„საქართველოს ბავშვებს არ უნდა დავუკარგოთ ქართული ბრენდი „ბასტი-ბუბუ“ და მის მიერ ათწლეულობით დაგროვილი გამოცდილება“
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
„ხელწერებიც შევიტანეთ გახარიასთან, ბევრმა პირადად სთხოვა. . .“
სამწუხაროდ, დღეს აღარავის უკვირს ინგლისურად, რუსულად თუ ჩინურად მოლაპარაკე ბავშვები, მშობლიურ ენაზე რომ ორ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთს. კოვიდვითარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა პრობლემა, რადგან ქართულ ენაზე, პრაქტიკულად, არ არსებობს ახალი მულტფილმები, გადაცემები თუ სიმღერები. „იუთუბს“ქართული მულტფილმი რომ მოვთხოვე, 1967 წელს გადაღებული „წუნა და წრუწუნა“ ჩამირთო. მე სიამოვნებით ვუყურებდი, პატარებმა კი ამბოხი მომიწყვეს, სასწრაფოდ გადამირთეს „ფისტიკებზე“ და დაძაბული უსმენდნენ რუსულად გახმოვანებულ ჭანჭიკებს. თუ დააკვირდით, ამ საახალწლოდ რა სიმღერები ისმოდა? ძველთაძველი და ისიც საეჭვო ხარისხით შესრულებული. ჩვენი ბავშვების ქართული სამყარო გაღარიბდა, მწირი, ფრაგმენტული ჩარევა ვეღარ შველის. ფაქტია, აქ სერიოზული დეფიციტი შეგვექმნა, რაც მკვეთრად დაგვანახა სახლებში ჩაკეტვამ. სკოლებს თუ საბავშვო ბაღებს მოწყვეტილი ბავშვები უცხოენოვან კულტურას ავტომატურად ეზიარებიან, რადგან მრავალრიცხოვანი საინფორმაციო საშუალებების საეთერო ბადეში, მათთვის განკუთვნილი, არაფერია.
ამ ფონზე გამახსენდა „ბასტი-ბუბუ“, რომელმაც გააფერადა 90-იანი წლების შავბნელი დღეები და ყველასათვის საყვარელი გადაცემა გახდა. დავუკავშირდი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პროდიუსერს, ჟურნალისტ თამარ სხვიტარიძეს, რომელმაც გულისტკივილით მითხრა, რომ დიდი პრობლემები აქვთ.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ბასტი-ბუბუ ქართული სიტყვაა და ჟრიამულს, ბავშვების აურზაურს ნიშნავს. გადაცემა ამ სახელწოდებით, პირველად ეთერში 1992 წლის 10 მაისს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გავიდა. მოგვიანებით, 1996 წელს, მან ფორმატი შეიცვალა და „ძილისპირულის“ ტიპის საღამოს გადაცემა გახდა, რომლის მთავარი გმირები, თოჯინები — ბასტი და ბუბუ იყვნენ. აღარ გადაგღლით სრული ისტორიის შეხსენებით, ვიტყვით მხოლოდ, რომ სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ფორმატით ფუნქციონირებდა „ბასტი-ბუბუ“ საქართველოს ტელე-არხებზე, 2010 წელს კი თანამშრომლობა დაიწყო ტელეიმედთან, რომლის ეთერშიც პირველად გავიდა გადაცემა „თავდაყირა“, ხოლო 2011 წლიდან გადაცემა – „ბასტი-ბუბუ“. 2014 წელს მაუწყებლობა დაიწყო „ბასტი-ბუბუს“ ტელევიზიამ — BBB რომელიც HD ფორმატში მაუწყებლობს და მაყურებელს სამი ფორმატის გადაცემას სთავაზობს უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
– ეთერში გასვლამდე ორი წლით ადრე დავიწყეთ ამ გადაცემაზე მუშაობა. მაშინ მხოლოდ პირველი არხი არსებობდა და შავ-თეთრი კადრებით მუდმივ დაძაბულობას, მიტინგებს, პოლიტიკურ დებატებს აჩვენებდნენ. მე, როგორც ჟურნალისტი, გამანაწილეს ტელევიზიაში და მოვხვდი საბავშვო გადაცემების რედაქციაში, სადაც კეთდებოდა „ძილისპირული“. შემდეგ, ჩემი სამი წლის ნიცასთვის რომ გამეფერადებინა ბავშვობა, გადავწყვიტე ახალი გადაცემის შექმნა. შემოვიკრიბე სპეციალისტები. თავიდან გვინდოდა „ენკი-ბენკის“ დარქმევა, მაგრამ თოჯინების რეჟისორმა გაიხსენა, ჩვენს ოჯახში, როდესაც ბავშვები ხმაურობენ, ეუბნებიან, რა ბასტი-ბუბუ გაგიმართავთო. . . სხვა სახელის ძებნა აღარ დაგვიწყია და გადავედით საქმეზე, – იხსენებს თამარ სხვიტარიძე.
– პერსონაჟების შექმნის იდეა ვის ეკუთვნის?
– ძალიან მომწონდა მულტფილმი „გუდა, გუდა, თოვლის გუნდა“, მოვძებნე მისი მხატვარი ირინა ბარანოვა და შევუკვეთე ბასტის და ბუბუს თოჯინების ესკიზები სხვა პერსონაჟებთან ერთად. ყველაფრის გახსენება შორს წაგვიყვანს, ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენმა მეგობარმა, ბიზნესმენმა გამოგვიგზავნა საჭირო თანხა გადაცემაში დასაბანდებლად. გვითხრა, თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ სრულიად საქართველოს ბავშვებისთვისო. ეს ფული ჩავრიცხეთ „მეტეხი-ვიდეოს“ ანგარიშზე, რომელსაც იმ პერიოდისთვის საუკეთესო აპარატურა ჰქონდა. „ბეტაკამის“ კამერებმა და მაღალი დონის სამონტაჟომ განაპირობა პირველივე გადაცემის ძალიან მაღალი ხარისხი და თავისთავად, დიდი ეფექტი. „ბასტი-ბუბუმ“ მაყურებელზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მეორე დღიდანვე გახდა საოცრად პოპულარული. ახლაც მიკვირს, როგორ ვახერხებდით თვეში ერთი გადაცემის მომზადებას, რომელშიც იყო 5 კლიპი. მსგავსი გამოცდილება არც იყო საქართველოში. სიახლე იყო ისიც, რომ ბავშვებს გამართულად მიჰყავდათ გადაცემა, ენამოჩლექით კი არ იმეორებდნენ დაზეპირებულ ფრაზებს, საკუთარ აზრს აყალიბებდნენ და ზრდასრული ადამიანებივით მსჯელობდნენ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უამრავი მშობელი მოაწყდა სტუდიას, რომელიც მალე გავხსენით. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, 50 ბავშვის ნაცვლად, 150 მივიღეთ. ყოველწლიურად პატარების რაოდენობა იზრდებოდა. იყო პერიოდები, როდესაც 1000-მდე ბავშვიც გვყავდა სტუდიაში. შოუპროგრამებსაც ვაწყობდით როგორც თბილისის ფილარმონიაში, ისე სხვა ქალაქებშიც. ეს კონცერტები დღემდე აქტუალურია, რადგან „ბასტი-ბუბუ“ თავიდანვე დაიბადა მთელი საქართველოსთვის და არა, როგორც პატარა, კერძო სტუდია. „პირატულადაც“ კი ჩამოგვქონდა ჩვენი პატარებისთვის უცნობი „დისნეის“ მულტფილმები და ქართულად ვახმოვანებდით. ყოველწლიურად, ახალ-ახალ ფორმატს ვიგონებდით. პირველი ვიყავით, ვინც დაბადების დღის ცენტრი ჩამოაყალიბა ვაკის პარკში. მოვიფიქრეთ სპეციალური პროგრამა თოჯინებით და სათანადო გაფორმებებით. მაშინ ვთარგმნეთ „დაბადების დღეა“. . . ეს სიმღერა დღესაც შეუცვლელია. 10 წელი ლიდერი ვიყავით ამ ბაზარზე. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე, ჩვენი პროგრამით, სიმღერებით და თამაშებით სარგებლობენ დღის ცენტრებში. იმასაც ვიტყვი – საავტორო უფლება არ წაგვიყენებია არცერთისთვის. გვიხაროდა, რომ გავლენა მოვახდინეთ ბავშვების აღზრდის მიმართულებაზე, მშობლების გემოვნების ფორმირებაზე.
– რამდენად გეხმარებოდათ სახელმწიფო?
– აქტიურად გვეხმარებოდა. პირველი არხი ხომ სახელმწიფო იყო, შემდეგ გადაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებლად. მე გავხდი საბავშვო გადაცემების პროდიუსერი და გავედით საერთაშორისო მიმართულებებზე. ვმოგზაურობდი ევროპაში, დიდი ტელევიზიების ტელეგადაცემებს ვეცნობოდი, ჩვენსას ვთავაზობდი. მაშინ გავეცანი საერთაშორისო დონის კოლეგებს, ბევრი ერთობლივი პროექტი მოვამზადეთ. მათ შორის იყო საბავშვო ევროვიზიაც, რომელიც წარმატებით სარგებლობდა მაყურებლებში.
– პრობლემა რაში მდგომარეობდა?
– უკვე შემდგომ პერიოდში, პირველი არხის მიერ გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი მაღალი ხარისხის გადაცემების გასაკეთებლად. კოსტიუმების, ფონოგრამების, ცეკვების დადგმის ღირებულებას იხდიდა შპს „ბასტი-ბუბუ“, რომელიც გავხსენით ეთერში გასვლის მეორე წელსვე. მასზეა დაფიქსირებული ჩვენი ხარჯით გაკეთებული „ბაბილინას“ და „ბასტი-ბუბუს“ ბრენდი. სახელმწიფოს უკვე აღარ ეცალა ჩვენთვის. რა გვექნა, გაგებით ვეკიდებოდით „არ მოცლას“ და ველოდით უკეთესი დროის დადგომას.
– როგორც ვხვდები, ვერ დაელოდეთ?
– დიახ, ჩვენი გაჩუმება სულ სხვა სიგნალად მიიღეს და დადგა დრო, როდესაც პროდიუსერი თამარ სხვიტარიძე „ინტერესთა კონფლიქტად“ მიიჩნიეს კერძო სტუდია „ბასტი-ბუბუს“ გამო. მთელი ჯგუფი წამოვედით „პირველი არხიდან“. არ გაგვიპროტესტებია, უბრალოდ, დამოუკიდებელი ტელევიზია BBB გავხსენით, რომელიც დღემდე მაუწყებლობს საქართველოს მასშტაბით, ჰყავს მაყურებელი არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც. ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს და ემიგრანტი ბავშვებისთვის საინტერესოა. ისინი სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით სწავლობენ ქართულ სიმღერებს, ლექსებს, ანბანს და მშობლიური ქვეყნის ისტორიას.
– დამოუკიდებლად მაუწყებლობის მიუხედავად, პრობლემა მაინც დაგრჩათ?
– პრობლემა ახლა გაგვიჩნდა, როგორც პატარა კერძო არხს, სადაც 60 თანამშრომელი იღებს ხელფასს. ისინი აკეთებენ შოუპროგრამებს. კარგად იცით, რა ჯდება ყველაფერი ეს. პარალელურად, სახელმწიფოს ვუხდით არენდის თანხას – 13 ათას ლარს. დანაზოგი პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, რადგან მთლიანად ვართ დამოკიდებული მშობლების შემონატანზე, თითოეულისგან ვიღებდით 150 ლარს. როგორ რას ვაწვდენდით, ახლაც ვერ ვხვდები, მაგრამ სწორედ ამ თანხით ვახერხებდით კომუნალური თუ სხვა გადასახადების გადახდას, ხელფასების გაცემასაც და არხის დაფინანსებასაც. ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი რომ ვიყოთ, გადასახადს ვერ გავზრდით. არ გვინდა შევწყვიტოთ კონცერტები, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით ვმართავთ. ჩვენი პირველი ტალღის მონაწილეები თავად გახდნენ მშობლები და უკვე საკუთარ შვილებს გვაბარებენ. ახლაც ძალიან უყვართ თავიანთი „ბასტი-ბუბუ“.
– მაინც რამდენი ბავშვი ეზიარა თქვენს „ბასტი-ბუბუს“?
– მთელი საქართველოს ბავშვები და არა მხოლოდ ის პატარები, სტუდიაში რომ დადიოდნენ. ჩვენი სიმღერები, ლექსები, თამაშები ყველამ იცის ტელევიზიის მეშვეობით. სხვათა შორის, ზემოთქმულთან ერთად ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მზრუნველი მამის ტიპაჟიც ჩვენ შემოვიყვანეთ ქართულ რეალობაში.
– ახლა ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდით?
– როგორც წესი, ვიხდიდით არენდის თანხას. ზაფხულობით, ორი თვის განმავლობაში, როდესაც ბავშვები ისვენებდნენ, გადავავადებდით და სექტემბერ-ოქტომბერში, ერთიანად ვიხდიდით. იანვარ-თებერვლის არადადეგებზეც ვრჩებოდით ვალში, მაგრამ როგორც კი აღდგებოდა მუშაობა, მაშინვე ვასწორებდით დავალიანებას. შარშან, მარტიდან, ყველაფერი ჩაიკეტა პანდემიის გამო. გვეგონა, აღდგებოდა მუშაობა და იანვარ-თებერვლის თანხას შევიტანდით, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორც განვითარდა მოვლენები.
– საგასახადო შეღავათები თქვენზე არ გავრცელდა?
– არა. პასუხს ვერ გვაძლევენ, გვეუბნებიან, იანვარ-თებერვლის დავალიანება დაფარეთ და სხვაზე შემდეგ ვისაუბროთო. ვუხსნით, ერთი თეთრიც არ დაგვრჩა, როგორ გადავიხადოთ, მაშინ მუშაობის ნება დაგვრთეთო, რაზეც სასტიკ უარს ვიღებთ.
– თავად არენდატორს რომ შეუთანხმდეთ?
– შენობა ახალგაზრდობის სააგენტოს ეკუთვნის, მათგანაც პასუხი ვერ მივიღეთ. პრემიერთან გადაგვიმისამართეს. მივმართეთ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, ამხელა საქმეს ვაკეთებთ და იქნებ შეგვეხიდოთ, ჩამოგვაწეროთ ვალი, რომ ფუნქციონირება შევძლოთო, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია.
– ახლა, 1 მარტიდან ხომ გვპირდებიან შეზღუდვების მოხსნას?
-კიდეც რომ გაიხსნას, ვერ შევძლებთ წლის განმავლობაში დაგროვილი ვალის გადახდას. ამიტომ შევადგინეთ სამთავრობო პეტიცია, რომელსაც უკვე ჰყავს 10360 ხელმომწერი. აქედან – 300 პიროვნება ცნობილი საზოგადო მოღვაწეა. დღემდე ელოდებიან საქართველოს ბავშვები და მშობლები პრემიერის გადაწყვეტილებას.
-კონკრეტულად რას ითხოვთ?
– დროებით მფლობელობაში, არენდის გარეშე, გადმოეცეს შპს „ბასტი-ბუბუს“ ის ფართი, რომელიც აგერ უკვე 28 წელიწადია უჭირავს. იქ ადრე საბჭოთა სამხედრო მუზეუმი იყო. ჩვენ გავასუფთავეთ, აღვადგინეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ შენობას. მოვაწყვეთ პავილიონები, ფანჯრები გავჭერით, იატაკი დავაგეთ და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ფული ჩავდევით. ახლა კი, მხოლოდ რამდენიმე წლით ვთხოვთ არენდის შეწყვეტას, რათა ფინანსები აღვიდგინოთ, მაუწყებლობა განვაგრძოთ და საქართველოს ბავშვებს არ დავუკარგოთ ქართული ბრენდი „ბასტი-ბუბუ“ და მის მიერ ათწლეულობით დაგროვილი გამოცდილება.
– პეტიციის გაგზავნიდან რა დრო გავიდა?
– მარტში გავა სამი თვე, ანუ ამოიწურება პასუხის გაცემის ვადა. ჯერჯერობით, არსაიდან ხმა, არსით ძახილი. მოლოდინის რეჟიმში ვართ.
– ახლა სად იმყოფებით?
– ქართულ-ამერიკული სკოლის დრექტორმა დროებით დაგვითმო თავისი სკოლა. იქ გადავიტანეთ კომპიუტერები. საახალწლოდ პატარა კლიპებიც კი გავაკეთეთ. მართლაც, დიდია მოთხოვნა. ჯერჯერობით, უანგაროდ ვმუშაობთ, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს და სამომავლოდ თუკი არ იქნება სათანადო ხელშეწყობა, ვეღარ ვიარსებებთ. არადა, ყველა გვიჭერს მხარს, მთელი ქართული საზოგადოება. სხვათა შორის, ხელწერებიც შევიტანეთ გახარიასთან, ბევრმა პირადად სთხოვა. . . ალბათ არ არის ახლა ამის დრო. . .
– სწორედ ახლაა დრო, როდესაც ასიათასობით ქართველი ბავშვი მიჯაჭვულია ეკრანებს და უცხო ენით ანაცვლებს მშობლიურს. . .
– ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ყველა გვეხმარება, ანაზღურების გარეშე გვიკერავენ კოსტიუმებს, გვიღებენ კლიპებს, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება. . . მოგვიწევს გადასახადის გაზრდა და დარჩება „ბასტი-ბუბუ“ მხოლოდ შეძლებული ოჯახების კერძო სტუდიად, რაც ძალიან დასანანია, რადგან ამ ფორმატში არ დაბადებულა, ის ყველა ბავშვისთვისაა. არ შეიძლება პატარების დაყოფა ნიჭიერად და უნიჭოდ, ყველა მღერის, ცეკვავს, ვარჯიშობს. „ბასტი-ბუბუ“ ყველა მათგანს არგებდა გასაღებს და ანვითარებდა. დღეს პრობლემაა ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე გასართობი პროგრამების მიწოდება. ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ჩაატარა ექსპერიმენტი ჰიპერაქტიურ ბავშვებზე. მანვე დაამტკიცა, რომ ასეთ ბავშვებზე „ბასტი-ბუბუს“ ცეკვა სიმღერის გაკვეთილებს აქვს თერაპიული მნიშვნელობა და მედიკამენტებზე მეტად ხელს უწყობს პრობლემის დაძლევას.
– თუკი პრემიერმა გაითვალისწინა „ბასტი- ბუბუს“ თხოვნა, სამომავლოდ რას აპირებთ?
– ციფრული ხანა დაგვიდგა და კიდევ უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი. თუ არ ჩავდებთ ფულს ამ სფეროში, მაშინ ნუ გაგვიკვირდება უცხოურად ალაპარაკებული შვილები. ბავშვს იქ უნდა, სადაც ცივილიზაციაა. სამშობლოს კარგავენ მაშინ, როდესაც მშობლიურ ენას ვერ ეზიარებიან და სიყრმიდანვე უცხოურად ამეტყველებულ პერსონაჟებს ბაძავენ. ამაზე დიდი მტერი დღეს არ გვყავს. აუცილებელია, ჩვენი პატარებისთვის გადავიღოთ თანამედროვე ფილმები, შევქმნათ მათთვის მულტფილმები, გადაცემები, დავუწეროთ სიმღერები და ლექსები, მაშინ მასობრივად აღარ შეგვექმნება ფსიქოლოგიურად დათრგუნული, ენაარეული ბავშვების პრობლემა.
Pპ.ს იცით რა გამახსენდა? თურქეთში ძიძად მომუშავე მეგობარი ჩამერთო და გახარებულმა მომასმენინა მისი თურქი აღსაზრდელი გამართული ქართულით როგორ მღეროდა „გზაზე მირბის კურდღელი, თეთრი პრანჭია“. . .