ტურისტულ კომპანიებს დაეხმარებიან, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მიიღონ
ხატია იაშვილი 55518 58 88 –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის 30-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე 2021 წელს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში თანამონაწილეობის საკითხი განიხილეს, რომლის ხარჯების ნაწილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აანაზღაურებს.
საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (დუბაი, მადრიდი, თელ-ავივი, ლონდონი, ბარსელონა, ვარშავა) მიიღებს მონაწილეობას.
6 საერთაშორისო გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი – ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.
B ბერლინის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
2023 წელს კი საქართველო ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც უდიდიესი საერთაშორისო აღიარებაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ. ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.
„მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან იწყება ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია, მაგალითად: ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე, საქართველო შეძლებს , ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ უმასპინძლოს ტურისტების უფრო დიდ რაოდენობას.

