ირაკლი ჩავლეიშვილი: არ მრცხვენია არაფრის, მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ჩაიდინა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
„ალტერანტივას” წევრი ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა ნაგვის ურნიდან ნარჩენები თავზე დააყარა. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
ირაკლი ჩავლეიშვილი პირველი და ამ დროისათვის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. მან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობაც დროებით შეიჩერა და დღეს უპარტიო დეპუტატის სტატუსითაა. სწორედ ეს გახდა აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზიც.
„მონა, მოღალატე, არ გაქვთ აქ გამოჩენის უფლება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციის მსვლელობისას ჩავლეიშვილს. „ის არის მოღალატე, რომელიც შეძვრა უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის ხმებით, მას არ აქვს უფლება, აქ მოვიდეს და რამე გააპროტესტოს“, – აცხადებდა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით კი მისთვის მიუღებელია იმ პარტიის პროტესტი, რომლის მმართველობის დროსაც „ბულვარის ოკუპაცია“ განხორციელდა. „ალტერნატივას” წარმომადგენლის საქციელს დამოუკიდებელი დეპუტატი ასე გამოეხმაურა. ,,არ მრცხვენია არაფრის. მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტსტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა, ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრუნდი, ჩემი ტოლი შემხვედროდა, საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემრჩა, რომელმაც არ იცოდა, რას აკეთებდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს. ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ. ერთმა ხატი გამოიტანა და ფეხებით შედგა – „ნახეთ რამე თუ მიქნას ხატმაო”, მღვდელმა უთხრა – ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, გაგაგიჟა, საწყალოო. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩვენ ასეთი სახელმწიფო ნამდვილად არ გვინდა. იმაზე, რაც ხდება და ამ ახალგაზრდებს აგულიანებს, ცხადია, პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მრცხვენია არაფრის, მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ჩაიდინა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგდოება შეაფასებს,” – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეფასებით პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება. „პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას,” – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე მიიჩნევს, რომ საკითხს აქვს როგორც მორალური, ასევე სამართლებრივ-პოლიტიკური მხარე.
,,ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შესვლით არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, ბლოკის ან ოპოზიციის, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის ნებას დაუპირისპირდა, ვისი უშუალო მოთხოვნაც იყო გაყალბებული არჩევნების არაღიარება. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების მიმართ მხარდამჭერთა ნეგატიური დამოკიდებულება ლოგიკურია.
ირაკლი ფანგანის მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა შესაძლებელია მიუღებელი იყოს, თუმცა ამას წინ ზემოაღნიშნული ასპექტი უძღოდა. მიუხედავად პროტესტის გამოხატვის ფორმის არაერთგვაროვანი შეფასებისა, ხელისუფლებამ ირაკლი ფანგანს სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყო და დააკავა. ეს ყოველივე ზღვარს სცილდება, რადგან მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა მხარდამჭერის მოქმედებაში ვერ იკითხება სისხლის სამართლის დანაშაული. ხელისუფლება, ჩვეულ სტილში, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, იყენებს რა თავის მიერ დამკვიდრებულ შერჩევით სამართალს “, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
ირაკლი ფანგანი ინციდენტის მეორე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს“ , – ნათქვამია შსს -ს ინფორმაციაში.
როგორც ცნობილი გახდა, ფანგანის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ესწრებოდა. ის ამ ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს.
,,ირაკლი ფანგანი მოსამართლის განჩინებით დაკავებულია 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოსს უთხრას, ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორედ ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში, როცა კრიმინალია ქვეყანაში, ძარცვა და ესებუას ფაქტია და პოლიცია იმაზე არ ზრუნავს. ეს იყო პოლიტიკური აქტი. არავინ გაექცეოდა პასუხისმგებლობას. დამალვა არავის სჭირდებოდა, მივიდოდა გამოკითხვაზე. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმსჯელოთ, რამ გამოიწვია“, – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
გუშინვე, ირაკლი ფანგანის დაჭერას, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა და ეს არის შერჩევითი სამართალი.
„ადამიანებმა, ახალგაზრდებმა გუშინ გამოხატეს პროტესტი, რომელიც იყო ძალიან რადიკალური, რომელიც ვიღაცისთვის მოსაწონია და ვიღაცისთვის – არა. მე პოზიცია დავაფიქსირე, რომ პირადად ჩემთვის ეს ფორმა მოსაწონი არ იყო, მაგრამ ამის გამო ადამიანების დაკავება დაუშვებელია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში გვაქვს მსგავსი უამრავი მაგალითი. გიგა მაქარაშვილს გორში ზუსტად ანალოგიურად, საჯარო მოხელემ ნაგვის ურნა ჩამოაფარა თავზე, მაგრამ ეს ადამიანი ერთი წამით არ დაუკავებიათ და დღეს ეს ადამიანი თავისუფლად დადის’’, – აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი მირდატ ქამადაძე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მსგავსად, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაუმორჩილებლობის აქციას დედაქალაქში მართავენ, ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ და შერჩევით სამართალზე საუბრობდნენ. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, უნდა დაიწყოს ბრძოლა სამართლის უზენაესობისთვის.
,,დევნის საფუძველზე ირაკლი ფანგანის დაჭერა ნიშნავს ერთადერთ რამეს თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, რომ ყველას, ვინც შეაწუხებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მოღალატეებს, ვინც პოლიტიკოსებად იწოდებიან, ვინც გავა საპროტესტო აქციაზე, ნებისმიერი ჩვენგანის წინააღმდეგ დევნის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. „ქართული ოცნება“ კანონის უზენაესობის სახელით ცდილობს ქვეყანაში დაასამაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და დაამკვიდროს დიქტატურა. კანონის უზენაესობის დრო დასრულდა, ახლა უნდა დავიწყოთ ბრძოლა სამართლის უზენაესობისთვის”, – განაცხადა ფარულავამ.
ბათუმში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არასდროს შეიცვლება. „ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოსდა ემიჯნება ამ უმსგავსობას, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა ადამიანმა, მაგრამ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც გააჩნდა „ნაცმოძრაობას“, სწორედ ის იყო, რომელიც არასდროს შეიცვლება, მათი ხელწერა არ შეიცვლება. დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღად, უნდათ, ხვალ ხელში ჰქონდეთ გაცილებით მძლავრი იარაღი, ხელკეტი და სხვა ატრიბუტიკა, რომელიც გააჩნდათ და ადვილად იყენებდნენ ადამიანების საწამებლად. ასე რომ, როგორც სადისტური მართვა გამართლებულია, ისევე ამართლებენ დღეს თუნდაც აი, ამ უტიფარ გამოვლინებას. ეს არის ის მეთოდი, რომელსაც ვერასდროს მოიშლის, დღეს ნაგავი აქვთ ხელთ, სასტვენი, ბოქლომი და ხვალ უნდათ, გაცილებით მძიმე იარაღი აიღონ ხელში, ვინაიდან პროცესების მიმართ სხვანაირი მართვა და დამოკიდებულება მათ არ გააჩნიათ“, – აცხადებს გია ვოლსკი.
ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ, დღეს, გათავისუფლდა. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ,,სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.