პრემიერ-მინისტრმა მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს. მებაჟეებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიულოცა. მისი თქმით, მათი 24-საათიანი მუშაობა უაღრესად დასაფასებელია და მადლობა გადაუხადა.
,, დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, აქტიურად იყო ჩართული ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში., გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს, ეპიდემიის, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში და ეს არის უკიდურესად დასაფასებელი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისთვის და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.