სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება
ოთარ ცინარიძე 599 85 2114 –
კოვიდ-19-ის პანდემიამ, მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, სასწავლო პროცესზეც უარყოფითი გავლენა იქონია. ქვეყნის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გატარებული რეგულაციებით, რეგიონში საგრძნობლად იკლო ადამიანების როგორც დასნებოვნების, ისე გარდაცვალების შემთხვევებმა. ამიტომაც, ქვეყნის მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებს ნება მიეცათ, 1 თებერვლიდან, სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით წარმართონ. ეს რეკომენდაცია ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს რეგიონის განათლების სისტემის ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს.
სასწავლო პროცესის სათანადო მოზადებით დაწყება, მისი მიმდინარეობისას მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება, პედაგოგების, ტექნიკური პერსონალის სკრინინგი, მშობლების პასუხისმგებლობა, დისტანცია, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს იმ შეხვედრებზე, რომლებიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროს პასუხისმგებელ მუშაკებთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან, ხულოს, შუახევისა და ქედის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად სკოლების დირექტორებთან, რესურსცენტრების თანამშრომლებთან გამართა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა დაკომპლექტებულია პედაგოგებით, ყველგან ჩატარდა დეზინფექცია, სკოლებში მოწესრიგდა სველი წერტილები, მომარაგებული აქვთ პირბადეები როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
შუახევში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი მაია ხაჯიშვილს ვთხოვეთ: „დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული რგოლის ერთიანობა, რომ შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომელიც გვაქვს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რასაც საკოორდინაციო საბჭო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები გვიწესებენ.
შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის ტესტირებას. სასკოლო სივრცეში კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს წინასწარი პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომ პირველ თებერვალს ყველა სკოლაში ნორმალური გარემო დახვდეთ აღმზრდელებსა და მოსწავლეებს“.