ჩვენი, ხალხის საკუთრება, ისტორიის საკუთრებაა. სწორად აღნიშნა შოთა გუჯაბიძემ, რაც ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ხელუხლებელი უნდა გადავცეთ ჩვენს შემდგომ თაობებს. რა ხდება დღეს? ნელ-ნელა იპარებიან შუა ბულვარში, აშენებენ სასტუმროებს და არავინ ფიქრობს, რომ ეს არის ძეგლი ხელუხლებელი. არავის აქვს უფლება, ხელყოს იგი, მით უმეტეს, ამას არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რომელიც მას უნდა იცავდეს. . . მივმართავ მათ: ის სკამი, რომელზეც დღეს ზიხართ, თქვენთვის არ დაუტოვებიათ მემკვიდრეობით. ამ სკამებზე დაგსვათ ხალხმა არა იმიტომ, რომ საკუთარ ინტერესებს ემსახუროთ და თქვენს კეთილდღეობაზე იზრუნოთ, არამედ იმიტომ, რომ გაალამაზოთ, გააუმჯობესოთ ჩვენი ქალაქი. ქალაქი კი მოსახლეობაა. ნუ იფიქრებთ, რომ დღეს ჩვენ აქ ცოტანი ვართ – ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩამოყალიბდება სერიოზული მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბათუმის დამახინჯების პროექტის განხორციელებას!

